სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ომის შესახებ შიშები მატულობს
სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის მზარდმა დაძაბულობამ გააჩინა შიში, რომ კონფლიქტის ახალი ესკალაცია ან სრულმასშტაბიანი ომი გარდაუვალია.
დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც 5 მარტს, ლაჩინის დერეფანთან, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია გადაკეტილია, მთიანი ყარაბაღის პოლიციის ოფიცრებსა და აზერბაიჯანის ჯარებს შორის სასიკვდილო შეტაკება მოხდა.
მას შემდეგ, სომხეთიც და მთიანი ყარაბაღიც რეგულარულად ადანაშაულებს აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში, ასევე, მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნაში.
ოთხშაბათს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერევნის სამხრეთით, ნახჩევანის საზღვარზე ჯარისკაცი მოკლეს.
ბაქო ასევე ადანაშაულებს ერევანს და სტეფანაკერტს ცეცხლის შეწყვეტის მრავალჯერად დარღვევაში; 20 მარტს კი განაცხადეს, რომ სომხეთის სამხრეთ საზღვარზე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ასევე, აზერბაიჯანმა რუსი სამშვიდობოები სომხური ჯარებისა და იარაღის მთიან ყარაბაღში ესკორტირებაში დაადანაშაულა. სომხეთი ამ ინფორმაციას უარყოფს, ხოლო რუსეთი ლაჩინის დერეფნის გავლით მხოლოდ ჰუმანიტარული მანქანების გადაადგილებაზე საუბრობს.
საზღვარზე დაძაბულობას ბაქოში მტრული რიტორიკა მოჰყვა. გასულ კვირას, ნოვრუზის დღესასწაულზე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხებს სურთ კომფორტულად იცხოვრონ 29 000 კვადრატული კილომეტრის ფართობზე, მათ უნდა აღიარონ აზერბაიჯანის საზღვრები და ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას "მათი პირობების შესაბამისად".
"თუ სომხეთი არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, არც ჩვენ ვაღიარებთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას", — განაცხადა მან.
ამგვარმა კომენტარებმა სომხეთში შიში გააჩინა, რომ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღსა და სომხეთზე თავდასხმისთვის საფუძველს ამზადებს.
ტიგრან გრიგორიანმა, ერევანში მცხოვრებმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა და დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ახალი ესკალაცია ახლაა მოსალოდნელი.
"ტენდენციაა, რომ ყოველ ჯერზე [აზერბაიჯანი] ცდილობს დაძაბულობის მასშტაბები გაზარდოს, რათა დააკვირდეს საერთაშორისო რეაქციას", — განუცხადა გრიგორიანმა OC Media-ს და დასძინა, რომ აზერბაიჯანს ასევე სურს რუსეთის "წითელი ხაზების" გამოცდა.
2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრა უპრეცედენტო საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ დასრულდა, რომელიც კონკრეტულად აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყო მიმართული.
გრიგორიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანის მიზნები ახალ ესკალაციაში შეიძლება იყოს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის იძულება, მიიღონ აზერბაიჯანის პირობები, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ "ჩიხშია".
განგაში სომხეთის ოფიციალურმა პირებმაც გამოაცხადეს. ოთხშაბათს, პარლამენტში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ბაქოდან მომდინარე ამჟამინდელი რიტორიკა ესკალაციის გაზრდილ რისკზე მიუთითებს.
"ყოველთვის არის აგრესიის რისკი, მიუხედავად მოლაპარაკებებისა და მოლაპარაკებების დროს სომხეთის კონსტრუქციული მიდგომისა", — თქვა მან.
მირზოიანმა დასძინა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დაწყების შემთხვევაში, რეგიონის სომხურ მოსახლეობას ეთნიკური წმენდის საფრთხე ემუქრება.
საფუძვლის ჩაყრა
ასევე, ცეცხლზე ნავთს ასხამენ აზერბაიჯანის ოფიციალური პირები და ხელისუფლების მომხრეები.
ნოვრუზზე ალიევის კომენტარების შემდეგ, რამდენიმე ოფიციალურმა პირმა ინტერნეტში მსგავსი კომენტარები განათავსა. ისინი აცხადებდნენ, რომ სომხეთმა "მხედველობაში უნდა მიიღოს აზერბაიჯანის სამშვიდობო წინადადებები", რათა მიეცეთ უფლება მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში იცხოვრონ.
რამდენიმე მათგანმა დაიწყო სომხეთის სომხური სახელით მოხსენიება (Hayastan), რაც მათი მხრიდან შეურაცხყოფის აშკარა მცდელობა იყო.
მარტის დასაწყისში, აზერბაიჯანელმა მწერალმა და აქტივისტმა, სამად შიხიმ არსებულ მდგომარეობაზე კომენტირებისას თქვა, რომ მთავრობა ცდილობს იპოვოს საბაბი საომარი მოქმედებების დასაწყებად და წარმოაჩენს, თითქოს, მეორე მხარეს მოლაპარაკების სურვილი არ აქვს.
მისი თქმით, მთავრობა და პრო-სამთავრობო მედია უკვე ცდილობენ [სამხედრო მოქმედებისთვის] "საზოგადოებაში მხარდაჭერა იპოვონ".
"ხალხის აზროვნებას სწორედ სახელმწიფო და მისი პროპაგანდა აყალიბებს", — წერს შიხი. აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი ინსტიტუტია (მთავრობა), რომელიც ქმნის და მართავს იდეებს.
"პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს მედიაში მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებას და ცდილობს ეს ყველასთვის თვალსაჩინო გახადოს", — დასძინა მან.
"უსაფრთხოების გარანტი"
თუ საომარი მოქმედებები განახლდა, გაურკვეველია, როგორი შეიძლება იყოს საერთაშორისო პასუხი.
რუსეთი, სომხეთის ტრადიციული მოკავშირე, სულ უფრო და უფრო შორდება სომხეთის მთავრობას.
16 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კვლავ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რუსეთი იყო "უსაფრთხოების გარანტი", რომელმაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა. შეთანხმება ითვალისწინებდა რუსი სამშვიდობოების განლაგებას რეგიონში.
ამასთანავე, ფაშინიანმა მოუწოდა რუსეთს მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს, რათა მიიღონ ზომები მთიანი ყარაბაღის სომხების დასაცავად, თუ მათი სამშვიდობოები ამას "ვერ შეძლებენ".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ უარყო მისი პრეტენზიები და განაცხადა, რომ შეთანხმებაში "ნახსენები არ არის რუსეთის გარანტიები ყარაბაღთან დაკავშირებით" და რომ უშიშროების საბჭოს ჩარევისკენ მოწოდებები "სასწაულებრივი მოთხოვნა" იყო.
აზერბაიჯანის ოფიციალური რიტორიკა რუსეთის მიმართ სულ უფრო მტრული ხდება. მარტის დასაწყისიდან ბაქო მოსკოვს ხშირად ადანაშაულებს სომხური სამხედრო მანქანების და ჯარების ექსკორტირებაში მთიან ყარაბაღში ბლოკირებული ლაჩინის დერეფნის გვერდის ავლით.
ასევე, მზარდია ვარაუდები თეირანის პოტენციური როლის შესახებ ნებისმიერ განახლებულ საომარ მოქმედებებში.
ოთხშაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი ერევანში სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს არმენ გრიგორიანს შეხვდა. სომხეთის განცხადებით, მათ განიხილეს "რეგიონული უსაფრთხოება" და ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და მთიან ყარაბაღში.
ირანი მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთს მხარს კიდევ უფრო მეტად უჭერს.
ქვეყანაში განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ აზერბაიჯანი დაემუქროს მათ საერთო საზღვარს სომხეთთან. აზერბაიჯანის სომხეთისადმი ერთ-ერთი მოთხოვნა არის სამხრეთ სომხეთის გავლით დერეფანი, რომელიც დასავლეთ აზერბაიჯანს ნახიჩევანის ექსკლავთან დააკავშირებს.
კანის ვიზიტი მოჰყვა აზერბაჯანსა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდას.
10 მარტს, ისრაელის დაზვერვის მინისტრის, გილა გამლიელის ბაქოში ვიზიტის დროს, აზერბაიჯანმა ირანი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. ისინი აცხადებდნენ, რომ სამხედრო თვითმფრინავი სამხრეთით მდებარე ტერიტორიების გარშემო, საზღვრის გასწვრივ დაფრინავდა, აზერბაიჯანის ტერიტორია გადაკვეთა და უკან დაბრუნდა. ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანი 2020 წლიდან აკონტროლებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები