წამლის მოლოდინში — ინტერვიუ მაკუნა გოჩიაშვილთან
უკვე მე-17 დღეა, რაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ, ყოველ ღამეს მორიგეობენ და სახელმწიფოსგან საკუთარი შვილებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წამლის, ვოსორიტიდის დაფინანსებას ითხოვენ.
ამ დროის განმავლობაში გახდნენ უამრავი დეზინფორმაციისა და ცილისმწამებლური თავდასხმის ობიექტები, თუმცა დედები მტკიცედ, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები, ჯიუტად ითხოვენ, სახელმწიფომ შეასრულოს საკუთარი ვალდებულება და ბავშვებს მიაწოდოს მათთვის აუცილებელი, აშშ-სა და ევროკავშირში ლიცენზირებული ერთადერთი მედიკამენტი — ვოსორიტიდი.
რამდენიმედღიანი უყურადღებობისშემდეგ, ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო დათანხმდა სამუშაო ჯგუფში მშობლების მონაწილეობის მოთხოვნას, პირველი შეხვედრა 5 მაისს არის ჩანიშნული. რა პროცესი იწყება ახლა, რა მოლოდინი და გეგმები აქვთ მშობლებს, ამის შესახებ ერთ-ერთ დედას, მაკუნა გოჩიაშვილს ვესაუბრეთ.
მაკუნა, რა პროცესში ხართ ახლა, ვიცით, რომ გეგმავთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას, თუმცა აგრძელებთ უწყვეტ პროტესტსაც.
კი, შეიძლება ითქვას, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯი და დათანხმდა ჩვენს ჩასმას სამუშაო ჯგუფში, ეს მაინც არ გვაძლევს ბოლომდე სიმშვიდის საშუალებას, რადგან ამ პროცესში ერთხელ უკვე ნამყოფები ვართ. გამოცდილება არ გვაძლევს მოდუნების და სახლში მშვიდად წასვლის შესაძლებლობას.
რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ რაღაც წინსვლა გვაქვს, თუმცა სანამ საქმით არ დამტკიცდება, რომ ჩვენს შვილებს წამალი ექნებათ, იქამდე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პროტესტს კანცელარიასთან. იმ გეგმას, რომელიც არსებობს და უკვე ვთქვით, რომ სწორი გეგმაა, განხორციელებაც სჭირდება, მხოლოდ დაპირების იმედად ვერ ვიქნებით.
რა შეიცვალა ჯანდაცვის სამინისტროს დამოკიდებულებაში თქვენდამი?
ჩვენ შემოდგომიდან ვიყავით დიალოგის რეჟიმში, თუმცა შემდეგ ეს დიალოგი გადაიზარდა სრულ იგნორში. სწორედ ამ იგნორის შემდეგ დავიწყეთ პროტესტი, რასაც მოჰყვა ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა, თითქოს ეს მედიკამენტი არ იყო უსაფრთხო ან ლიცენზირებული, თითქოს ჩვენ გვინდოდა ჩვენს შვილებზე ექსპერიმენტის ჩატარება, თითქოს ჩვენ ვართ მართულები სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ და ასე შემდეგ.
ეს რიტორიკა ამ ეტაპზე შეცვლილია, რადგან მოვახერხეთ და ყველა ამ ბრალდებას ვუპასუხეთ ფაქტებით. არა მხოლოდ ჩვენ, მშობლებმა, არამედ ექიმებმაც დაადასტურეს, რომ მედიკამენტი არის ერთადერთი, კრიტიკულად აუცილებელი საშუალება ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის, იმდენი სარწმუნო წყარო ადასტურებს ამ ფაქტს, რომ ეს ბრალდებები ბოლო პერიოდში აღარ ჟღერდება და შეწყდა მედიკამენტის საეჭვოობაზე აპელირება. ამას გარდა, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის და ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ამ პროცესში, საზოგადოების მხარდაჭერით.
რა ხდება ახლა? 5 მაისს გაქვთ პირველი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რა უნდა განიხილოთ ამ შეხვედრაზე?
ამ შეხვედრას დაესწრებიან, ასევე, ექიმებიც, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც და მოხდება პროტოკოლის განხილვა, რომლითაც უნდა შემოიტანონ საქართველოში ეს მედიკამენტი. როდესაც არის ხოლმე საუბარი, რა ნაბიჯებია საჭირო ქვეყანაში წამლის შემოსატანად, ამ ჩამონათვალში ყოველთვის არის გამოკვეთილი ფინანსთა სამინისტროს როლიც, ამიტომ გვაქვს განცდა, რომ მათაც უნდა დააფიქსირონ მზაობა მედიკამენტის შემოტანაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მათგან ჯერ პირდაპირი დაპირება არ მიგვიღია, მოსმენილი გვაქვს პრემიერის სიტყვები, როცა მან თქვა, რომ ფინანსები არ არის პრობლემა. ხუთი მაისის შეხვედრაზე მოლოდინი გვაქვს, რომ საქმე დაიძვრება რეალურად და ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს არის პროგრამა მინიმუმი, რომლითაც დავინახავთ, რომ მათ ნამდვილად აქვთ მზაობა, დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნა და დაიწყონ ამაზე ზრუნვა.
რა არის ის მაქსიმუმი, რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგცემთ?
როცა ვნახავთ ბიომარინსა (წამლის მწარმოებელი კომპანია) და ჯანდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, კონკრეტულ თარიღში მედიკამენტის შემოტანის შესახებ, მაშინ მივცემთ თავს მშვიდად ყოფნის საშუალებას. იქამდე ვაგრძელებთ უწყვეტ პროტესტს. თანაც, ეს აქცია ჩვენ თვითონ არ გვაძლევს მოდუნების შესაძლებლობას, ყოველდღე აქ ყოფნა გვიძლიერებს საკუთარი თავის რწმენას და გვამყოფებს შემართული სულისკვეთებით.
ასევე, მადლიერი ვარ საზოგადოების, რომლისგანაც უდიდეს მხარდაჭერას და გულშემატკივრობას ვგრძნობ. თითქოს ჩვენს პულსზე უდევთ ხელი და ჩვენთან ერთად განიცდიან ყველა ეტაპს, სწორედ ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი ყველა ნაბიჯი გავაცნო საზოგადოებას და ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალე გავხადო.
კომენტარები