დედამიწაზე მეექვსე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს — ახალ კვლევას მტკიცებულებები აქვს
დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ისტორია უკვე ხუთ მასობრივ გადაშენებას ითვლის. მაშინ ეს დრამატული ცვლილება ბუნებრივ, ექსტრემალურ ფენომენებს უკავშირდებოდა. დღეისათვის, არაერთი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ მასობრივი გადაშენების კრიზისი ძალიან ახლოსაა, თუმცა ამჯერად, ის ადამიანების მიერაა გამოწვეული.
მასობრივ გადაშენებასთან დაკავშირებული კვლევა ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში Biological Reviews, სადაც მანოას ჰავაის უნივერსიტეტეტისა და პარიზის ეროვნული ისტორიის მუზეუმის ბიოლოგები მიმდინარე მდგომარეობას აფასებენ.
"სახეობათა გადაშენების მკვეთრად გაზრდილი ტემპი და მრავალი ცხოველისა და მცენარის პოპულაციის სიმრავლის კლება კარგად არის დოკუმენტირებული, თუმცა ზოგიერთი ჯერ კიდევ უარყოფს, რომ ეს ფენომენი მასობრივ გადაშენებას უკავშირდება", — თქვა რობერტ ქოუიმ, კვლევის წამყვანმა ავტორმა, პროფესორმა UH Mānoa Pacific Biosciences-ში და მკვლევარმა ოკეანის, დედამიწის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის (SOEST) კვლევით ცენტრში. "ეს უარყოფა ეფუძნება კრიზისთან დაკავშირებულ მიკერძოებულ შეხედულებას, რომელიც ფოკუსირებულია ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზე და უგულებელყოფს უხერხემლოებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან უმრავლესობას შეადგენენ", — დასძინა მან.
სახმელეთო ლოკოკინებისა და ლოქორების შესახებ მიღებული შეფასებების ექსტრაპოლაციით (მოვლენის ერთ ნაწილზე დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნების გავრცელება მის მეორე ნაწილზე), ქოუიმ და კვლევის თანაავტორებმა დაასკვნეს, რომ 1500 წლის შემდეგ, დედამიწას უკვე შეეძლო დაეკარგა მასზე მობინადრე ორი მილიონი სახეობის 7.5%-დან 13%-მდე. ეს, 1500 წლიდან დღემდე 150 000-დან 260 000-მდე სახეობის გაქრობაზე მეტყველებს.
"კვლევაში უხერხემლოების ჩართვა უმთავრესი იყო იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენ დედამიწის ისტორიაში მეექვსე მასობრივი გადაშენების დაწყების მოწმენი ვართ", — თქვა ქოუიმ.
მიუხედავად ამ დასკვნისა და მტკიცებულებებისა, სიტუაცია ყველგან ერთნაირი არ არის. ზღვაში მობინადრე სახეობებს მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრებათ, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ მასობრივი გადაშენების კრიზისი ოკეანეებზე ისევე ახდენს გავლენას, როგორც ხმელეთზე. აღსანიშნავია, რომ კუნძულზე მობინადრე სახეობები უფრო არიან საფრთხის ქვეშ, ვიდრე კონტინენტებზე მობინადრეები. ასევე, მცენარეების გადაშენების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ხმელეთის ცხოველების.
სამწუხაროდ, მეცნიერების უარყოფის ტენდენციას მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ და არც მეექვსე გადაშენების კრიზისია ამ კუთხით გამონაკლისი. ახალ კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ ზოგი ადამიანი მეექვსე გადაშენების დაწყებას უარყოფს, ადამიანთა ნაწილი კი მას აღიქვამს როგორც ახალ და ბუნევრივ ევოლუციურ ტრაექტორიას, რადგან ადამიანიც არის დედამიწაზე მცხოვრები სახეობა, რომელიც თავის ბუნებრივ კვალს ტოვებს დედამიწის ისტორიაში. ზოგის აზრით კი ბიომრავალფეროვნება მხოლოდ ადამიანის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ვის მიერ ისაზღვრება, რა არის კეთილდღეობა?
"ადამიანი ერთადერთი სახეობაა, რომელსაც ბიოსფეროზე მასშტაბური მანიპულირება შეუძლია. ჩვენ მხოლოდ სხვა სახეობა არ ვართ, რომელიც გარემოს გავლენის საპასუხოდ ვითარდება, არამედ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელსაც კაცობრიობისა და დედამიწის ბიომრავალფეროვნების მომავალთან დაკავშირებით გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება შეუძლია", — ამბობს რობერტ ქოუი.
ამ კრიზისთან საბრძოლველად კონსერვაციის სხვადასხვა ინიციატივები წარმატებული იყო გარკვეული ცხოველებისთვის. მაგრამ ეს ინიციატივები სახეობათა გადაშენების საერთო ტრენდს ვერ შემოაბრუნებს და ვერც ყველა სახეობაზე გავრცელდება. ამის მიუხედავად, აუცილებელია ამ ტიპის ინიციატივების გაგრძელება – ბუნების კულტივირება და ბიომრავალფეროვნების დოკუმენტირება მანამ, სანამ ის გაქრება.
ასევე იხილეთ: ბრიტანელი პალეონტოლოგის აზრით, ადამიანთა მოდგმა მალე გადაშენდება
"მიუხედავად კრიზისის სიმძიმის შესახებ რიტორიკის არსებობისა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოსასწორებელი გადაწყვეტილებები არსებობს და გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღების ცენტრში მათ მოქცევასაც ვცდილობთ, აშკარაა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ნება აკლია”, — თქვა ქოუიმ. "კრიზისის უარყოფა, მისი რეაგირების გარეშე დატოვება, ან თუნდაც მისი წახალისება კაცობრიობის პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, გზას უხსნის დედამიწას, მიჰყვეს სამწუხარო ტრაექტორიას მეექვსე მასობრივი გადაშენებისკენ."
კომენტარები