ევროკავშირი სომხეთში გრძელვადიანი მონიტორინგის მისიას განიხილავს
ორთვიანი მისიის ვადის დასრულების შემდეგ, ევროკავშირმა გრძელვადიანი სამოქალაქო მისიის დასაარსებლად სომხეთში გუნდი გაგზავნა.
პირველი მისია 40 სამოქალაქო პერსონალისგან შედგებოდა, რომლებიც სომხეთში ოქტომბრის ბოლოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 13-14 სექტემბრის ბრძოლის შემდეგ განლაგდნენ.
19 დეკემბერს, ევროკავშირმა სომხეთში გაგზავნა გარდამავალი დაგეგმვის დახმარების ჯგუფი საქართველოში მისი სადამკვირვებლო მისიიდან, "ქვეყანაში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესაძლო სამოქალაქო მისიის" დაგეგმვისა და მომზადებისთვის.
ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ორშაბათს განაცხადა, რომ პირველი სადამკვირვებლო მისია "ეფექტური აღმოჩნდა და ხელი შეუწყო არასტაბილურ ვითარებაში ნდობის ჩამოყალიბებას".
"ჩვენ დღეს ვიწყებთ ევროკავშირის ჩართულობის ახალ ფაზას სამხრეთ კავკასიაში, გარდამავალი გუნდით, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის სომხეთში, რომლის საბოლოო მიზანია რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობა", — განაცხადა მან.
12 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ განაცხადა, რომ სომხეთში მუდმივი მისიის გაგზავნა ხელს შეუწყობს "ევროკავშირის სანდოობის შენარჩუნებას და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის ხელშეწყობას".
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ევროკავშირის პირველ სადამკვირვებლო მისიაზე 6 ოქტომბერს, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც შუამავლობდნენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
ალიევი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა სადამკვირვებლო მისიის განლაგებას, მაგრამ პრაღაში მოლაპარაკებების შემდეგ მისიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, იმდენად, "რამდენადაც მას ეს შეეხებოდა".
მიუხედავად იმისა, რომ მისია მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარმა ამტკიცებდა, რომ მისი გახანგრძლივება შეუძლებელი იყო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ამბობდა, რომ "ეს [ევროკავშირის] უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საჭიროა".
"ეს არის ჩვენი რწმენა. ეს ასევე, […] სომხების სურვილია", — თქვა კოლონამ.
სექტემბრის ბრძოლების შემდეგ სომხეთმა საერთაშორისო მხარდაჭერა მოითხოვა.
მისიის დასრულებამდე, სადამკვირვებლო მისია საზღვრის სომხურ მხარეს, ლაჩინის დერეფნის დასაწყისთან დააფიქსირეს, რომელიც კვირაზე მეტია დაკეტილია. მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი მარშრუტის დახურვამ გამოიწვია საკვებისა და სამედიცინო მარაგის დეფიციტი, რაც გაფრთხილებაა "მოახლოებული ჰუმანიტარული კრიზისის" შესახებ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები