ლევან ბერძენიშვილი

3 Mar. 2023, 18:47

თავისთავად განზრახვაც კი, რომ გვქონდეს ასეთი კანონი, არის საქართველოს მისწრაფებების საწინააღმდეგო. საქართველოს, როგორც ქვეყნის ოდესმე წარმატებულის ან წარუმატებლის და სხვა ყველაფრის წაშლა, მთელი ისტორიის წაშლა. ყველაფერზე უარის თქმა. მიღებაც არ ჭირდება, მიღების სურვილიც ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ სამშობლოს წინსვლის და აყვავების და მოქალაქეების კეთილდღეობის გზას გადაუხვია და დაადგა გზას, რომელსაც ადგას ჩვენი მეზობელი. რომელმაც 2012 წელს მიიღო ასეთი კანონი და ქვეყანაში მოსპო, როგორც სიტყვის თავისუფლება, ისე ცალკეული ადამიანების მოღვაწეობა რაიმე მიმართულებით. მოსპო ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, გაანადგურა მსოფლიოს ყველაზე უფრო პატივსაცემი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელად მემორიალი და ჩვენი ყოფილი პატიმრების მუზეუმი ჩვენი ზედამხედველების მუზეუმად გადააქცია.

აი, ამას აპირებს ზუსტად ბიძინა ივანიშვილი. უბრალოდ, მას დაავიწყდა, რომ იგი ერთი პატარა, უმნიშვნელო არსებაა, პუტინის მხოლოდ აჩრდილია და ისტორიის წინააღმდეგ მიდის, ამიტომ ეს ამბავი საქართველოში ასე არ დამთავრდება. არ დამთავრდება ისე, როგორც რუსეთში. რასაც აკეთებს ამხანაგი ივანიშვილი არის გზა ომისკენ, დაპირისპირებისკენ და ეს ყოფილა, ჩვენ რომ გვეუბნებოდა "აბა ომი გინდათო", ომი ნდომებია ბატონ ივანიშვილს, თავისი ამ მომსახურე პერსონალით. 

მე გამაოგნა იმ ამბავმა, რომ ქართულ ოცნებაში ერთი კაციც არ აღმოჩნდა, ვინც ამ კანონის ინიცირების მერე თქვა, რომ "არა, მე მთლად ასეთი რუსიც არ ვარ", ერთიც არ არის. მაგრამ ეგ რა არის, არაფერი გასაკვირი არ არის. მომხრეებში არ არის არაფერი, არ ტოვებს ხალხი მასობრივად ქართულ ოცნებას. თურმე, შემოპარული გვყოლია ქვეყანაში საკმაო რაოდენობის რუსეთუმეები, გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია. [...]

გასაგებია, რომ ეს არის მონური პარტია, ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, გააკეთა ეს და ეს. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ მოსახვევებში, ვიღაცა ამბობს, რომ ამდენიც არ შემიძლია. როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად უმუშავია ბატონ ბიძინას კადრებთან. ადრე იმით იყო ცნობილი, რომ კადრების ამოცნობა არ იცის, თუმცა ყველაზე მეტად მაგით ტრაბახობს ადამიანის ცნობა ვიციო. საიდან უნდა იცოდეს, ადამიანის ცნობას იმდენი ურთიერთობა სჭირდება, ბიძინა ივანიშვილის ტიპი კი ესაა — კაცი, რომელიც მუდმივად იმალება. მე მისი ფონდის დირექტორი ვიყავი და თვალით არ მყავდა ნანახი, 1999 წელს წელიწადი ვიყავი დირექტორი. 

ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, იმათი პოზიცია უკვე ნათელია, მომხრეებში სამუშაო ბევრი გვაქვს, მაგრამ უპერსპექტივო. ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც მიუცია ხმა მამუკა მდინარაძისთვის, ირაკლი კობახიძისთვის, ან ადამიანი, რომელსაც მოსწონს ირაკლი ღარიბაშვილი, ჩვენს მუშაობას, მე და თქვენს მუშაობას არ ექვემდებარება, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ. მაგრამ არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც არც არაფერში არ მონაწილეობს, აი, მაგ ფორმულას ვეძებთ მრავალი წელია, როგორ უნდა გავაცოცხლოთ და დავაინტერესოთ ეს ხალხი. 

ვინაიდან, ამის შანსი ძალიან დაბალია, რჩება უკანასკნელი იმედი, ეს იმედი გახლავთ, რომ ახალგაზრდობა მიხვდება, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგაა მიმართული. აბა, მე ჩემს ცხოვრებას ვამთავრებ და თუკი ის აღინიშნება იმით, რომ ნაკლები თავისუფლება იქნება და საერთოდ არ იქნება თავისუფლება, მე მაინც წამსვლელი ვარ და აი, ვინც მომვლელი არის და ვინც უნდა იცხოვროს, რომ დღეს მისი ბედი წყდება. ფაქტობრივად, ახლა წყდება ამ ქვეყანას პერსპექტივა ექნება თუ არა, ანუ ახალგაზრდობა დაჭირდება, თუ არა. გეტყვით რა მოხდება, სულ მალე ახალგაზრდობის ნაწილი იქნება უცხოეთში და მეორე ნაწილი ციხეში და დანარჩენი ხალხი, როგორც იყო მშვიდად, ისე მშვიდად იქნება და შეჭამს მაწონს. 

განუცხადა ბერძენიშვილმა On.ge-ის რუსულ კანონზე საუბრისას. კანონპროექტები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტად შერაცხვაზე ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ შეიმუშავა, მმართველი გუნდი კი მხარს უჭერს. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი: კათალიკოსმა იცოდა დიდი ხნის წინათ თქმა: მღვდელი ხმაურით თუ მაღლა იჭრება, ხელი სტაცე და მიწაზე დაანარცხეო
  2. რუსთავში აიღეს ძეგლი "სამოთხის კარიბჭე", რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა
  3. თეა წულუკიანი: "აცე ვიროს" შანტაჟი უნდა შეწყდეს. ეს ხელისუფლება არსად მიდის
  4. თეა წულუკიანი: ახალგაზრდებს აქვთ ბრაზი, ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი, მათთან საგნობრივი დისკუსიაა საჭიროა
  5. ლარი ისევ გაუფასურდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი: ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება

ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი,…