შესაძლოა, მიკროპლასტმასების შესუნთქვა სასქესო ჰორმონებზე უარყოფითად მოქმედებდეს
ახალი კვლევის თანახმად, პლასტმასის შესუნთქვამ სასქესო ჰორმონებზე შეიძლება იქონიოს გავლენა — ცდის ფარგლებში ნეილონის მიკრო- და ნანონაწილაკების (MNP-ები) შესუნთქვამ მდედრ ვირთხებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. მიგნებები მიანიშნებს, რომ ჰორმონებზე არამხოლოდ შედარებით ახალი დანამატები შეიძლება მოქმედებდეს, არამედ თავად პლასტმასაც.
მიკროპლასტმასები ყველგანაა და ვერსად გავექცევით. პლასტმასას ყოფითი ცხოვრების ყველა ასპექტში ვიყენებთ, შედეგად კი მისი მიკრო- და ნანონაწილაკები უკვე მსოფლიოს ყოველ წერტილსა თუ ცოცხალ არსებას მოედო.
იხილეთ: ისტორიაში პირველად, ადამიანის რძეში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
ასეთი ნაწილაკები ადამიანის ორგანიზმში სასმელი წყლიდანაც შეიძლება მოხვდეს — პლასტმასის ბოთლების ანდა საკვების შესაფუთი მასალების გამო.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პლასტმასა პოლიამიდია, იგივე ნეილონი. მას ტანსაცმლის, მანქანის საბურავების, საფუთავი მასალებისა და უამრავი სხვა პროდუქტის წარმოებისას იყენებენ. შესაბამისად, მისგან თავის არიდება თითქმის შეუძლებელია. სულაც არაა გასაკვირი, რომ სამეცნიერო საზოგადოებაში თანდათან მატულობს შეშფოთება იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის პოლიამიდს შეიძლება ვსუნთქავდეთ.
მიუხედავად ამისა, ჩვენს ჯანმრთელობაზე MNP-ების ზემოქმედება ჯერჯერობით კარგად არაა შესწავლილი. ამ მიზნით რუტგერსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ვირთხებს პოლიამიდის ფხვნილი შეასუნთქეს და მის ზემოქმედებას დააკვირდნენ.
კვლევებში მიკროპლასტმასებს უმეტესად პირდაპირ უშვებენ სხეულში, ამიტომ მეცნიერებმა ახლებური მეთოდი შეიმუშავეს. მათ ნეილონის ფხვნილი ბას-სპიკერზე მოათავსეს, მისმა ვიბრირებამ კი ძალიან მცირე ზომის ნაწილაკები ჰაერში მიმოაფრქვია. ჰაერის ნაკადმა ნაწილაკები სითბოში მყოფ მდედრ ვირთხებამდე მიიტანა, სადაც ისინი 24 საათის განმავლობაში დარჩნენ.
შედეგებმა აჩვენა, რომ შესუნთქვის შემდეგ ვირთხებში სისხლის წნევამ აიწია; შესუსტდა სისხლძარღვების გაფართოება; შემცირდა რეპროდუქციული ჰორმონის, 17 ბეტა-ესტრადიოლის, რაოდენობა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ MNP-ების შესუნთქვამ ენდოკრინული ფუნქციონირება შეაფერხა.
საგულისხმოა, რომ ვირთხების სხეულებში დაფიქსირდა სისტემური ანთებაც. მართალია, მკვლევრები ფილტვების პრობლემებსაც მოელოდნენ, თუმცა მსგავსი რამ არ გამოვლენილა.
ნაშრომის ავტორებს იმედი აქვთ, რომ პლასტმასის აეროზოლად ქცევის მათეულ მეთოდს სამომავლო კვლევებშიც გამოიყენებენ, რათა ჩვენს ორგანიზმზე ამგვარი ნაწილაკების გავლენა უკეთ შევისწავლოთ.
კვლევას ჟურნალში Particle and Fibre Toxicology გაეცნობით.
კომენტარები