აზერბაიჯანში შეწყალებულ 801 ადამიანში მხოლოდ ორი პოლიტიკური აქტივისტია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის, თავისი მამისა და აზერბაიჯანის წინა პრეზიდენტის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 801 ადამიანი შეიწყალა.
ორშაბათის შეწყალება აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.
801 შეწყალებულიდან 463 პირი ციხიდან გათავისუფლდა, 220-ს სასჯელი გაუნახევრდა, 118-ს კი თავისუფლების აღკვეთის სხვა ფორმები მოეხსნა: იგულისხმება გამოსასწორებელი სამუშაოები, უფლებების შეზღუდვა, ჯარიმა და პირობითი მსჯავრი.
შეწყალებულთა შორის იყვნენ 2017 წლის ტერტერის სამხედრო ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული პირები (ოთხი პირი). ასევე შეწყალება შეეხო 2018 წელს განჯაში, მერის მკვლელობის მცდელობის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ორ პირს.
უფლებადამცველებისა და ოპოზიციის ლიდერების შეფასებით, შეწყალებული მოქალაქეებიდან მხოლოდ ორს შეგვიძლია ვუწოდოთ პოლიტპატიმარი: ალი ალიევს, სამოქალაქო და განვითარების პარტიის ლიდერს და ელჩინ მამადს, უფლებადამცველს სუმგაითიდან.
შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა ათობით ჟურნალისტი, ბლოგერი, რელიგიური თუ პოლიტიკური აქტივისტი, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო დააკავეს. მათ შორის, ის აქტივისტები, რომლებიც ოპოზიციურ სახალხო ფრონტთან არიან დაკავშირებულები.
ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ალი კარიმლის თქმით, 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ციხეში რჩება და ეს გადაწყვეტილება "საზოგადოების უპატივცემულობაა".
"პირველ რიგში, თუ ამ პერიოდში შეწყალება იგეგმებოდა, ეს უნდა ყოფილიყო 28 მაისს — ჩვენი სახელმწიფოს დაარსებიდან 105 წლის თავზე", — წერს კარიმლი, — "როგორ შეიძლება სახელმწიფოს დაარსების დღეს მამის იუბილე ამჯობინო? ეს გადაწყვეტილება იმის ნათელი მაგალითია, რომ პრეზიდენტისათვის ოჯახის ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დგას".
მან ასევე თქვა, რომ მხოლოდ ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება "იმის დემონსტრაცია იყო, რომ რეჟიმი რეპრესიების პოლიტიკის ერთგული რჩება".
"ამნისტიის ამ დადგენილებამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთი საერთაშორისო წრის მიდგომა, რომ ალიევისთვის ტაშის დაკვრით პროგრესული რეფორმების მხარდაჭერა შესაძლებელი იყო, მცდარი აღმოჩნდა", — ასკვნის კარიმლი.
8 მაისს აზერბაიჯანში ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა იმ აზერბაიჯანელების შეწყალება, რომლებიც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამავე მიზეზით დაკავებული უამრავი ადამიანი ისევ ციხეში რჩება.
"მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, გაათავისუფლოს ეს პირები საერთაშორისო ვალდებულებებისა და ქვეყნის კონსტიტუციის წინაშე ვალდებულებებიდან გამომდინარე და გადადგას დამატებითი ნაბიჯები თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებების დასაცავად", — ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანში შეწყალების ბრძანებას ბოლოს 2022 წლის 27 მაისს მოეწერა ხელი, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მაშინ პრეზიდენტმა 213 პირი შეიწყალა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები