ალიევი უარყოფს, რომ მთიანი ყარაბაღი ბლოკადაშია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საჯაროდ ისაუბრა ლაჩინის დერეფნის დახურვის შესახებ, პირველად დერეფნის 1-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ და უარყო, რომ მთლიანი ყარაბაღი ბლოკადაშია. ალიევმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წელი სომხეთისა და აზერბაიჯანის "უკანასკნელი შანსია" ამ ტერიტორიაზე მშვიდობის შეთანხმების მისაღწევად.
10 იანვარს, ჟურნალისტებთან საუბრისას ალიევმა სომხეთი ირანიდან და ინდოეთიდან იარაღის გადასაზიდად დერეფნის გამოყენებაში დაადანაშაულა.
მან ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი "არ აპირებდა მესამე ომის დაწყებას" და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა "სულ მცირე გააორმაგა" თავისი სამხედრო სპეცრაზმის რაოდენობა.
"ეკო აქტივისტების" განხილვისას, რომლებიც 12 დეკემბრიდან ბლოკავენ ლაჩინის დერეფანს, ალიევმა შეაქო მომიტინგეები, მათ მოთხოვნებს "ლეგიტიმური" უწოდა, ხოლო ბრალდებებს გზის გადაკეტვის შესახებ — "ცრუ ინფორმაცია".
"ახალგაზრდები, რომლებიც ლაჩინ-ხანკენდის [სტეფანაკერტის] გზაზე პროტესტს გამოთქვამენ, ჩვენი სიამაყეა. ისინი იქ არიან დღე და ღამე, ყინვიან და თოვლიან ამინდში, თავიანთი უფლებებისთვის და კიდევ ერთხელ აჩვენებენ მთელ მსოფლიოს, თუ რამდენად მაღალია აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ხარისხი".
"აქ ბლოკადაზე საუბარი არ არის; იქ 400-მდე სამშვიდობო მანქანამ გაიარა", — თქვა მან.
ლაჩინის დერეფნის (რაც ტერიტორიის ერთადერთი დამაკავშირებელია სომხეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან) დახურვის შემდეგ მთიან ყარაბაღში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტზე ცნობები გახშირდა.
ალიევმა განაგრძო მტკიცება, რომ ლაჩინის დერეფანი სომხეთში ინდოეთიდან და ირანიდან იარაღისა და საწვავის უკანონოდ გადასატანად გამოიყენებოდა.
"ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომელი ქვეყნები არიან მზად სომხეთისთვის იარაღის მისაცემად" — განაცხადა ალიევმა.
"სამწუხაროდ, მათ შორის ახლა ინდოეთია. ჩვენ ამას არამეგობრულ ნაბიჯად მივიჩნევთ, რადგან ამ იარაღს […] აქვს სამიზნე და ეს არის აზერბაიჯანი".
მან ასევე განაცხადა, რომ "ყველა მანქანა, რომელიც იქ გადიოდა, ამ აქციამდეც მეთვალყურეობის ქვეშ იყო".
"როგორ გავიგეთ, რომ ირანული მანქანები იქ საწვავს ატარებდნენ? იქ ვნახეთ. თუმცა, ირანული მხარე ადრეც ცდილობდა ამის უარყოფას. ირანულ მანქანებს ყალბი სომხური ნომრებიც კი დაადეს, ასეთ პრიმიტიულ დონეზე უნდოდათ ჩვენი მოტყუება".
აზერბაიჯანული მედია მანამდე ვარაუდობდა, რომ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში შემავალი და გასული მანქანებისთვის საგუშაგოს აკეთებდა, რაც მთიანი ყარაბაღის მთავრობამ უარყო.
"აუცილებელია მონიტორინგი, შემოწმება და უკანონო [გარემოს] ექსპლუატაციის შეჩერება და ჩვენ ამას მივაღწევთ", — განაცხადა ალიევმა.
"ამიტომ, უბრალოდ უსამართლოა ლაჩინ-ხანკენდის გზაზე მომხდარ მოვლენებს ბლოკადა ვუწოდოთ".
ბოლო შანსი მშვიდობისთვის
ალიევმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო მისია მთიან ყარაბაღში 2025 წელს უნდა დასრულდეს და თქვა, რომ 2023 წელი იყო "უკანასკნელი შანსი" სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიის შესახებ მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად.
"იმიტომ, რომ შემდეგ მოდის 2024 წელი, შემდეგ კი 2025 წელს მთავრდება რუსეთის სამშვიდობო მისია. ეს მათ ცხვირწინაა და უნდა იფიქრონ", — თქვა ალიევმა.
მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანს "არავითარი განზრახვა არ აქვს მესამე ომის დაწყებაზე", მაგრამ დასძინა, რომ აზერბაიჯანმა გაზარდა თავისი შეიარაღებული ძალების მოცულობა და შესაძლებლობები 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ.
"აზერბაიჯანმა უკვე შექმნა და შექმნის ისეთ შეიარაღებულ ძალას, რომელთან შეჯახებაც თვითმკვლელობა იქნება. ჩვენი კომანდოს ძალები უკვე სრულად ჩამოყალიბდა, ძალიან დიდ ძალად იქცა და ეს პროცესი გრძელდება, […] მათი რაოდენობა გაიზრდება. გაიზრდება ჩვენი სპეცრაზმის რაოდენობაც. ჩვენ უკვე გავაორმაგეთ ისინი და კიდევ გავზრდით მათ რაოდენობას".
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წელს სომხეთი "საბოლოოდ გაიგებს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება გარდაუვალია" და აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლომდე ელოდა შეთანხმებას ხელმოწერას.
"რას ელოდება სომხეთი? ალბათ ელოდება რაღაც გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, იქნებ იმას, რასაც ვიღაც დაჰპირდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სამჯერ ვაჩვენეთ, რომ წინ ვერავინ დაგვიდგება და მივაღწევთ იმას, რაც გვსურს და ვერც ერთი პატრონი ვერ მივა მათ დასახმარებლად".
"ვიზუალური დაკვირვება ახლა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ნებისმიერი საფრთხე და თავიდან ავიცილოთ იგი. მე მჯერა, რომ სომხეთი, რომელმაც უკვე სამჯერ განიცადა ასეთი სამხედრო და პოლიტიკური მარცხი, მიხვდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება გარდაუვალია. რაც უფრო მალე გაიგებენ და რაც უფრო მალე იპოვიან ძალას და ნებას დათანხმდნენ ამას, მით უკეთესი იქნება ეს რეგიონისთვის", — განაცხადა ალიევმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები