მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ეს აზრი, თუკი ადამიანი ხართ, აუცილებლად მოკვდებით. სიკვდილი სიცოცხლის საფასურია, რომელსაც განურჩევლად ყველა ადამიანი იხდის. თუმცა, მედიცინისა და ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ადამიანები ნელნელა უკან წევენ თავიანთ "ვარგისიანობის ვადას"; და თუკი ეს ვადა უფრო და უფრო გაიზრდება, შევძლებთ თუ არა ერთ დღეს უკვდავების მიღწევას? პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვუწოდებთ უკვდავ ადამიანს.

"არ მგონია, რომ უკვდავებაზე საუბრისას ადამიანები ჭეშმარიტ უკვდავებას გულისხმობენ; რა თქმა უნდა, თუკი ისეთი რამის არ სჯერათ, როგორიც სულია", — განაცხადა სიუზან შნაიდერმა, ფილოსოფოსმა და Florida Atlantic University-ის Future Mind-ის (მომავალი გონების) ცენტრის დამფუძნებელმა დირექტორმა. "ვთქვათ, ვინმემ საკუთარი ტვინი და სხეული იმ დონეზე განავითარა, რომ ძალიან დიდხანს შეუძლია არსებობა, იგი მაინც ვერ იცოცხლებდა სამყაროს დასასრულის მიღმა."

მეცნიერები ფიქრობენ, რომ სამყარო დასრულდება, რაც ართულებს ადამიანის უკვდავების საიდუმლოს ამოხსნას. ჟურნალისტი ჯონ ჰორგანის მიხედვით, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სამყაროს სიკვდილის შემდეგ გადარჩენა შესაძლებელია, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს მცხოვრები ადამიანებიდან რომელიმემ ეს გამოცადოს.

ადამიანები ბერდებიან და კვდებიან; ამ პროცესის შესაჩერებლად, პირველ რიგში, სხეულის დაბერების პრობლემას უნდა მოვუხერხოთ რამე. თუმცა გამოსავალი არც თუ შორეულია, რადგან ცხოველთა ნაწილმა, შესაძლოა, ეს საკითხი უკვე გადაჭრა.

ასევე იხილეთ: შეგვიძლია უფრო დიდხანს ვიცოცხლოთ? მეცნიერებმა ტელომერული დნმ-ის ახალი სტრუქტურა აღმოაჩინეს

მაგალითად, ჰიდრები პატარა, მედუზის მსგავსი უხერხემლოებია, რომლებსაც დაბერებისადმი შესანიშნავი მიდგომა ახასიათებთ. ისინი, ძირითადად, შედგებიან ღეროვანი უჯრედებისგან, რომლებიც მუდმივად იყოფა ახალი უჯრედების შესაქმნელად, რადგან მათი ძველი უჯრედები ნადგურდება. ახალი უჯრედების მუდმივი შემოდინება საშუალებას აძლევს ჰიდრებს, რომ გაახალგაზრდავდნენ და სამუდამოდ ასეთებად დარჩნენ.

ჰიდრა

ფოტო: Dr. David Plachetzki, University of California

"როგორც ჩანს, ისინი არ ბერდებიან, ამიტომ პოტენციურად უკვდავები არიან", — განაცხადა დანიელ მარტინესმა, ბიოლოგიის პროფესორმა პომონას კოლეჯში, კალიფორნიაში. ჰიდრების არსებობა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთ ცხოველზე, შესაძლოა, დაბერების პროცესი არ მოქმედებდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმავეს გამეორებას ადამიანებშიც შევძლებთ. 10 მმ-ის სიგრძის ჰიდრები მარტივი უხერხემლოები არიან და ორგანოები არ აქვთ. "ჩვენთვის კი, რომელთა სხეულიც უაღრესად კომპლექსურია, ჰიდრებივით მოქცევა შეუძლებელია", — დასძინა პროფესორმა.

ადამიანებს აქვთ ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც შეუძლია სხეულის ნაწილების აღდგენა და ხელახლა გაზრდაც კი — მაგალითად, ღვიძლში — მაგრამ ადამიანის სხეული, ჰიდრასგან განსხვავებით, თითქმის მთლიანად ამ უჯრედებისგან არ შედგება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის უჯრედები არა მხოლოდ გაყოფისა და ახალი უჯრედების შესაქმნელად გამოიყენება, არამედ სხვა მრავალ ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, ჩვენი სისხლის წითელი უჯრედები ატარებს ჟანგბადს მთელ სხეულში. მარტინესის მიხედვით, ამ პროცესის გამო უჯრედები გაყოფის უნარს ნელნელა კარგავს, ხოლო უჯრედების დაბერებასთან ერთად, ჩვენც ვბერდებით.

ჰიდრასგან განსხვავებით, ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ გადავყაროთ ძველი უჯრედები, რადგან ისინი გვჭირდება. მაგალითად, ინფორმაციის გადამცემი ტვინის ნეირონების ჩანაცვლება არ გამოგვადგება, რადგან ასეთ შემთხვევაში აღარაფერი გვემახსოვრება. მარტინესის თქმით, ჰიდრას შეუძლია, გახდეს შთაგონება კვლევებისა, რომლებიც იპოვის გზებს ჩვენი უჯრედების უკეთ ფუნქციონირებისთვის დაბერების შემდეგ, რითიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, იცხოვრონ უფრო ჯანმრთელად. თუმცა, მისი აზრით, ადამიანები ამგვარ ბიოლოგიურ უკვდავებას ვერასდროს მიაღწევენ.

თავად მარტინესს არ სურს მარადიული ცხოვრება და ფიქრობს, რომ ადამიანებმა უკვე შექმნეს უკვდავების ერთ-ერთი ფორმა. "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვდავები ვართ", — ამბობს ის. "ჩემთვის პოეტები უკვდავები არიან, რადგან ჯერ კიდევ ჩვენთან არიან ამდენი წლის შემდეგ და კვლავ გავლენას ახდენენ ჩვენზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანები გადარჩებიან თავიანთი მემკვიდრეობის საშუალებით."

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლება ფრანგი ჟანა კალმენტი, რომელიც 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2021 წელს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დაასკვნეს, რომ ადამიანებს შეუძლიათ, მაქსიმუმ, 120-დან 150 წლამდე იცოცხლონ, რის შემდეგაც მკვლევრები მოელიან ამტანობის სრულ დაკარგვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეული ვეღარ გამოჯანმრთელდება ავადმყოფობისა თუ ტრავმისგან. ამ ზღვარს მიღმა სიცოცხლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი უჯრედების დაბერებას შევაჩერებთ და დაავადებებს თავიდან ავიცილებთ.

თუმცა საკუთარ ბიოლოგიურ საზღვრებს, შესაძლოა, ნანოტექნოლოგიასთან დაკავშირებული მომავალი ტექნოლოგიური მიღწევებით გავცდეთ. ნანოტექნოლოგია გულისხმობს მასალების მანიპულირებას ნანომასშტაბით (100 ნანომეტრზე ნაკლები ანუ მეტრის ერთი მემილიარდედი). ასეთ პატარა აპარატებს შეუძლია სისხლში გადაადგილება და, შესაძლოა, დროთა განმავლობაში უჯრედების დაზიანების გამოსწორებით, თავიდან აგვაცილოს დაბერება. ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის თანახმად, ნანოტექნიკას შეუძლია, განკურნოს გარკვეული დაავადებები, მათ შორის, კიბოს ზოგიერთი სახეობა, ორგანიზმიდან კიბოს უჯრედების ამოღებით.

ადამიანის სხეულის დაბერებისგან პრევენცია ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკვდავების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრას არ აქვს დაბერების ნიშნები, არსებები მაინც კვდებიან. მათ ჭამენ მტაცებლები, როგორიცაა თევზი, და იღუპებიან, თუ მათი გარემო ძალიან იცვლება, მაგალითად, როცა მათი აუზები ზამთარში იყინება. მართალია, ადამიანებს მტაცებლებთან შებრძოლება აღარ უწევთ, თუმცა ავარიები და კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული უამრავი პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. ამდენად, თავის დასაცავად დაგვჭირდება ჩვენს ამჟამინდელ სხეულებზე უფრო ძლიერი "ჭურჭელი", რომელიც, შესაძლოა, მომავლის ტექნოლოგიამ გვაჩუქოს.

გაუმარჯოს ტექნოლოგიას!

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ფუტურისტები ორ მნიშვნელოვან ეტაპს ელიან. პირველი არის სინგულარობა, რომლის დროსაც შევქმნით საკმარისად ჭკვიან ხელოვნურ ინტელექტს (AI), რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეკონსტრუქციას და თანდათან უფრო ჭკვიანი გახდება მანამ, სანამ ჩვენს ინტელექტს ბევრად არ გაუსწრებს. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ეს არის ვირტუალური უკვდავება, როცა შევძლებთ ჩვენი ტვინების სკანირებას და საკუთარი თავის გადატანას არაბიოლოგიურ გარემოში, როგორიცაა კომპიუტერი.

მკვლევრებმა უკვე შეადგინეს მრგვალი ჭიის (Caenorhabditis elegans) ნერვული კავშირების რუკა. როგორც ე.წ. OpenWorm პროექტის ნაწილი, მათ მოახდინეს მრგვალი ჭიის ტვინის სიმულაცია პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელიც იმეორებს ნერვულ კავშირებს და დაპროგრამეს ის Lego რობოტის სამართავად. შემდეგ კი რობოტმა ჭიაყელასავით დაიწყო ქცევა. მეცნიერები, ჯერჯერობით, ახლოს არ არიან ადამიანის ტვინის 86 მილიარდ ნეირონს შორის კავშირების დახატვასთან (შედარებისთვის, მრგვალ ჭიებს მხოლოდ 302 ნეირონი აქვთ), მაგრამ ამის მიღწევაში შეიძლება ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმაროს.

მას შემდეგ, რაც ადამიანის გონება კომპიუტერში მოექცევა და მისი ატვირთვა ინტერნეტში იქნება შესაძლებელი, ჩვენ აღარ მოგვიწევს სხეულის დაღუპვაზე დარდი. ადამიანის გონების ლპობადი სხეულიდან გადატანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უკვდავების გზაზე, მაგრამ, შნაიდერის თქმით, არსებობს ერთი პრობლემა; "არა მგონია, რომ ამით უკვდავებას მივაღწევთ, რადგან, ვფიქრობ, რომ ამ გზით უბრალოდ ჩვენს ციფრულ ორეულებს შევქმნით", — განმარტა მან.

შნაიდერი, რომელიც ასევე არის ავტორი ნაშრომისა Artificial You: AI and the Future of Your Mind (ხელოვნური შენ: AI და შენი გონების მომავალი), აღწერს სააზროვნო ექსპერიმენტს, რომელშიც ტვინი ატვირთვის პროცესს ან გადაურჩება ან ვერა. თუკი ტვინი მართლაც გადარჩება, თქვენი ციფრული ორეული თქვენ არ იქნებით, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ; ხოლო თუკი ტვინი ვერ გადარჩება, ასლი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ციფრული ორეული იქნება.

შნაიდერის თქმით, სიცოცხლის გახანგრძლივების უკეთესი გზა ბიოლოგიური გაუმჯობესებებია, რომლებიც თავსებადია ადამიანის ტვინის გადარჩენასთან. კიდევ ერთი, უფრო საკამათო გზაა ტვინის ჩიპები. თუმცა, მისი აზრით, ასე ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს დაემსგავსება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ნელნელა გადაიქცევა კიბორგად, რომელიც, ნეირონების ნაცვლად, ჩიპებით აზროვნებს. "მაგრამ თუკი ტვინი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენთან, მაშინ მისი ჩანაცვლება შეიძლება თვითმკვლელობას ნიშნავდეს", — დასძინა მან.

როგორც ვხედავთ, ადამიანის სხეულს ვარგისიანობის ვადა აქვს, ხოლო მის გარეშე ადამიანი რამდენად არის კვლავ ადამიანი, საკამათო საკითხია.

"ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ტექნიკურად, ადამიანი იქნები თუ არა", — აღნიშნა შნაიდერმა. "მთავარი საკითხი ისაა, შეინარჩუნებ თუ არა თვითიგივეობრიობას. ამდენად, მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას გულისხმობს ცნობიერ არსებად ყოფნა; და რა მომენტში ცვლის ტვინში ცვლილებები იმას, თუ რომელი ცნობიერი არსება ხარ?" სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდის შეცვლის ჩვენს არსებას ის, რასაც ტვინს გავუკეთებთ გადარჩენისთვის?

ეს და სხვა ბევრი კითხვა, მათ შორის, ეთიკური პრობლემები, საკამათოდ რჩება. თუმცა ერთი რამ ცხადია; მეცნიერება და ტექნოლოგია შეუქცევადად ვითარდება და მომავალში, შესაძლოა, ბუნების ძირითადი პრინციპები ხელახლა განსაზღვროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.