Google-ის ჩატბოტი Bard უკვე საჯაროდაა ხელმისაწვდომი
Google-ის ჩატბოტი Bard აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში უკვე საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ინფორმაცია კომპანიის ბლოგპოსტით ვრცელდება.
Bard-ის გამოშვების შესახებ პირველად თებერვალში მოვისმინეთ. Google-ის ჩატბოტი ამ დროიდან მხოლოდ შეზღუდულად იყო ხელმისაწვდომი "სანდო ტესტერებისათვის", ამჯერად კი მის გამოცდას ფართო საზოგადოებაც შეძლებს.
კომპანია ჩატბოტს ექსპერიმენტს უწოდებს. იგი მომხმარებლებს მკაფიოდ ახსენებს, რომ Bard-ზე კვლავაც აქტიურად მუშაობენ, შესაბამისად, შესაძლოა, მან ყოველთვის საჭიროებისამებრ არ იფუნქციონიროს. Google-იდან ხაზს უსვამენ იმასაც, რომ პროგრამის განვითარებაში მომხმარებელთა უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
"Bard-ის საშუალებით შეგეძლებათ, უფრო პროდუქტიული გახდეთ, თქვენში იდეების განვითარება ააჩქაროთ და ცნობისმოყვარეობა ასაზრდოოთ", — ვკითხულობთ Google-ის მკვლევართა ბლოგპოსტში — "შეგიძლიათ, Bard-ს რჩევები სთხოვოთ მეტი წიგნის წაკითხვის თაობაზე, კვანტური ფიზიკა მარტივ ენაზე აახსნევინოთ ანდა ბლოგპოსტის მონახაზის შექმნით თქვენში შემოქმედებითობა გააღვიძოთ".
საგულისხმოა, რომ Bard მხოლოდ 18 წელს მიღწეულთათვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთანავე, იგი მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ჩაეშვა, შესაბამისად, საქართველოში Bard-ით სარგებლობას ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ.
Google-ის მხრიდან საკუთარი ჩატბოტის გამოშვების ნაბიჯი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ AI დომინირებისათვის ტექგიგანტების ბრძოლა ოფიციალურად გრძელდება. ამგვარი შერკინება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ წელს საზოგადოებამ ChatGPT იხილა.
იხილეთ: "დავგუგლავთ" თუ ჩატბოტს ვკითხავთ? — რა ეტაპზეა Google-ისა და Microsoft-ის ომი AI დომინირებისთვის
კომენტარები