როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?
ტექგიგანტებს შორის AI დომინირებისთვის გამართულ ბრძოლაში Google მნიშვნელოვნად მიიწევს წინ — 21 მარტს კომპანიამ თავისი ჩატბოტი Bard ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა, როცა თებერვლიდან აქამდე მისით სარგებლობა მხოლოდ ტესტერებს შეეძლოთ. ახლახან გავიგეთ ისიც, რომ Google-მა თავის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტი ჩააშენა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც OpenAI-მა ChatGPT, თავისი რევოლუციური ჩატბოტი, გამოუშვა, ბაზარზე კი სხვა ტიპის საძიებო სისტემების საჭიროება შეიქმნა.
იხილეთ: "დავგუგლავთ" თუ ჩატბოტს ვკითხავთ? — რა ეტაპზეა Google-ისა და Microsoft-ის ომი AI დომინირებისთვის
Google-ის ჩატბოტი Bard ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოშია ხელმისაწვდომი 18 წელს მიღწეული პირებისთვის. კომპანია წვდომის მიცემას სხვა ქვეყნებისთვისაც გეგმავს დროთა განმავლობაში. Bard-ით სარგებლობა მომხმარებლებს bard.google.com ბმულზე შეუძლიათ.
სტატიაში ჯერ Google-ის ჩატბოტს გაგაცნობთ, შემდეგ კი მასა და ChatGPT-ის შორის არსებულ განსხვავებებს მიმოვიხილავ.
რა არის და როგორ მუშაობს Bard?
Bard კომპანია Google-ის მიერ ახლახან შექმნილი ჩატბოტია. ბლოგპოსტის მიხედვით, იგი დიდ ენობრივ მოდელს (LLM), კერძოდ LaMDA ტექნოლოგიის მსუბუქ და ოპტიმიზებულ ვარიანტს, ეფუძნება. დროთა განმავლობაში მას ახალი ვერსიებით გააუმჯობესებენ.
სხვათა შორის, LaMDA სწორედ ის მოდელია, რომელიც გასული წლის ზაფხულში Google-ის თანამშრომელს მგრძნობიარეც კი ეგონა (არ აღმოჩნდა მგრძნობიარე, ინჟინერმა კი კონფიდენციალურობის დარღვევის გამო სამსახური დაკარგა), იმდენად ჰგავდა სისტემის გამოყენება ადამიანთან ინტერაქციას.
ასევე იხილეთ: რომელი სამი თვისება უნდა ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს, რომ მგრძნობიარედ მივიჩნიოთ?
Google-ის ჩვეულებრივი საძიებო სისტემისგან განსხვავებით, Bard-ის ღირსებაც ზუსტად ისაა, რომ კითხვის დასმის შემდეგ პირდაპირ პასუხებს გვაძლევს, სხვადასხვა ბმულის ნაცვლად. შესაბამისად, მისით ინფორმაციის მოძიებას (ადამიანურად მოსაუბრე) ჩატბოტთან საუბრის ფორმა აქვს.
საძიებო სისტემას Bard-ით მარტივად დაუკავშირდებით — მას "Google it" ("დაგუგლე") ღილაკი აქვს, რომლითაც Google-ის Search ფუნქციაზე გადახვალთ. იგი ახალ ფანჯარაში გაიხსნება, ინფორმაციის/წყაროების გადამოწმებასა და მეტად რელევანტური პასუხების მოძიებას კი თავადვე შეძლებთ.
მოსახერხებელია ისიც, რომ Bard ჩვენი თითოეული მითითების საპასუხოდ რამდენიმე ესკიზს აგენერირებს და სხვადასხვა ვერსიის ხილვის საშუალებას გვაძლევს.
Bard დიდ ენობრივ მოდელზე მუშაობს, ანუ ინფორმაციას რეალური სამყაროდან "დაისწავლის", რომელშიც არასწორი ინფორმაცია არც თუ ისე იშვიათად გვხვდება. შესაბამისად, Google მკაფიოდ გვაფრთხილებს, რომ მათი ჩატბოტი ექსპერიმენტულია და სრულებით შესაძლებელია, უკუკავშირში დეზინფორმაცია ანდა სტერეოტიპული შიგთავსი გაიპაროს.
კომპანიისგან იმასაც ვიგებთ, რომ Bard შეურაცხმყოფელი შინაარსის კითხვებს არ უპასუხებს. არსებობს გარკვეული ფილტრები, რომლებიც ჩატბოტის მხრიდან მავნე, არალეგალური ან პირადი ინფორმაციის გაზიარებისგან დაგვიცავს. ცხადია, მაინც არსებობს რისკი, რომ ისინი ყოველთვის არ იმუშავებს.
ასეა თუ ისე, Google თავისი ჩატბოტის განვითარებაზე ჯერაც აქტიურად მუშაობს, ამ საქმეში კი მომხმარებელთა უკუკავშირი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. შეიძლება ითქვას, პროგრესი ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს — თებერვლის დასაწყისში Bard იმდენად უზუსტო იყო, რომ Google-ს მისთვის ვების ტელესკოპის შესახებ დასმული კითხვა $100 მილიარდი დაუჯდა.
რით განსხვავდება Bard ჩატბოტი ChatGPT-ისგან?
ჩატბოტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ Bard-ს ხელი უახლეს ინფორმაციაზეც მიუწვდება — მაშინ, როცა ChatGPT-ის ცოდნა მხოლოდ 2021 წლის სექტემბრამდე არსებული მონაცემებით შემოიფარგლება. შესაბამისად, მას შემდეგ მომხდარი მოვლენების კუთხით Bard უფრო გამოსადეგი იქნება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ChatGPT პასუხის გენერირებისას გამოყენებულ წყაროებს არ უთითებს, თუ სპეციალურად არ ვთხოვთ. მეორე მხრივ, Bard ჩატბოტის "Google it" ფუნქციის მეშვეობით ინფორმაციის გადამოწმებასა და წყაროების მოძიებას უფრო მარტივად შევძლებთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, Bard ჩვენი თითოეული მითითების საპასუხოდ რამდენიმე ესკიზს აგენერირებს, ჩვენ კი შეგვიძლია, პასუხის სხვადასხვა ვერსია ვიხილოთ. ChatGPT ასე არ მუშაობს — იმავე შეკითხვაზე პასუხს მას ხელახლა დავაგენერირებინებთ, თუმცა დროის კუთხით ეს ნაკლებად მოსახერხებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ Bard ამ ეტაპზე კოდებს ვერ წერს, განსხვავებით ChatGPT-ისგან, რომელსაც კოდში ხარვეზების გამოსწორებაც კი შეუძლია. გარდა ამისა, Bard-ს ჯერჯერობით წინა საუბრების დამახსოვრების ფუნქციაც არა აქვს. სავარაუდოდ, Google ამ საკითხებზე სამომავლოდ იმუშავებს.
გასათვალისწინებელია, რომ GPT-4 დიდი მულტიმოდალური მოდელია, ანუ ChatGPT-ის მასზე მომუშავე ვერსიას ფოტოების "წაკითხვაც" ისევე შეუძლია, როგორც ტექსტის. მსგავს ფუნქციებს Bard ჯერჯერობით ვერ გვთავაზობს.
იხილეთ: ChatGPT-ის უმძლავრესი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია — რა შეუძლია GPT-4-ს და როგორ გამოვიყენოთ
დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, Bard ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისურადაა ხელმისაწვდომი, როცა ChatGPT-ს რამდენიმე ენა ესმის (GPT-4-ის მქონე ვერსიაში მისი ეს უნარიც გაუმჯობესებულია). შესაბამისად, მათთვის, ვინც ინგლისურს არ ფლობს, ChatGPT უფრო გამოსადეგი იქნება.
ასეა თუ ისე, ჩვენი ქვეყნის კონტექსტსაც თუ გავითვალისწინებთ, ქართულ ენაზე გამართულად ჯერჯერობით არცერთი ჩატბოტი არ საუბრობს. გვყავს ChatGPT-ის ქართული ანალოგი ჟიპიტაური, თუმცა ამ ეტაპზე იგი დასახვეწია.
ასევე იხილეთ: რატომ და როდის აგენერირებს მცდარ პასუხებს ChatGPT-ის ქართული ანალოგი — ჟიპიტაური
ნაწილობრივ ტექგიგანტებს შორის გაჩაღებული კონკურენციის დამსახურებაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიური ტენდენციები ჩნდება, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის გაუმჯობესებას ემსახურება.
კომპანიების მხრიდან ახალ-ახალი ნაბიჯების მომსწრენი უკვე ყოველდღიურად ვხდებით. როგორც მომხმარებლებს, ამასობაში ისღა დაგვრჩენია, დავუცადოთ, თუ როდის გახდება ისინი ყოველი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომი. მთლად უკეთესი, თუკი შევძლებთ და ქვეყანაში ტექნოლოგიური პროდუქტებისა თუ სერვისების განვითარებას რამენაირად ჩვენც შევუწყობთ ხელს —
მაგალითად, ასე: ქართული ენის ტექნოლოგიურ განვითარებაში წვლილის შეტანა ყველას შეგვიძლია — როგორ
კომენტარები