თუ საფრთხეებით სავსე სამყაროში ციცქნა ბაყაყი ხარ, რომელიც ბედის უკუღმართობით ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში დაიბადა (სადაც, საფრთხე ერთიორად მეტია), აუცილებლად დაგჭირდება ხერხები, რომელიც ამ მტრულ ეკოსისტემაში თავის გასატანად გამოგადგება.

ზოგი ბაყაყი თავს აგრესიულად იცავს, უტევს რა თავდამსხმელს უძლიერესი შხამით. ხოლო, ვინც ბუნებას ამ იარაღით არ დაუჯილდოებია, უფრო ჩუმ ტაქტიკას არჩევს — კამუფლაჟია ის მეთოდი, რომელიც ამ უწყინარ ამფიბიას მტაცებლის მუცელში აღმოჩენისგან იცავს. ერთ-ერთი ასეთი არსება Hyalinobatrachium Fleischmanni, იგივე ფლეიშმანის შუშის ბაყაყია, რომელიც ხის ფოთლებზე ცხოვრობს და იქვე ინიღბება.

ასევე იხილეთ: შუშის ბაყაყების "გამჭვირვალე" კანის საიდუმლო ამოხსნილია — კვლევა

ჩვეულებრივ, შუშის ბაყაყი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და საფრთხეს სიბნელის საფარქვეშ ემალება. დღისით კი პოულობს იდეალურ ფოთოლს, რომელზეც მოკალათდება და იძინებს, კანის მწვანე პიგმენტაციის დამსახურებით ბაყაყი ამ გარემოს იდეალურად ეხამება.

მიუხედავად ამისა, შუშის ბაყაყი ძილში აბსოლუტურად უსაფრთხოდ მაინც ვერ არის... მწვანე ფერის კანი ყველა რისკს, საუბედუროდ, ვერ აქრობს. თუ ფოთოლს მზის სხივი დაეცემა, მასზე ბაყაყის სილუეტი ნათლად გამოჩნდება, მშიერი მტაცებლები კი მძინარე საჭმელს ხელიდან არაფრით გაუშვებენ.

ფოტო: Jesse Delia

როგორც ჩანს, ფლეიშმანის შუშის ბაყაყი მაინც ახერხებს, რომ მზის სხივმა მისი სხეულის დიდ ნაწილში ჩვეულებრივ გაიაროს და სილუეტი თითქმის შეუმჩნეველი გახდეს.

დიუკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, ბიოლოგი კარლოს ტაბოადას ხელმძღვანელობით, შეამჩნია, რომ ამ პატარა ამფიბიებს აქვთ ერთი ხრიკი, რომლითაც გადარჩენის შანსს მკვეთრად იზრდიან.

"შუშის ბაყაყები თავიანთი გამჭვირვალე კუნთებითა და კანით არიან ცნობილი, რომლიდანაც მათი ძვლებისა და ორგანოების ნახვაც კია შესაძლებელი. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ქსოვილები ხილული სხივის 95%-ს ატარებენ ისე, რომ გადაადგილებისა და ვოკალიზაციის ფუნქციები არ დაკარგონ. ეს გამჭვირვალობა ადაპტიურია, რადგან ის ძილის პროცესში შუშის ბაყაყს მტაცებლებისგან ნიღბავს", — განაცხადეს ნაშრომში ტაბოადამ და მისმა კოლეგებმა

ფოტო: Taboada et al., Science, 2022

ეს ძალიან საინტერესოა, რადგან სისხლის წითელ უჯრედებს, რომლებიც სხეულში გადაადგილდებიან, გამჭვირვალე ქსოვილის ხილულად გადაქცევა შეუძლიათ. გარდა ამისა, გამჭვირვალობა ხმელეთის ბინადრებში ძალიან იშვიათია, რაც შუშის ბაყაყს ყურადღების ღირსად აქცევს. შესაბამისად, ტაბოადამ გადაწყვიტა, ბაყაყი და მისი უცნაური ხრიკი შეესწავლა.

მკვლევრებმა 11 ბაყაყი შეარჩიეს და გამოიყენეს კალიბრირებული ფერადი ფოტოგრაფია, რათა განუწყვეტლივ გაეზომათ მათი გამჭვირვალობა სხვადასხვა პერიოდში: ძილში, სიფხიზლეში, თანამოძმეებთან ინტერაქციაში, ფიზიკურ აქტივობასა და ნარკოზში.

აღმოაჩინეს, რომ შუშის ბაყაყს სიფხიზლეში, თავისიანებთან ურთიერთობის პროცესში, ფიზიკურად აქტიურ პერიოდსა და ნარკოზში გამჭვირვალობის დაახლოებით ერთნაირი ხარისხი ახასიათებს.

რაც შეეხება ძილს, ამ დროს ეს ამფიბია 34-61%-ით უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე სხვა მონაკვეთებში.

13 ბაყაყის ოპტიკურმა სპექტროსკოპიამ აჩვენა, რომ ამის მიზეზი სხეულში წითელი უჯრედების ცირკულაციის შემცირებაა. ძილში ერითროციტების გადაადგილებამ 89%-ით იკლო და ღვიძლში მათმა კონცენტრაციამ იმატა.

აღმოჩენის მიხედვით, იმისათვის, რომ უსაფრთხოდ იძინოს, შუშის ბაყაყი სისხლის წითელი უჯრედების უდიდეს ნაწილს ღვიძლში "ინახავს", გაღვიძების შემდეგ კი კვლავ გამოათავისუფლებს მათ და სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღდგება, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. პროცესს ბაყაყის სხეულზე უარყოფითი გავლენა არ აქვს, რაც, მეცნიერების აზრით, გასაოცარია.

"როცა შუშის ბაყაყს სურს, იყოს გამჭვირვალე, რაც ხდება მაშინ, როცა ისვენებს და მტაცებლისთვის მარტივი სამიზნეა, ის სისხლისგან წითელ უჯრედებს გამოაცალკევებს და ინახავს მათ ღვიძლში. პროცესში, ბაყაყი როგორღაც სისხლის მასიურ შედედებასაც ირიდებს თავიდან. როცა კვლავ აქტიურდება, ის უჯრედებს სისხლის მიმოქცევაში აბრუნებს, რაც გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებს", — აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, დიუკის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი სონკე იონსენი

ფოტო: (Taboada et al., Science, 2022

თუ როგორ ახერხებს შუშის ბაყაყი ამის გაკეთებას ორგანოების დაზიანების გარეშე, ჯერჯერობით უცნობია.

ამ მექანიზმის გარკვევა მედიცინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ აღმოვაჩენთ მოდიფიკაციას, რომელიც სისხლის უჯრედებს ასეთი სიმჭიდროვის პირობებში შედედებისგან იცავს და ამას ადამიანის სისხლის კვლევაში გამოვიყენებთ, მეცნიერებს ექნებათ შესაძლებლობა, თრომბოზისა და გულის შეტევის არიდების გზებზე იმუშაონ.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.