გაფრთხილება: Facebook გვერდებს იპარავენ — არ გადახვიდეთ Google Bard-ით შენიღბულ ბმულებზე
ამ ტიპის ყალბი გვერდების მიერ მოწოდებული ბმულები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახსნათ.
21 მარტს Google-მა თავისი ჩატბოტი Bard ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მისი გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოშია შესაძლებელი, ახალ ჩატბოტზე კი ჩვენს ქვეყანაში ხელი არ მიგვიწვდება.
ასევე იხილეთ: როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?
ამ ყველაფრის ფონზე ინტერნეტში უჩვეულო ქცევა მოხშირდა: სხვადასხვა Facebook გვერდი სახელს იცვლის და Google Bard ხდება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნულ ანგარიშებს გვერდით ვერიფიკაციის ნიშანი აქვს, მათი დათვალიერების შემდეგ კი შეიძლება უცებ ისიც აღმოაჩინოთ, რომ Bard-ის, Google-ის ახალი ჩატბოტის, გვერდი უკვე წლებია არსებობს.
ამ ყველაფერმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ — Google Bard-ის თითქმის ყველა ასეთი ანგარიში ყალბია. იდება და ზოგჯერ მასობრივადაც ვრცელდება გარეკლამებული პოსტები, რომლებსაც სპეციალური ბმულები ახლავს სხვადასხვა სერვისის გადმოსაწერად. თუკი ბმულს მაინც გავხსნით, ჩვენს Facebook ანგარიშებს იპარავენ და ყველა გვერდს გვართმევენ, რომელსაც კი ვმართავთ. შედეგად კიდევ უფრო ბევრი ფეისბუკგვერდი იქცევა Google Bard ანგარიშად.
ეს ცნობილი ტელესერიალის ფეისბუკგვერდსაც დაემართა: ჩცდ-ის ანგარიში Google Bard-ად გადაკეთდა, მასზე გადასვლის შემთხვევაში კი ახალი სახელით დადებულ ძველ პოსტებსაც იხილავთ.
ანალოგიური რამ შეემთხვა გადაცემის ჩემი სამზარეულოს წესები ფეისბუკგვერდსაც.
მსგავსი გვერდები ხშირად Google-ის ჩატბოტის, Bard-ის, ფანგვერდებადაა გასაღებული და ინფორმაციული ხასიათის ახალ პოსტებსაც ავრცელებს. წესი ერთია — არ გადახვიდეთ ბმულზე და არაფერი გადმოწეროთ.
გახშირებულ შემთხვევებს Facebook-ის ქართველი მომხმარებლებიც ეხმაურებიან, მათ შორის, მედიაკომპანია ფორმულას ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მარიამ ბაჯელიძეც.
როგორც მისი პოსტიდან ვიგებთ, დაზარალებულები პრობლემის გადაჭრას Facebook-ის მშობელ კომპანიასთან, Meta-სთან, კომუნიკაციით ცდილობენ, შედეგად კი " მცირე პროგრესი არის, მაგრამ არასაკმარისი".
უცხოურ მედიაში აღნიშნული კიბერთაღლითობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. არანაირი განცხადება არ მოგვისმენია Google-ისა და Meta-ს მხრიდანაც.
საგულისხმოა, რომ მსგავსი თაღლითობა აქამდე ChatGPT-ის შემთხვევაშიც ვიხილეთ: ჰაკერები ყალბ ანგარიშებსა და მოპარულ ფეისბუკგვერდებზე Chrome-ის ერთ-ერთ Extension-ს ავრცელებდნენ, მისი დაყენებით კი მომხმარებლებს აცურებდნენ და ანგარიშებს ართმევდნენ. Google-მა აღნიშნული Extension 9 მარტს ამოშალა Chrome Web Store-იდან.
როგორ დავიცვათ თავი
თუკი რომელიმე ფეისბუკგვერდის ადმინი/მოდერატორი ხართ, ზემოხსენებული საფრთხის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.
შესაძლოა, თქვენ მიერ მოწონებული რომელიმე გვერდი Google Bard-ის ყალბ ანგარიშად გადაკეთდა. ამ შემთხვევაში საფრთხე მანამ არ გემუქრებათ, სანამ აღნიშნული გვერდის მიერ მოწოდებულ ბმულებზე არ გადახვალთ.
იმისათვის, რომ შემთხვევითობები თავიდან აირიდოთ, შეგიძლიათ, დროებით გატეხილი ფეისბუკგვერდის პოსტები აღარ იხილოთ:
- პოსტის თავზე სამ წერტილს დააჭირეთ;
- ამოირჩიეთ "Snooze [გვერდის სახელი] for 30 days"/"დროებით ჩაჩუმდეს [გვერდის სახელი] 30 დღით".
ასე ყალბი გვერდის პოსტებსა და საზიანო ბმულებს ერთი თვით ვეღარ იხილავთ. მეორე მხრივ, შეძლებთ დაელოდოთ — ვინ იცის, იქნებ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ფეისბუკგვერდი დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში დაზარალებული ანგარიშები გამომწერებს არ დაკარგავენ და მათთვის თაღლითობაც ნაკლებად მტკივნეულად ჩაივლის.
სხვა მხრივ, ასეთ შემთხვევებში კიბერჰიგიენის ზოგადი პრინციპები უნდა გაიხსენოთ, მათ შორის: არასოდეს გადახვიდეთ ბმულზე, სანამ მის სანდოობაში ბოლომდე არ დარწმუნდებით.
ასევე იხილეთ: 10 ხერხი, რომლითაც კიბერჰიგიენას შეინარჩუნებ
თუკი ციფრულ სივრცეში თავის დასაცავად მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები