ბლოკადის ფონზე მთიან ყარაბაღში აქციები გაიმართა
მთიანი ყარაბაღის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზის გახსნის მოთხოვნით, კვირას, სტეფანაკერტში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბრის შემდეგ გადაკეტილია აზერბაიჯანელი "ეკო აქტივისტების" მიერ.
პროტესტი მიმდინარეობს მზარდი საკვები და სამედიცინო დეფიციტის და რუსი სამშვიდობოების დაპირებების ფონზე, რომ სიტუაცია 26 დეკემბერს მოგვარდებოდა.
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრმა, რუბენ ვარდანიანმა განაცხადა, რომ არსებული ბლოკადიდან სამი გამოსავალი არსებობს.
"პირველ რიგში, ჩვენ ვემორჩილებით [აზერბაიჯანს] ადრე თუ გვიან და ნელ-ნელა ვხდებით აზერბაიჯანში ინტეგრირებული. მეორე — ჩვენ ვტოვებთ [მთიან ყარაბაღს]. მესამე, ჩვენ ვიბრძვით. მე მივიღე გადაწყვეტილება 2 სექტემბერს: მე აქ ვარ და ვიბრძვი", — თქვა ვარდანიანმა, რუს-სომეხმა მილიარდერმა, რომელმაც გააუქმა რუსეთის მოქალაქეობა და სექტემბერში სტეფანაკერტში გადავიდა.
სტეფანაკერტის ხელისუფლებამ კვირის აქცია რეგიონის ბლოკადის გასაპროტესტებლად დაგეგმა, რომელიც უკვე ორ კვირაზე მეტია გარესამყაროსგან მოწყვეტილია.
გზა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "სიცოცხლის გზას" უწოდებს, აზერბაიჯანელებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ეკოაქტივისტები იყვნენ, 12 დეკემბერს ჩაკეტეს. ისინი ამბობდნენ, რომ აპროტესტებდნენ სავარაუდო გარემოსდაცვით საკითხებს და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას მთიან ყარაბაღში, თუმცა მოგვიანებით, მათი მოთხოვნები გაფართოვდა და მოიცვა რეგიონის აზერბაიჯანში ინტეგრაცია.
მომიტინგეთა მცირე ჯგუფმა კვირას სომხეთის დედაქალაქშიც გამართა აქცია ლაჩინის დერეფნის გახსნის შესახებ მთიანი ყარაბაღის მოთხოვნის მხარდასაჭერად. ბლოკადის დაწყების შემდეგ ერევანში არაერთი მსგავსი აქცია გაიმართა.
სამშვიდობოების დაპირებები
23 და 24 დეკემბერს, მომიტინგეთა ჯგუფები სტეფანაკერტიდან ბლოკადასთან ახლოს რუსი სამშვიდობოების საგუშაგოსკენ გაემართნენ, გზის ჩამკეტავ აზერბაიჯანელ მომიტინგეებთან მეორე მოლაპარაკების საცდელად.
24 დეკემბერს, შუშას (შუშის) მახლობლად საგუშაგოზე მისვლისას, რუსმა სამშვიდობოებმა ათასზე მეტი მომიტინგე ჯავშანტექნიკითა და ჯარისკაცებით დაბლოკეს.
"[სამშვიდობოების წარმომადგენელი] ამბობს, რომ აზერბაიჯანელებს ვერ მოიშორებენ, ძალის გამოყენების საშუალებას არ გვაძლევენ და უნდა შევეგუოთ. "ჩვენ არ დაგვიკეტავს თქვენი გზა", — უთხრა შეკრებილებს მსვლელობის ორგანიზატორმა, ტიგრან პეტროსიანმა.
"ყარაბაღელების 99%-ს სჯეროდა თქვენი და გენდობოდათ [რუსეთის სამშვიდობო მისიას] როდესაც პირველად ჩამოხვედით, მაგრამ ახლა დიდი იმედგაცრუებაა. მალე თქვენდამი ნდობა მთლიანად დაიკარგება. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ისე გვიყენებთ, როგორც მონეტებს".
"ოფიცერმა თქვა, რომ 26 დეკემბერს შეხვედრა იქნება და ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდება. მან კატეგორიულად გამორიცხა, რომ იქ აზერბაიჯანული გამშვები პუნქტი განთავსება. მე ვუთხარი, თუ 26-ში გზა არ გაიხსნება, ჩვენ დავკეტავთ გზას ივანიან-ხოჯალუს აეროდრომზე მდებარე თქვენს სამხედრო ბაზამდე-მეთქი".
2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, რომელმაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა, რუსეთის სამშვიდობო მისია მთიან ყარაბაღში პასუხისმგებელია ლაჩინის დერეფნის უსაფრთხოებაზე.
მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ, რუზანა ჰაირაპეტიანმა OC Media-ს განუცხადა, რომ აქციაში მონაწილეობას იღებდა, რადგან "სიცოცხლის გზა" ათ დღეზე მეტია დაკეტილია.
"მე ვაპირებ ბრძოლას სამართლიანობისთვის. მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები, უბრალოდ, მინდა გზა გაიხსნას, ეს პრობლემა როგორმე უნდა მოგვარდეს".
"ჩემი შვილები ერევანში არიან ჩარჩენილი, სახლში ვეღარ ბრუნდებიან", — განუცხადა OC Media-ს ნაზელი ისუნცმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მსვლელობაში.
"ვცდილობ გავაკეთო, რაც ჩემზეა დამოკიდებული. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რატომ არ ასრულებენ რუსები თავიანთ პასუხისმგებლობას".
პაციენტები კრიტიკულ მდგომარეობაში
მას შემდეგ, რაც 12 დეკემბერს ლაჩინის დერეფნის შესასვლელი პირველად დაიბლოკა, საკვებისა და მედიკამენტების მზარდმა დეფიციტმა ჰუმანიტარული კრიზისის შიში გამოიწვია. მაღაზიებს დიდი ხანია ამოეწურა ბოსტნეული, სხვა პროდუქტების ნაკლებობა კი სულ უფრო იზრდება.
ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი პაციენტი 19 დეკემბერს გარდაიცვალა, რადგან ვერ გადაიყვანეს ერევანში სამკურნალოდ; სტეფანაკერტში ათზე მეტი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გასულ კვირას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ჩართვის შემდეგ, ექვსი პაციენტი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა სომხეთში.
ICRC-მ ასევე განაცხადა, რომ კვირას მთიან ყარაბაღს 10 ტონა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს. სტეფანაკერტის ოფიციალური პირების თქმით, იმპორტი სომხეთიდან გზის დახურვამდე დღეში 400 ტონას შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩანს რომ დერეფნის დაკეტვის შემდეგ, დაკეტვის ზონაში რუსული სამხედრო სატვირთო მანქანები გადიან, მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისმა OC Media-ს განუცხადა, რომ მათ არ მიუღიათ რაიმე ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რაიმე რუსულმა დახმარებამ მთიანი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობამდე მიაღწია.
"წამალი იწურება, საჭმელი იწურება და შვილი მყავს. სად მივმართო სასურსათო დახმარებას? რუბენ ვარდანიანს უნდა ვთხოვო? ვის ვკითხო?", — თქვა ჰერსიკ საღიანმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 24 დეკემბრის მსვლელობაში.
"არ ვიცი, ვინ გადაკეტა გზა. მე ვიცი, რომ შეთანხმების თანახმად, სამშვიდობოებს აქვთ უფლება, ამის შესაძლებლობა არავის მისცენ, არც ეკოლოგებს და არც სხვებს", — დასძინა საღიანმა. "ჰკითხეთ რუსებს, რატომ არღვევენ შეთანხმებას".
გზის ჩაკეტვამ, ათასზე მეტი მთიანი ყარაბაღის სომეხი სახლიდან მოშორებით დატოვა.
აზერბაიჯანის მთავრობა ინარჩუნებს პოზიციას, რომ ბლოკადა არ არის გამოწვეული აზერბაიჯანელი მომიტინგეების მიერ და დერეფნის დახურვაში რუს სამშვიდობოებს ადანაშაულებს.
მას შემდეგ, რაც გზა პირველად გადაკეტეს, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ და ევროკავშირმა აზერბაიჯანს მოუწოდა დერეფნის ხელახლა გახსნისა და "თავისუფალი გადაადგილების აღდგენისკენ".
სომხეთმა, გასულ კვირას, ბლოკადის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა, ამასთანავე — დროებითი ზომები აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან, რომელმაც მოითხოვა, რომ აზერბაიჯანს გზა გაეხსნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამედიცინო დახმარება და საცხოვრებელი ესაჭიროებოდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები