ისტორიაში პირველად, ადამიანის რძეში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
მიკროპლასტმასა უკვე ყველგანაა. ის ადამიანის სისხლში, ფილტვებსა და ჩანასახის პლაცენტაშიც აღმოაჩინეს. ახლა კი ამ ჩამონათვალს დედის რძეც შეემატა. მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას ახდენს ეს ნაწილაკები ზრდასრულების ან ბავშვების ჯანმრთელობაზე, თუმცა ის, რომ მიკროპლასტმასა ასეა გავრცელებული, საყურადღებო ფაქტად მიაჩნიათ.
იტალიელმა სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში 34 ჯანმრთელი ქალის რძის ნიმუშები მათი მშობიარობიდან 1 კვირის შემდეგ აიღეს, რათა შეემოწმებინათ, რამდენად შეიცავდა ის მიკროპლასტმასას. შედეგად, მსგავს ნაწილაკებს ნიმუშების 75%-ში მიაგნეს, რაც საკვლევი ჯგუფის რაოდენობრივი სიმცირიდან გამომდინარე, საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელია.
ასევე, იხილეთ: საგანგაშო სტატისტიკა — ჩვენს ორგანიზმში ყოველკვირეულად უამრავი მიკროპლასტმასა ხვდება
მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ქალების ყოველდღიური ცხოვრების სტილისა და მათ რძეში მიკროპლასტმასას მოხვედრას შორის კავშირი არ გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ ასეთი "დაბინძურების" რისკის წინაშე ყველანი ვართ.
მკვლევრები ხაზგასმით აცხადებენ, რომ უკანასკნელი მიგნების გამო დედებმა ძუძუთი კვებაზე უარი არ უნდა თქვან, მითუმეტეს, რომ მიკროპლასტმასას რძის ბოთლებიც გამოყოფს. ავტორები მეძუძურ ქალებს ურჩევენ, რომ ორსულობისა და ლაქტაციის განმავლობაში ეცადონ, "დაბინძურების" ნებისმიერი წყაროსგან თავი შორს დაიჭირონ.
"უნდა აღინიშნოს, რომ ძუძუთი კვების უპირატესობები რძეში მიკროპლასტმასას არსებობით გამოწვეულ პოტენციურ ზიანს დიდად აღემატება", — ამბობენ ისინი და დასძენენ, რომ პატარების ჯანმრთელობაზე მსგავსი ნაწილაკების გავლენის შესწავლა პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Polymers გამოქვეყნდა.
კომენტარები