საით მიდის კაცობრიობა: რა მოხდება, თუკი ადამიანები მომავალ მილიონ წელს გადაურჩებიან?
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მომავლის ყველაზე სავარაუდო სცენარი სახეობათწარმოქმნაა — ანუ ადამიანები რამდენიმე სახეობად დაიყოფიან.
სახეობების უმეტესობა გარდამავალია. ისინი გადაშენდება, განშტოვდება ახალ სახეობებში ან დროთა განმავლობაში შეიცვლება შემთხვევითი მუტაციებისა და გარემოს ცვლილებების გამო. ძუძუმწოვრების ტიპურმა სახეობამ შეიძლება იარსებოს მილიონი წლის განმავლობაში.
თანამედროვე ადამიანი, ჰომო საპიენსი, დაახლოებით, 300 000 წელია, რაც არსებობს. და რა მოხდება, თუკი მისი არსებობის დრო მილიონ წლამდე მიაღწევს? სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი ჰერბერტ უელსი იყო პირველი, რომელიც მიხვდა, რომ, ასეთ შემთხვევაში, ადამიანები შეიძლება, გადაიქცნენ რაღაც ძალიან უცხო არსებებად.
თავის 1883 წელს გამოქვეყნებულ ესეიში, "ადამიანი მილიონ წელში" (Man in the year million), მან წარმოადგინა ის, რაც ახლა უკვე კლიშე გახდა — დიდი ტვინისა და პატარა ტანის მქონე არსებები. მოგვიანებით, მან ივარაუდა, რომ ადამიანები ასევე შეიძლება დაიყონ ორ ან მეტ ახალ სახეობად.
ასევე იხილეთ: რამდენ ხანში განადგურდება სიცოცხლე დედამიწაზე? — რას ამბობს მეცნიერება
მიუხედავად იმისა, რომ უელსის ევოლუციურმა მოდელებმა დროის გამოცდას ვერ გაუძლო, სამი ძირითადი ვარიანტი, რომელიც მან განიხილა, კვლავ ჭეშმარიტად მიიჩნევა; კერძოდ, ჩვენ შეიძლება, გადავშენდეთ, რამდენიმე სახეობად დავიყოთ ან შევიცვალოთ. ამას ისიც ემატება, რომ გვაქვს ბიოტექნოლოგია, რომელსაც მნიშვნელოვნად შეუძლია თითოეული ვარიანტის ალბათობის გაზრდა.
მოსალოდნელმა სამომავლო ტექნოლოგიებმა, როგორებიცაა: ადამიანის გაუმჯობესება (უფრო დაჭკვიანება ან გაძლიერება წამლების, მიკროჩიპების, გენური მოდიფიკაციის ან სხვა ტექნოლოგიების საშუალებით), ტვინის ემულაცია (ტვინის კომპიუტერში ატვირთვა) ან ხელოვნური ინტელექტი — შეიძლება წარმოქმნას ტექნოლოგიური ფორმები ახალი სახეობისა, რომელიც ბიოლოგიას აქამდე არ უნახავს.
პროგრამული ინტელექტი და AI
მომავლის სრულყოფილად პროგნოზირება შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია ფუნდამენტურად შემთხვევით ფაქტორებზე: იდეებსა და მოქმედებებზე და ასევე ამჟამად უცნობ ტექნოლოგიურ და ბიოლოგიურ საზღვრებზე. მაგრამ მეცნიერების საქმეს სწორედ შესაძლებლობების აღმოჩენა წარმოადგენს და, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მომავლის ყველაზე სავარაუდო სცენარი სახეობათწარმოქმნაა — ანუ ადამიანები რამდენიმე სახეობად დაიყოფიან.
უამრავი მეცნიერი ცდილობს, გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება: შეანელოს ან სრულიად შეაჩეროს დაბერების პროცესი, აამაღლოს ინტელექტი და განწყობა, შეცვალოს სხეული და ა.შ. ამ ყველაფერს, პოტენციურად, ახალი სახეობების წარმოქმნისკენ მივყავართ. თუმცა არსებობს იმის შანსიც, რომ ზოგიერთი ადამიანი მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებაზე შეგნებულად იტყვის უარს. სავარაუდოა, რომ მაშინაც კი, თუ ეს ტექნოლოგიები გახდება ისეთივე იაფი და ყველგან გავრცელებული, როგორც მობილური ტელეფონებია, ზოგიერთი ადამიანი პრინციპულად მოინდომებს, დარჩეს "ნორმალურად" და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს.
ასევე იხილეთ: კიბო ჩვეულებრივ გაციებას დაემსგავსება — მომავლის 3 პროგნოზი მიჩიო კაკუსგან
გრძელვადიან პერიოდში უნდა ველოდოთ ყველაზე გაუმჯობესებულ ადამიანებს, რომლების ყოველი მომდევნო თაობა (ანდაც მომდევნო განახლება) წინაზე უკეთესია. ისინი გახდებიან ერთი ან ორი ფუნდამენტურად განსხვავებული "პოსტადამიანური" სახეობა და საკუთარ თავებს "ნამდვილ ადამიანებად" გამოაცხადებენ.
ტვინის ემულაციის, სპეკულაციური ტექნოლოგიის მეშვეობით, რომლითაც ადამიანი ასკანერებს ტვინს უჯრედულ დონეზე და შემდეგ აღადგენს ეკვივალენტურ ნეირონულ ქსელს კომპიუტერში, რათა შეიქმნას "პროგრამული ინტელექტი", ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ. და ეს არ იქნება უბრალო სახეობათწარმოქმნა — ჩვენ დავტოვებთ ცხოველთა სამეფოს და "პროგრამული სამეფოსკენ" გადავინაცვლებთ. ზოგიერთმა შეიძლება მოისურვოს ამის გაკეთება მრავალი მიზეზით, როგორებიცაა: უკვდავების შანსების გაზრდა (ასლებისა და სარეზერვო ასლების შექმნით) ან მარტივი მოგზაურობა კოსმოსში ინტერნეტით ან რადიოთი.
ასევე იხილეთ: შეძლებს თუ არა ადამიანი უკვდავების მიღწევას? — რას ამბობს მეცნიერება
პროგრამულ ინტელექტს სხვა უპირატესობებიც აქვს. იგი ძალიან ენერგოეფექტური შეიძლება იყოს — ვირტუალურ არსებას სჭირდება მხოლოდ ენერგია მზის შუქიდან და გარკვეული მასალები მიკროჩიპების შესაქმნელად. იგი ასევე შეძლებს, იფიქროს და შეიცვალოს, დაახლოებით, მილიონჯერ უფრო სწრაფად ჩვენს ბიოლოგიურ ტვინებთან შედარებით. ის მრავალი გზით შეძლებს განვითარებას. ამისთვის კი მხოლოდ პროგრამული განახლება იქნება საჭირო.
თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაცობრიობა პლანეტის ერთადერთ გონიერ სახეობად დარჩება. ხელოვნური ინტელექტი ახლა სწრაფად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ღრმა გაურკვევლობა და უთანხმოება იმის შესახებ, გახდება თუ არა ის ცნობიერი, ზოგადი ხელოვნური ინტელექტი (რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია, ადამიანის მსგავსად გაიაზროს ან შეისწავლოს რაიმე ინტელექტუალური პრობლემა) აუცილებლად შეიქმნება და, ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეს ამ საუკუნეში მოხდება. დროის გარკვეულ მომენტში, სავარაუდოდ, გვექნება პლანეტა, რომელზეც ადამიანები, დიდწილად, ჩანაცვლდებიან პროგრამული ან ხელოვნური ინტელექტით ან ამ ორის კომბინაციით.
უტოპია თუ დისტოპია?
საბოლოოდ, როგორც ჩანს, დამაჯერებელია მტკიცება, რომ ტვინების უმეტესობა პროგრამად გადაიქცევა. კვლევები გვიჩვენებს, რომ კომპიუტერები მალე ბევრად უფრო ენერგოეფექტური გახდება, ვიდრე ახლაა. პროგრამულ გონებას ასევე არ დასჭირდება ჭამა ან დალევა, რაც ენერგიის მოპოვების არაეფექტური გზაა, და იგი შეძლებს ენერგიის დაზოგვას დღის გარკვეულ მონაკვეთებში შედარებით ნელა მუშაობით.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შორეულ მომავალში ბევრად მეტი ხელოვნური გონება იარსებებს, ვიდრე — ადამიანური. და რადგანაც მათ სწრაფად განვითარება შეუძლია, ისინი, დროთა განმავლობაში, ჩვენეული აზროვნების სტილიდან სრულიად გადაუხვევს.
ფიზიკურ არსებებს, პროგრამულ არსებებთან შედარებით, ცალსახა მინუსი აქვთ: ისინი "ფეხს ითრევენ" თავიანთი მატერიალური სხეულის გამო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი დამოუკიდებლები არიან, განსხვავებით მოძრავი პროგრამებისგან, რომლებიც ჰაერში "აორთქლდება", თუკი მათი მონაცემთა ცენტრი ოდესმე განადგურდება.
"ჩვეულებრივი" ადამიანები, პროგრამული ადამიანებისგან განსხვავებით, შეიძლება, დარჩნენ ტრადიციულ საზოგადოებებში. ეს ვარიანტი არ განსხვავდება დღევანდელი ამიშებისგან, რომელთა თავმდაბალი ცხოვრების წესი ჯერ კიდევ შესაძლებელია (და დაცული) შეერთებული შტატების მიმდებარე ტერიტორიაზე. არ არსებობს უეჭველი მოცემულობა, რომ "უფრო განვითარებულმა" საზოგადოებებმა პატარა და "შედარებით პრიმიტიული" საზოგადოებები უნდა გაანადგუროს.
არის თუ არა ეს კარგი მომავალი? ვფიქრობ, ამ კითხვაზე მეცნიერება ვერ გვიპასუხებს, რადგან პასუხი მთლიანად დამოკიდებულია ჩვენს ღირებულებათა სისტემაზე. კარგი ცხოვრება შეიძლება, გულისხმობდეს სხვა ადამიანებთან ურთიერთობასა და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას. ამ პერსპექტივიდან, უცნაური "პოსტადამიანები" არ არიან საჭირო. ჩვენ უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ წყნარ, პატარა სოფელს შეუძლია ფუნქციონირება (იგი, შესაძლოა, დაცული იყოს უხილავი ავტომატიზაციით).
ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება, მეტად დააფასოს "ადამიანური პროექტი" და ტაში დაუკრას უწყვეტ ჯაჭვს ჩვენი პალეოლითური წინაპრებიდან ჩვენს მომავალ თვითებამდე, თუმცა მათაც, შესაძლოა, ჩათვალონ, რომ პროგრამული ადამიანები მეტისმეტია და სჯობს, უბრალოდ ახალ, უცნაურ ფორმებში განვვითარდეთ, მაგრამ დავრჩეთ ადამიანებად.
სხვებმა შეიძლება, ამტკიცონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითგამოხატვის თავისუფლება და თქვენი ცხოვრებისეული მიზნების დაცვა. მათ შეიძლება, იფიქრონ, რომ ჩვენ ფართოდ უნდა გამოვიკვლიოთ პოსტადამიანური სამყარო და ვნახოთ, თუ რას გვთავაზობს იგი.
სხვები ასევე შეიძლება, აფასებდნენ ბედნიერებას, აზროვნებას ან სხვა თვისებებს და სურდეთ მათი მაქსიმიზაცია.
მოკლედ, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრი შეიძლება გვქონდეს ამ საკითხზე.
დაისონის სფერო?
აი, ეს არის პროგნოზი მილიონი წლისთვის: ზოგიერთი ადამიანი მეტ-ნაკლებად გვგავს, მაგრამ იმაზე გაცილებით ნაკლებად მრავალრიცხოვნები არიან, ვიდრე ჩვენ ვართ დღეს. ზედაპირის უდიდესი ნაწილი უდაბნოა, რომელიც თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა, რადგან სოფლის მეურნეობისა და ქალაქების გაცილებით ნაკლები საჭიროებაა, ვიდრე ახლა. აქა-იქ ჩნდება ძალიან განსხვავებული ეკოსისტემების მქონე კულტურული ადგილები, რომლებიც საგულდაგულოდ არის დაცული რობოტების მიერ ისტორიული თუ ესთეტიკური მიზეზების გამო.
საჰარაში სილიკონის ბალდახინების ქვეშ ტრილიონობით ხელოვნური გონება ტრიალებს. უზარმაზარი და ცხელი მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ოდესღაც პლანეტას გადახურებით ემუქრებოდა, ახლა ამ გონებებს მუხტავს. უმეტესობა მზის გარშემო ბრუნავს და აყალიბებს მზარდ სტრუქტურას — დაისონის სფეროს — სადაც ენერგიის ყოველი ვატი მუხტავს აზროვნებას, ცნობიერებას, კომპლექსურობას და სხვა უცნაურ რაღაცებს, რომლებისთვისაც სიტყვები ჯერ არ გაგვაჩნია.
და თუკი ამ დროისთვის ბიოლოგიური ადამიანები გადაშენდებიან, ყველაზე სავარაუდო მიზეზი (გარდა ამჟამინდელი აშკარა და უშუალო საფრთხეებისა) იქნება პატივისცემის, შემწყნარებლობისა და სავალდებულო კონტრაქტების ნაკლებობა სხვა პოსტადამიანურ სახეობებთან.
აი, ესაა ადამიანის მომავლის განვითარების შესაძლო სცენარი. დაფიქრდით, ისურვებდით თუ არა ამ სცენარში ყოფნას?
კომენტარები