მთიანი ყარაბაღი ალყაშია
12 დეკემბერს, აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ "ეკო აქტივისტები" არიან, ლაჩინის დერეფანში შევიდნენ, რითაც მთიანი ყარაბაღი დე ფაქტო ბლოკადაში მოაქციეს. რადგან მაშველი რგოლი, რომელიც რეგიონს სომხეთსა და დანარჩენ მსოფლიოსთან აკავშირებს, გადაჭრილია, რეგიონში ხალხს მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის შიში აქვს.
"თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ დიდხანს ვერ გავძლებთ", — ამბობს კარენ მელკუმიანი, არევიკის სამედიცინო ცენტრის დირექტორი. "შემოდგომა-ზამთარი მწვავე რესპირატორული დაავადებების სეზონია და საავადმყოფო გადატვირთულია".
არევიკის ცენტრი ერთადერთი პედიატრიული საავადმყოფოა მთიან ყარაბაღში. 16 დეკემბერს, როდესაც OC Media მელკუმიანს ესაუბრა, მთიან ყარაბაღში გაზის მიწოდება სამი დღით იყო შეწყვეტილი. სომხეთიდან რეგიონში გაზის მიმტანი მილები გადის მიწებზე, რომელსაც ახლა აზერბაიჯანის მთავრობა აკონტროლებს, ეს ფაქტი, როგორც ჩანს, წარსულში ზეწოლის განსახორციელებლად გამოიყენებოდა.
"პალატებს ელექტროენერგიით ვათბობთ, რომ ბავშვები არ გაცივდნენ. თქვენ ხედავთ, რომ საავადმყოფოს შენობის დერეფნებში ცივა და ჩვენ აქ ორმაგი ტანსაცმლით ვსხედვართ", — ამბობს მელკუმიანი.
იმავე დღეს, მოგვიანებით, გაზმომარაგება აღდგა.
"ჩვენ ზომიერად ვიყენებთ მედიკამენტებს", — ამბობს მელკუმიანი, "იმისათვის, რომ თუ ბავშვი მოულოდნელად კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ჯერ მას დავეხმაროთ".
არევიკის ცენტრს მხოლოდ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა ჰყავს, რომელიც ახლა ბლოკადის მეორე მხარეს არის ჩაკეტილი მას შემდეგ, რაც გზის გადაკეტვამდე პაციენტი ერევანში გადაიყვანეს.
მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანა ხელმისაწვდომიც რომ იყოს, გაურკვეველია გამოსადეგია თუ არა. ბლოკადამ საწვავის მწვავე დეფიციტი გამოიწვია.
მაშინ, როცა სტეფანაკერტის ქუჩები მდუმარე და ცარიელია, რამდენიმე მანქანა მოჩანს ქალაქგარეთ. იქ, სადაც სომხეთში ლაჩინის დერეფანი იწყება, ხალხი გზის გახსნას ელოდება.
"ჩვენ სომხეთის რეგიონებიდან ვართ. ყარაბაღში მოვდივართ რომ საქონელი, ხორცი, ხილი და ბოსტნეული გავყიდოთ", — ამბობს ერთ-ერთი კაცი, რომელიც რეგიონში ჩარჩა და სხვა მძღოლებთან ერთად ხანძრის გარშემო დგას. "ჩვენ ვერც წინ წავალთ და ვერც უკან".
"მიზანმიმართული ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნა"
აზერბაიჯანის მთავრობამ უარყო პასუხისმგებლობა როგორც გზის ჩაკეტვაზე, ასევე გაზის შეწყვეტაზე, პირველში, რუსეთის სამშვიდობო მისიას ადანაშაულებს, მეორეში — სომხეთის ხელისუფლებას.
ეს არის სტეფანაკერტის ოფიციალური პირების მიერ უარყოფილი პრეტენზიები.
"უკვე ხუთი დღეა, რაც აზერბაიჯანი არცახის [მთიანი ყარაბაღის] 120 000 მოსახლეს სრული ბლოკადის ქვეშ ამყოფებს, ყალბი გარემოსდაცვითი საბაბებით გაჟღენთილი, "ემოციური" და ყურადღების მიპყრობის დღის წესრიგით, რითაც არცახის სომხები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა", — განაცხადა პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.
"თუმცა, როგორც ვხედავთ, არცახის მოსახლეობა არ იჩოქებს და ღირსეულად ლახავს მიმდინარე პროცესებს, რომლებიც 21-ე საუკუნესთან შეუთავსებელია და ცივილიზებული ხალხისთვის თითქმის წარმოუდგენელია", — განაცხადა პრეზიდენტმა.
ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატის წარმომადგენელი, მარინა სიმონიანი საუბრობს მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, თუ გზა არ გაიხსნება.
მისი თქმით, რეგიონის მოსახლეობა, მათ შორის 30 000 ბავშვი, 20 000 მოხუცი და 9 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი "უბრალოდ, მოკლებულია ჰუმანიტარულ საშუალებებს".
"აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დახურვა სერიოზულად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და აშკარად მიზნად ისახავს ჰუმანიტარულ კატასტროფას ყარაბაღში", — განუცხადა სიმონიანმა OC Media-ს.
სიმონიანი ამბობს, რომ დაახლოებით 1 100 ადამიანი, მათ შორის 270 ბავშვი, ამჟამად სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
"სომხეთის რესპუბლიკიდან ყარაბაღში ყოველდღიურად ოთხასი ტონა აუცილებელი საქონელი შემოდის, მათ შორის მარცვლეული, ფქვილი, ბოსტნეული, ხილი, ეკონომიკური საქონელი", — დასძენს ის. "ამჟამად ამ საქონლის მიწოდება ყარაბაღში მთლიანად შეჩერებულია".
18 დეკემბერს, უკვე დაფიქსირდა პირველადი საქონლისა და მედიკამენტების დეფიციტი.
სიმონიანი ამბობს, რომ ბლოკადამ უკვე შექმნა "სერიოზული სამედიცინო კრიზისი".
შეუძლებელი გახდა კრიტიკულად დაავადებული პაციენტების ტრანსპორტირება, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო მკურნალობას და ჰოსპიტალიზაციას, შედეგად, ამ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
"დაე, ჩაჭრან ჩვენი ელექტროენერგია"
ბლოკადის შიგნით არსებული სიძნელეების მიუხედავად, წინააღმდეგობის მუხტი იზრდება.
"ორი დღით გაზი გააჩერონ, ორი დღით დენი, არა უშავს, გასათბობად შეშას დავწვავთ, სანამ სახლებში ვიქნებით", — ამბობს ელა ღამბარიანი.
"ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ერთად, მშვიდად უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ უნდათ დაგვახრჩონ, როგორც ის მტრედი, რომელიც მან დაახრჩო. ეს იყო მინიშნება, ბევრმა უბრალოდ ვერ გაიგო. მათ უბრალოდ სურთ იგივე გააკეთონ ჩვენთან".
"აქაურობას არ დავტოვებ, წასასვლელი არსად მაქვს", — ამბობს ღამბარიანი და ყვება იმ დაზიანებებზე, რომლებიც მისმა შვილებმა მიიღეს მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს.
"ჩვენ არ დავტოვებთ ამ მიწას ასეთ რთულ პერიოდში, თუნდაც ჩვენი ოჯახისთვის", — ამბობს ის. უფრო მეტიც, მინდა დავბრუნდე ჩემს მშობლიურ სოფელში, ჩაილიში, — ამბობს ღამბარიანი.
მსგავსი შემართება აქვს სტეფანაკერტის ბაზრის მოვაჭრეს, ალმირა ხაჩატრიანს.
"გადაკეტეს გზა; გაზი გათიშეს — დენიც გათიშონ, არ ინერვიულო, გადავრჩებიო, — ამბობს ის. ''მე არ წავალ აქედან. სანთლის შუქზე ვიცხოვრებთ, საწოლში დავწვებით, რომ გავთბეთ. ჩვენ ავიტანთ, შემოქმედებითი ხალხი ვართ".
მაგრამ ომის აჩრდილი მაინც გრძელ ჩრდილს ტოვებს.
"1990-იანებში ჩვენ წლების განმავლობაში ვცხოვრობდით დახურულ მდგომარეობაში; როგორც მაშინ ვიტანდით, ახლაც გავუძლებთ", — ამბობს ხაჩატრიანი. "უბრალოდ არ ვისურვებდი, რომ ამდენი ახალგაზრდა ბიჭი კვლავ მოკვდეს."
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები