სომხეთი 2020 წლის შემდეგ "აზერბაიჯანის მიერ მიტაცებული" ტერიტორიების რუკას აქვეყნებს
სომხეთმა გამოაქვეყნა რუკა, რომელიც აზერბაიჯანული ძალების მიერ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მიტაცებულ ტერიტორიას ასახავს.
რუკა ორშაბათს წარადგინეს, როდესაც საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებით ზომების შესახებ სომხეთის წინადადებას განიხილავდნენ.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთ-ერთი მხარე დეტალებს ავრცელებს იმ ტერიტორიის შესახებ, რომელზეც 2020 წლის ომის შემდეგ აზერბაიჯანულმა ძალებმა კონტროლი აიღეს.
რუკაზე ნაჩვენებია სომხეთის ტერიტორია, რომელიც ხელისუფლების მტკიცებით, ქვეყანამ დაკარგა 2021 წლის მაისსა და ნოემბერში და 2022 წლის სექტემბერში შეტაკებების დროს. რუკა მოიცავს სამხრეთ და აღმოსავლეთ სომხეთის მიწებს.
მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე და მის გარშემო ორი წინა დიდი ომისა და სპორადული ბრძოლებისგან განსხვავებით, 2021 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაჩაღებული კონფლიქტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მოხდა, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა.
გასული წლის სექტემბერში აზერბაიჯანის არმიამ ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელა სომხეთის პროვინციებში, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. ეს იყო კონფლიქტის ყველაზე სასიკვდილო ესკალაცია 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ.
ამჟამად, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის წინააღმდეგ დროებით ზომებს ითხოვენ 15 მოსამართლისგან შემდგარ ICJ-ში, რომელიც მდებარეობს ჰააგაში. ICJ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი სასამართლო ორგანოა, რომლის მომავალ გადაწყვეტილებებსაც გაეროს წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო ძალა აქვს.
ICJ-ის მოსმენები, რომელიც სომხეთის ბოლოდროინდელი მოთხოვნით დროებითი ზომების მიღების შესახებ 30 იანვარს გაიმართა, ფოკუსირებული იყო ლაჩინის დერეფნის ბლოკადაზე. სომხეთმა მოითხოვა, აზერბაიჯანის დავალდებულება "შეწყვიტოს [ლაჩინის დერეფნის] ბლოკირების სავარაუდო "პროტესტების" ორკესტრირება და მხარდაჭერა".
აზერბაიჯანი ითხოვს, დაევალოს სომხეთს წვლილი შეიტანოს ლაჩინის დერეფნის განაღმვაში და ტერიტორიებზე, რომლებზეც აზერბაიჯანმა 2020 წლის ომის დროს კონტროლი აიღო, სომხეთმა დამატებით ნაღმების განთავსება შეწყვიტოს. სასამართლომ აზერბაიჯანის საჩივარი სამშაბათს განიხილა.
მას შემდეგ, რაც 7 კვირის წინ ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელებმა გადაკეტეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ "ეკო აქტივისტები" არიან, მთიანი ყარაბაღი თითქმის მთლიანად მოწყვეტილია სომხეთსა და დანარჩენ მსოფლიოს.
ბოლო მოსმენა ჰააგაში უფრო დიდი სარჩელის ნაწილია, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 2020 წელს შეიტანა და აზერბაიჯანის მთავრობა სომხების რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
აზერბაიჯანმა წარმოადგინა თითქმის იდენტური სარჩელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სომხეთმა დაარღვია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები