30 მაისს გამოქვეყნდა თქვენი წერილი. მიმოიხილავთ საკუთარ ხედვას წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ჩემთვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი შეხედულება ეკონომიკაზე. იმიტომ რომ არ მოიძებნება ადამიანი ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ქართული ოცნებისთვის თქვენი აზრი არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია და გარდაიქმნება წინასაარჩევნო პროგრამად.
სწორედ ეკონომიკური პრობლემების დაძლევაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, წერილის გამოქვეყნებიდან ერთი კვირა გავიდა და ჯერ ვერ მოვისმინე ვერც ერთი დაინტერესებული თუ დაუინტერესებელი მხარისგან რაიმე რაციონალური არგუმენტაცია იმ ეკონომიკური რეალობის საწინააღმდეგოდ, რომელიც თქვენ დახატეთ წერილში. არადა, ვფიქრობ საჭიროა, რადგან რეალობა განსხვავებულია.
შევეცდები თანმიმდევრულად გიპასუხოთ:
„ბიზნესი გათავისუფლდა სახელმწიფო წნეხისგან“
მართალია. სამართალდამცავი სტრუქტურების დამოკიდებულება ბიზნესთან მიმართებაში კარდინალურად შეცვლილია. არავინ საუბრობს რაიმე პრობლემაზე. თუმცა, ბევრი გამოთქვამს პრეტენზიას შემოსავლების სამსახურის აღვირახსნილობაზე, ყადაღის, ინკასოს და იპოთეკის არაპროპორციულ გამოყენებაზე. სანამ მთავრობისთვის უფრო მნიშვნელოვანია ბიუჯეტის შევსება, ვიდრე თუნდაც ერთი სამუშაო ადგილი, რომელიც ასეთი პოლიტიკის შედეგად იკარგება, მანამდე ეკონომიკა სწრაფად ვერ გაიზრდება.
აუცილებელია გადასახადის გადამხდელი და მთავრობა თანაბარ პირობებში იყვნენ. ამისათვის კი ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი:
1. იმისთვის რომ გადასახადის გადამხდელს არ ეშინოდეს, საჭიროა ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია;
2. გადამხდელის და მთავრობის საგადასახადო დავას კერძო მიუკერძოებელი არბიტრი უნდა იხილავდეს. ასეთი მიდგომა იქნება გადასახადის გადამხდელის სიმშვიდის გარანტია.
„მთავრობისთვის პრიორიტეტი გახდა ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომლის შედეგებიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისთვის“
ვინც ასეთი ტექსტის დაწერაში გეხმარებათ, შეიძლება კარგად იცოდეს რთული პროცენტის გამოთვლა, მაგრამ არ ესმის რას წერს. ასეთი ეკონომიკური ზრდა ბუნებაში არ არსებობს და ამიტომ მთავრობის პრიორიტეტი ვერ იქნება.
წარმოიდგინეთ ხალხი ღარიბ, საშუალო და შეძლებულ ფენად. თუ ოჯახი მდიდრდება ის ქვედა ფენიდან ზედა ფენაში გადადის, ხოლო თუ ღარიბდება პირიქით. თუ დღეს ღარიბი და მდიდარი ოჯახის შემოსავალი 10-ჯერ განსხვავებულია მთავრობის მიზანი შეიძლება იყოს ღარიბების შემოსავლის 10-ჯერ გაზრდა. ხოლო თუ იგივე პერიოდში მდიდარი ოჯახის შემოსავალი 20-ჯერ გაიზრდება ამან შეიძლება მხოლოდ გაგვახაროს.
ამიტომ თუ მთავრობის მიზანი კონკრეტულ მომენტში ღარიბი ფენის დახმარებაა, ამისთვის მთავრობას აქვს დოვლათის გადანაწილების (ე.წ. სოციალური) სისტემა. ეს სისტემა კი ცუდად მუშაობს და შეძლებულ ფენას უფრო მეტ ფულს აძლევს ვიდრე ღარიბს.
საჭიროა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ხოლო საკუთარი შრომით ვინ და რამდენით გამდიდრდება ეს მთავრობის საქმე არ არის.
„სოფლის მეურნეობა“
ფაქტია, რომ დედამიწაზე არ არსებობს არც ერთი განვითარებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობის შემოსავლის 4%-ზე მეტს და არც ერთი ღარიბი ქვეყანა, რომლის შემოსავლის 10% ნაკლებს სოფლის მეურნეობა შეადგენდეს. ჩვენი შემოსავლის 9% სოფლის მეურნეობაა. ახლა უნდა გადავწყვიტოთ რომელი ქვეყნებისკენ გვინდა ვიმოძრაოთ.
მთავრობამ 2013-2015 წლებში გაჭირვებული ხალხის გადახდილი 755 მილიონი ლარი ისროლა სოფლის მეურნეობაში! რა შედეგი მივიღეთ? 2012 წელთან შედარებით 2016 წელს სოფლის მეურნეობის გამოშვება ჯამში გაზრდილია 585 მილიონი ლარით. ანუ, 755 მილიონი დავხარჯეთ და გამოშვება გაიზარდა 585 მილიონით.
1 ლარი საჭმლის შესაქმნელად დახარჯული გვაქვს 1.29 ლარი განათლებაში, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში შექმნილი დოვლათი. თქვენი მთავრობის აზრით ეს იმის ბრალია, რომ ხეები დარგეთ და უნდა დაელოდოთ რამდენიმე წელი რომ მოისხას.
კითხვა - საკუთარი ფულით გარისკავდით ასეთ ინვესტიციას?
ამიტომ დროა დასრულდეს ამ ქვეყანაში ორი დიდი და მოქალაქეებისთვის ძვირი ტყუილი: ერთი რომ საქართველო „აგრარული ქვეყანაა“ და მეორე - სოფლის მეურნეობაში ბიუჯეტიდან ფულის ყრით აგრარული სექტორი „განვითარდება“.
2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაქვთ ნათქვამი რომ სოფლის მეურნეობის დაკრედიტება ბიზნეს პროექტი არ არის და მას სოციალური ხასიათი აქვსო. გეთანხმებით რომ სოფლად მცხოვრები ოჯახებს ქალაქში მცხოვრებლებზე 7-ჯერ ნაკლები შემოსავალი აქვთ.
ამიტომ უნდა შეიცვალოს სოციალური სისტემა და ბიუჯეტის ფული ღარიბ ოჯახებს მოხმარდეს მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.
საყოველთაო ჯანდაცვა და C ჰეპატიტის პროგრამა
C ჰეპატიტის პროგრამა არის ძალიან კარგი და ცალსახად მთავრობა შესაქებია მისი ამოქმედებისთვის.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის არასწორი და მის მხოლოდ პოზიტიურ შედეგებზე საუბარი და ნეგატიურზე თვალის დახუჭვა სერიოზული საფრთხის შემცველია. დაწყებიდან პროგრამის დაფინანსება უკვე თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და ყოველ წელს მოითხოვს სულ უფრო მეტ ფულს. ფულს რომელიც არ გვაქვს.
ამის შედეგია ფასების ზრდა, რომელიც უსწრებს ფასების ზრდას ეკონომიკის ყველა სხვა სფეროში. ფასების ზრდამ განსაკუთრებულად დააზარალა ღარიბი ოჯახები, რადგან მათთვის ის რასაც მთავრობა არ აფინანსებს კატასტროფული ხარჯია და კვლავ სახლ-კარის გაყიდვა და სესხის აღება უწევთ. ასევე დაზარალდნენ შეძლებული ოჯახები რადგან საკუთარი მომსახურების გაძვირებულ ფულს თვითონ იხდიან. ერთადერთი ვინც ჯერ კიდევ კმაყოფილია ეს საშუალო ფენაა. თუ დროულად რამე არ ვიღონეთ კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.
ზოგადად საყოველთაობის პრინციპია მცდარი. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს არა ყველას, არამედ იმათ ვისაც თავის მიხედვა თვითონ არ შეუძლია. ასეთი მიდგომით გაჭირვებულების დახმარება იქნება გაცილებით საგრძნობი და ეფექტური.
სამედიცინო ბიზნესისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ბიუჯეტის ფულის შეუზღუდავი შესრუტვის მექანიზმია. ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეს ხარისხის გაუმჯობესებასა და ფასების შემცირებაზე (რაც ბუნებრივად ხდება კონკურენტულ ბაზარზე), ცდილობს რაც შეიძლება მეტი ფული გამოწოვოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაწესებულების მენეჯერი და ექიმი ნაცვლად ადამიანის განკურნებაზე და ხარჯების დაზოგვაზე ზრუნვისა, მოწადინებულები არიან რაც შეიძლება მეტი სამედიცინო მანიპულაცია ჩაატარონ (საჭიროების არ არსებობის შემთხვევაშიც კი) და არც სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებას ერიდებიან ბიუჯეტიდან მეტი ფულის მიღების მიზნით.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სისტემა არა უბრალოდ გაანადგურებს სამედიცინო სფეროს, არამედ დააქცევს ქვეყნის ეკონომიკასაც. ამიტომ საჭიროა მოხდეს ორი მნიშვნელოვანი ცვლილება:
1. პროგრამა უნდა გახდეს მიზნობრივი. ეს ნიშნავს ღარიბი და საშუალო ფენის კატასტროფული სამედიცინო ხარჯებისგან სრულფასოვან დაზღვევას.
2. მომხმარებელს უნდა ქონდეს დაზღვევის ყიდვის თავისუფალი არჩევანი, რაც ნიშნავს კონკურენციას, ხარისხის გაუმჯობესებას და ხარჯების შეკავებას.
ვალების ეკონომიკიდან - ინვესტიციების ეკონომიკისკენ
ამ ფრაზის მნიშვნელობა არ ვიცი, მაგრამ ვხვდები რომ იგულისხმება ცოტა ვალი და ბევრი ინვესტიცია. არც ერთ კომპონენტში არაფერი სატრაბახო არ გვაქვს.
თქვენი ხელისუფლების მიღწევების შესადარებლად საქართველოს ისტორიის ისეთ პერიოდს (2009-2012 წ.) ირჩევთ, რომელიც გაწყობთ კარგი ციფრის მისაღებად. მაგრამ მოდით შევადაროთ 2006-2008 წლები (როდესაც კახა ბენდუქიძის რეფორმების შედეგები ყველაზე თვალსაჩინო იყო). თუ 2013-15 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები $4 მილიარდი მივიღეთ 2006-08 წლებში - $4.7 მილიარდი ანუ $700 მილიონით მეტი. ხოლო თუ გავითვალისწინებთ რომ 2013-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკის მოცულობა გაცილებით დიდი იყო (ინვესტიციების შედარებადი მაჩვენებლები ეკონომიკის მოცულობასთან მიმართებაში ითვლება), ამ თემაზე საერთოდ საუბარი არ ღირს.
თქვენს მთავრობას არც ვალების მხრივ აქვს სახარბიელო შედეგი. ამ შემთხვევაშიც არასწორ შედარებას იყენებთ. საყოველთაოდ მიღებულია მთავრობის საგარეო ვალის შედარება ქვეყნის ეკონომიკასთან. მთავარი და მნიშვნელოვანი მთავრობის მიერ აღებული ვალებია, რადგან ეს ის ვალებია, რომლებიც ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის ვალი ყველაზე ბევრი 2002 წელს ქონდა 65%, ხუთ წელიწადში 2007 წლისთვის ვალი 25,5%-დე შემცირდა. მე ამას მივიჩნევ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგად. თქვენი მთავრობის დროს კი შარშან ყველაზე მაღალი მაჩვენებელს 41,2% მიაღწია. გასაგებია რომ ეს ლარის დევალვაციის შედეგია და საგარეო ვალის მხრივ არ გვაქვს კატასტროფული ვითარება, მაგრამ ეს არის ფაქტი.
რეიტინგები
რაც უფრო სწრაფად დაწინაურდება საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, მით მეტი ინვესტიცია შემოვა, სწრაფად გაიზრდება ეკონომიკა და სწრაფად მოვაგვარებთ სიღარიბის პრობლემას. ამიტომ არის საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლა მნიშვნელოვანი. კარგია, რომ შეხედულება შეიცვალეთ და აღარ საუბრობთ „ფასადურობაზე“.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში წინსვლა ნამდვილად გვაქვს და ანგარიში ნამდვილად ამბობს რომ ეს არის გამოწვეული გაუმჯობესებული რეალობით შემდეგ სფეროებში: საკუთრების უფლების დაცვა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. თუმცა, იმავე ანგარიშში ასევე ნათლად წერია რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს ინფლაციის, არაეფექტური სახელმწიფო ბიუროკრატიის და, რაც ყველაზე თვალსაჩინოა ამ ქვეყანაში, არასტაბილური ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით.
გამონაკლისის გარეშე ყველა საერთაშორისო რეიტინგი მთავრობის ეკონომიკაში ჩაურევლობას და ბიზნესისთვის შექმნილ კეთილისმყოფელ გარემოს აფასებს დადებითად, ხოლო მთავრობის ეკონომიკურ აქტივიზმს და რეგულირების მცდელობას უარყოფითად.
ამიტომ მთავრობის სამოქმედო გეგმა უნდა იყოს ყველა საერთაშორისო რეიტინგში საუკეთესო ათეულში ადგილის მყარად დამკვიდრება.
ევროკავშირში ექსპორტის ზრდა
კარგია რომ ექსპორტი ორჯერ გაიზარდა. თუმცა უამრავი დრო, ენერგია, რესურსი რომ არ დაგვეხარჯა რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაზე, სავარაუდოდ უკეთესი შედეგები გვექნება ევროკავშირის მიმართულებით. ეს არ ნიშნავს რომ რუსეთის ბაზარი არ უნდა აინტერესებდეს ქართულ ბიზნესს. უბრალოდ მთავრობა არ უნდა ერეოდეს და არ უნდა აჩენდეს არარეალისტურ იმედებს, რადგან ერთი რომ რუსული ბაზარი არასტაბილურია და მეორეც დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე ნებისმიერ დროს შეიძლება იქცეს პოლიტიკურ იარაღად ოკუპანტი ქვეყნის ხელში. დასაქმება და ხელფასები დასაქმებასა და ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული სტატისტიკა ემთხვევა საქსტატის ოფიციალურ სტატისტიკას. თუმცა, თუ დავიჯერებთ რომ 2013-2015 წლებში ნამდვილად 55,000-ით გაიზარდა კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და ამავე დროს, იგივე პერიოდში, 175 ლარით გაიზარდა საშუალო ხელფასი - ეს ყველაფერი უნდა ასახულიყო ოჯახების შემოსავლებში რომლებიც ჩანს იგივე საქსტატის შინამეურნეობების კვლევაში. სამწუხაროდ ასეთი სურათი ამ კვლევაში არ ჩანს, რაც ეჭვს აჩენს რომ ვიღაც ან ვიღაცეები კვლავაც ექსელით ერთობიან.
ტურიზმი
ზრდა ნამდვილად გვაქვს როგორც ვიზიტორების ისე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით, თუმცა გაუგებარია ეს რა თვალსაზრისით არის ქართული ოცნების მთავრობის დამსახურება: ჯერ ერთი ზრდის ტემპი გაცილებით უკეთესი გვქონდა წინა წლებში და მეორეც ქართული ოცნების მთავრობამ გაართულა სავიზო რეჟიმი არაერთ ქვეყანასთან, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს ასობით მილიონი დოლარი შემოსავალი. მოგვიანებით თავად გააუქმეთ რეგულაციები, მაგრამ ეს ვერ დააკომპენსირებს უკვე განცდილ დანაკარგს.
ენერგეტიკა
წერილში მოყვანილი სტატისტიკა ენერგეტიკასთან მიმართებაში ასევე არაფრის მთქმელია და უბრალოდ მკითხველისთვის სახარბიელო სურათის დახატვას ისახავს მიზნად. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმების გაფორმების ტემპი პრეზიდენტ შევარდნაძის დროსაც არ გვქონდა ცუდი. რაც არის მთავარი, იმაზე წერილში საუბარი არ არის. მთავარია ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები. ამ მხრივ კი ბოლო წლების ტენდენცია რბილად რომ ვთქვათ ცუდია. მაგალითად, თუ 2007-2008 წლებში ენერგეტიკაში ჯამში შემოვიდა 660 მილიონი დოლარის ინვესტიცია, 2014-2015 წლებში სულ შემოვიდა 280 მილიონი დოლარი. ბოლო წლების ტენდენცია ამ მხრივ მუდმივად კლებადია. როგორ შეიძლება ეს ჩაითვალოს წარმატებად ჩემთვის გაუგებარია.
ეკონომიკური ზრდა და სავალუტო ფონდის პროგნოზი
ჩემთვის წერილის ეს ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია. ეკონომიკური ზრდა ანუ ხალხის გამდიდრება არის ყველა პრობლემის ერთადერთი წამალი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2016 წლის აპრილის ანგარიში, რომელსაც დაეყრდნენ თქვენი ეკონომიკური მრჩევლები, ინტერნეტში იოლად ხელმისაწვდომია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს ყველა მონაცემი.
ძალიან უხერხულად გამოიყურება მონაცემების შერჩევა და ისე წარმოდგენა თითქოს 2016 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი $10,000 საერთაშორისო დოლარებში და 2012 წელთან შედარებით 25%-იანი ზრდა წარმატების დამადასტურებელია. ზუსტად იგივე მონაცემებით წარმოგიდგენთ 2004-2008, 2008-2012 და თქვენი მმართველობის 2012-2016 წლების შედარებას.
ჰკითხეთ რომელიმე თქვენს ეკონომიკურ მრჩეველს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა 25%-ით რატომ არის განსაკუთრებული მოვლენა? მაშინ როდესაც 2008 წელს, 2004 წელთან შედარებით გაუმჯობესდა 65%-ით, ხოლო 2012 წელს 2008 წელთან შედარებით - 31%-ით. ეს ამ პერიოდში რუსეთის მხრიდან პრაქტიკულად სრული ეკონომიკური ემბარგოს, რუსეთის სამხედრო აგრესიის, მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის და მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების ფონზე.
ამიტომ თქვენს ადგილზე გამიჭირდებოდა ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოს მთავრობის მუშაობით სიამაყე.
თქვენს წერილში არის ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი რაზეც ვთანხმდებით.
ორივეს გვინდა, რომ საქართველო 2030 წელს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგში ვიხილოთ. ამისათვის ნამდვილად საჭიროა შემდეგი 14 წელი სწრაფი განვითარება. თუ 2030 წელს ერთ ადამიანს საშუალოდ $40000 შემოსავალი ექნება, მე ჩავთვლი რომ ჩემი ოცნება ამიხდა და აღარ შემეშინდება თუ ჩემი შვილი ამ ქვეყანაში მოისურვებს ცხოვრებას.
ვნახოთ რა არის საჭირო ჩვენი საერთო მიზნის შესასრულებლად. თქვენ წერთ, რომ 2021 წელს საქართველოს ზრდის ტემპი 11.9% გახდება. სავალუტო ფონდის ანგარიშში არსად მსგავსი რამ არ არის ნახსენები. ეს უბრალოდ მცდარი ინფორმაციაა. ანგარიშში წერია რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2016 წელს სავარაუდოდ იქნება 2.5%, 2017-2021 წლებში - 4.5%, 2021 წელს კი - 5%. რადგან ამ ანგარიშს ეყრდნობით მოდი ვნახოთ რა შედეგი იქნება 2030 წელს თუ სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდება და რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას მიზნის მისაღწევად.
სავალუტო ფონდის პროგნოზირებული ზრდის ტემპით 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ მიაღწევს დაახლოებით 7,400 დოლარს, ხოლო მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით - დაახლოებით 20,000 დოლარს (ანუ, იმის ნახევარს რაც თქვენს წერილშია ნახსენები). ეს არის დაახლოებით დღევანდელი თურქეთის დონე და არ მგონია რომ სახარბიელო პერსპექტივა იყოს საქართველოსთვის ასეთი შორეული პროგნოზის თვალსაზრისით. სინამდვილეში, სწორი რეფორმების შემთხვევაში, თურქეთის დონეს შეგვიძლია დავეწიოთ 5-6 წელიწადში.
მოკლედ, გასაშვებია თქვენი ეკონომიკური მრჩეველი (თუ მრჩევლები).
PS. ქუმსიშვილი და ხადური მყავს გამოწვეული საჯარო დებატში და თუ რომელიმე მოვიდა და გკითხათ: ,,ბ-ნო ბიძინა ხომ არ არის დრო, რომ დებატში წავიდე ჯაფარიძესთანო”, იქნებ იგივე უპასუხოთ რაც ღარიბაშვილს გადადგომამდე.
პ.ს.ს ეს წერილი გამზადებული მქონდა გამოსაქვეყნებლად როდესაც ქსელში შემთხვევით აკა სინჯიკაშვილის გუშინდელ ფოტოს გადავაწყდი, რომელზეც ჩანს 21-ე საუკუნეში როგორი მოთხოვნაა საქართველოს დედაქალაქში უფასო პურზე.
კომენტარები