შუშის ბაყაყების "გამჭვირვალე" კანის საიდუმლო ამოხსნილია — კვლევა
სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტროპიკებში, გამჭვირვალე კანიანი ბაყაყი ბინადრობს, რომელსაც, ხშირად "შუშის" ბაყაყსაც ეძახიან. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაიგონ რატომ აქვთ ამ ბაყაყებს გამჭვირვალე კანი.
სინამდვილეში შუშის ბაყაყს, მხოლოდ ნახევრად გამჭვირვალე, მწვანე შეფერილობის (ინგ. translucent) კანი აქვს. ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნახევრად გამჭვირვალეობა ბაყაყებს კამუფლაჟირების საშუალებას აძლევს.
მაინც უცნაურია, რატომ არ იყენებენ ეს ბაყაყები კამუფლაჟის უფრო გავრცელებულ ფორმებს.
კვლევის ავტორის, ჯეიმს ბარნეტის თქმით, "ბაყაყს მწვანე შეფერილობა, ფოთლების ფერთან შერწყმის მიზნით აქვს, თუმცა ფოთლები ხშირად შეფერილობით და სიკაშკაშით განსხვავდებიან".
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კანის ნაწილობრივი გამჭვირვალეობა ბაყაყს სხვადასხვა ფერის ფოთლებთან უკეთ შერწყმის საშუალებას აძლევს. თუ ეს ცხოველი უფრო ჩაბნელებულ გარემოცვაშია, მისი კანი ამას ირეკლავს და ისიც უფრო მუქად გამოიყურება.
მეცნიერები დაინტერესდნენ რამდენად ეფექტიანია შუშის ბაყაყის კამუფლაჟი მტაცებლის თვალში. ამიტომ მათ რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს:
პირველ ექპსერიმენტში 55 ბაყაყს ფოტოები ფოთლებიან გარემოში და თეთრ ფონზე გადაუღეს. შემდეგ კი ისინი ერთმანეთს შეადარეს: "ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბაყაყების სხეულებს, ფონის ცვლილებასთან ერთად ფერი დიდად არშეუცვლიათ, თუმცა ფეხების (ყველაზე მეტად გამჭვირვალე ნაწილი) ფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მეცნიერებმა ფოტოებზე ასახულ ბაყაყებს სხვადასხვა შეფერილობები მიანიჭეს, შემდეგ კი ეს ფოტოები ადამიანებს დაურიგეს და თხოვეს მიწოდებულ ფოტოზე ბაყაყი რაც შეიძლება სწრაფად მოენახათ.
აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ბაყაყების შემჩნევა ყველაზე მეტად მაშინ უადვილდებოდათ, როცა ბაყაყი მთლიანად გაუმჭვირვალე იყო. გამჭვირვალე, გარემოსთან შერწყმული ბაყაყების პოვნა კი ადამიანებისთვის რთული აღმოჩნდა.
ბოლოს მეცნიერებმა ჟელატინისგან დამზადებული 180 გამჭვირვალე და 180 გაუმჭვირვალე ბაყაყის ფიგურა ეკვადორის ტყეებში მოათავსეს. აღმოჩნდა, რომ ჩიტები 53 გაუმჭვირვალე და 23 გამჭვირვალე ბაყაყს დაესხნენ თავს. მეცნიერების თქმით, ფრინველებს გამჭვირვალე ბაყაყების პოვნა უფრო გაუჭირდათ.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ნაწილობრივი გამჭვირვალეობა შუშის ბაყაყს კამუფლაჟში და მტაცებლებისგან თავდაცვაში ეხმარება", — ამბობს ბარნეტი.
კომენტარები