კვირას, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რუსი სამშვიდობოების მეთვალყურეობის ქვეშ სომხეთის საზღვართან ჰაკარის ხიდის გადასაკეტად შევიდნენ.

ეს ნაბიჯი 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისიის კონტროლს ექვემდებარება.

დერეფანი, რომელიც ოთხ თვეზე მეტია ბლოკადაშია, ერთადერთი მარშრუტია, რომელიც მთიან ყარაბაღს გარე სამყაროსთან აკავშირებს. აზერბაიჯანის მთავრობა ამტკიცებს, რომ ლაჩინის დერეფანი დამოუკიდებელმა "ეკოაქტივისტებმა" გადაკეტეს. რეგიონში საკვებისა და საწვავის დეფიციტის ფონზე, გადამწყვეტი მარაგები წითელი ჯვრისა და რუს სამშვიდობოების მეშვეობით დაიშვებოდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო ნაბიჯი მიზნად ისახავდა სომხეთიდან მთიან ყარაბაღში იარაღისა და ჯარისკაცების ტრანსპორტირების აღკვეთას. ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საუბრობს დერეფნის "განგრძობით, სისტემატურ და ფართომასშტაბიან ბოროტად გამოყენებაზე". მათ განაცხადეს, რომ "კონტროლის მექანიზმი რუსეთის სამშვიდობო ძალებთან კოორდინაციით" აღსრულდება.

აზერბაიჯანი მუდმივად ადანაშაულებს სომხეთსა და რუსეთის სამშვიდობო მისიას მთიან ყარაბაღში იარაღის გადატანასა და სამხედრო პერსონალის გადაყვანაში, რასაც ორივე უარყოფს.

საპასუხოდ, სომხეთმა აზერბაიჯანი ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების "ჩაშლის მცდელობაში" დაადანაშაულა. კვირას გავრცელებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს მოუწოდა "გადადგას ქმედითი ნაბიჯები" იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომელმაც დერეფნის გახსნა მოითხოვა.

ასევე, სომხეთმა რუსეთს მოუწოდა "საბოლოოდ შეასრულოს თავისი ვალდებულება" 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, განბლოკოს დერეფანი და "უზრუნველყოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანა".

სომეხი ოფიციალური პირები სულ უფრო აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ რუსეთმა 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ ვერ შეძლო მოკავშირისთვის მხარის დაჭერა.

სამშაბათს, საგუშაგოს დამონტაჟების გამო "სერიოზული შეშფოთების" გამოთქმისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მიმართა "ორივე მხარეს".

მათ განაცხადეს, რომ მოსკოვი "მიუღებლად მიიჩნევს ცალმხრივ ნაბიჯებს, რომლებიც არღვევს [2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების] ძირითად დებულებებს, მათ შორის ლაჩინის დერეფნის ოპერირების რეჟიმის შეცვლას".

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სიტუაცია "რთულია" და რომ "ბაქომ და ერევანმა უნდა გაიგონ, რომ სამმხრივი მოგვარების შეთანხმებების დებულებებს ალტერნატივა არ აქვს".

"დასასრულის დასაწყისი" მთიანი ყარაბაღისთვის

დეკემბერში, ლაჩინის დერეფნის ბლოკადის დაწყების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის ოფიციალური პირები მათი მომავლის შესახებ მზარდ შეშფოთებას გამოთქვამენ.

კვირას გამშვები პუნქტის შესახებ ახალი ამბების შემდეგ, უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სხდომაზე მიღებულ განცხადებაში უშიშროების საბჭომ რუსეთს მოუწოდა, "დაუყოვნებლივ დაიწყოს დისკუსია არცახის [მთიანი ყარაბაღის] ბლოკადის მოხსნის, აზერბაიჯანული საგუშაგოს შექმნის პრევენციისა და მოსახლეობის უსაფრთხოების რეალური გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ".

ორშაბათს, ცალკეულ განცხადებაში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანი დაადანაშაულა, რომ ქვეყანა ცდილობს, "ახალი იმპულსი მისცეს არცახის ეთნიკური წმენდის პოლიტიკას სრული დაუსჯელობისა და ნებაყოფლობის პირობებში".

მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, მოხსნას ბლოკადა და უზრუნველყოს რეგიონის მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოება.

მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრმა, გურგენ ნერსისიანმა ასევე განაცხადა, რომ ისინი "გულწრფელად იმედოვნებენ", რომ მთიანი ყარაბაღის "სამართლიანი ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის" მიიღებს "სათანადო საერთაშორისო მხარდაჭერას".

თავის განცხადებებში უფრო პირდაპირი იყო ნერსისიანის მრჩეველი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, არტაკ ბეგლარიანი. კვირას, ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ბეგლარიანმა დაწერა, რომ რუსეთის მარცხი, თავიდან აეცილებინა ბლოკადა, დასავლეთში სურვილის არარსებობა, რომ დაასანქცირონ აზერბაიჯანი და სომხეთის ზოგიერთი "განცხადება" გახდა აზერბაიჯანის ბოლო ნაბიჯის მიზეზი.

მარუტ ვანიანმა, სტეფანაკერტში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ხალხს ეშინია, რა იქნება შემდეგი.

"სხვა საგუშაგოს დაყენება უბრალოდ მარყუჟის გამკაცრებას ნიშნავს. ყველას ესმის, რომ ეს არის ყველაფრის დასასრულის დასაწყისი", — განუცხადა ვანიანმა OC Media-ს.

ვანიანის თქმით, მოსახლეობა იმედგაცრუებულია ადგილობრივი ხელისუფლებით, რუსეთის სამშვიდობო მისიით და დანარჩენი მსოფლიოთი.

მისი თქმით, რეგიონში ბევრს სჯერა, რომ რუსეთის ნდობა მხოლოდ "ნელ სიკვდილამდე" მიიყვანთ. ვანიანი აცხადებს, ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ რუსი სამშვიდობოებით უკმაყოფილებაზე საუბრობენ, უბრალო ხალხი იმედგაცრუებას უფრო ხმამაღლა გამოხატავს. მან დასძინა, რომ ბევრს ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთი მათი ერთადერთი იმედია.

ბაჰრუზ სამადოვმა, პოლიტოლოგმა და სამშვიდობო აქტივისტმა აზერბაიჯანიდან, განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის ერთ-ერთი მიზანი იყო "მთიანი ყარაბაღის დე-სომხეთიზაცია", მიზანი, რომელიც, მისი თქმით, ისინი "ეტაპობრივად მიაღწევენ".

სამადოვმა OC Media-ს განუცხადა, რომ დერეფანი "რა თქმა უნდა" გამოიყენებოდა იარაღისა და საბრძოლო მასალის გადასაზიდად, "რადგან ეს არის ის, რაც იქ თავდაცვისთვის საჭიროა".

"ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნით აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში თავდაცვის მექანიზმი გააუქმა და ეჭვქვეშ დააყენა მისი არსებობა".

"აზერბაიჯანი თანდათან აღწევს თავის მიზნებს, სამწუხაროდ, ძალიან რთულია მთიანი ყარაბაღის მომავალზე დადებითი პროგნოზების გაკეთება".

სამადოვმა ასევე ივარაუდა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა საგუშაგოს დამონტაჟებამდე რუსეთთან წინასწარ შეთანხმებას ცდილობდა.

სამადოვი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია მთიან ყარაბაღში მათი სამშვიდობოების ყოფნის გაფართოება, ის, რაც ხდება, "გამოიწვევს მთიანი ყარაბაღიდან სომხების დაახლოებით 50%-60%-ის გამგზავრებას".

"რადგან ეს ალიევის სურვილი და მიზანია, ეს არის მთიანი ყარაბაღის დეარმენიზაციის პოლიტიკა".

საგუშაგო

ბაქოს ხელისუფლება რამდენიმე თვეა ლაჩინის დერეფანზე აზერბაიჯანული საგუშაგოების განთავსებას ითხოვს, სომხეთი ამ წინადადებას მტკიცედ ეწინააღმდეგება და რუსეთი ალტერნატივას ეძებს.

რუსეთის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი ალტერნატივა იყო დერეფნის გასწვრივ რუსულ საგუშაგოებზე დაყენებული "სკანერი" მასში გამავალი მანქანების შესამოწმებლად.

საგუშაგოების შექმნის იდეას რამდენჯერმე დაუპირისპირდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც. თებერვლის ბოლოს, ბაქოში ვიზიტის დროს, ლავროვმა გზის ბლოკადაზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრისას განაცხადა, რომ "ლაჩინის დერეფანზე რაიმე საგუშაგოს მოწყობა გათვალისწინებული არ ყოფილა".

ერევანმა არაერთხელ ახსენა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილი 2020 წლის ნოემბრის შეთანხმება, რომელიც არ ითვალისწინებს საგუშაგოებს ლაჩინის დერეფნზე. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ დერეფანი იქნება რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ და რომ აზერბაიჯანი "ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით მოძრავი ადამიანების, მანქანებისა და ტვირთების უსაფრთხოების გარანტორი იქნება".

აზერბაიჯანის მოთხოვნები საგუშაგოების შესახებ ეხმიანებოდა სომხეთის წინააღმდეგობას "ზანგეზურის დერეფნთან" დაკავშირებით, რომელიც აკავშირებს დასავლეთ აზერბაიჯანს მის ექსკლავთან — ნახჩევანთან, სამაგიეროდ შესთავაზა მარშრუტი, რომელიც გაივლის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.