გასაოცარი აღმოჩენა: ჭიანჭველები "რძეს" ამზადებენ?
ჭუპრები გადამწყვეტ სამსახურს უწევენ კოლონიას: მათი განვითარებადი სხეული ქმნის რძის მსგავს ნივთიერებას, რომელიც მნიშვნელოვან საკვებ ღირებულებას წარმოადგენს დანარჩენი ჭიანჭველებისთვის.
ჭიანჭველების კოლონიები საუკუნეების განმავლობაში გაუთავებელი კვლევა-ძიების საგანს წარმოადგენდა. რადგანაც ჭიანჭველები ერთად მუშაობენ, როგორც ერთი სხეული, ზოგიერთი მეცნიერი მათ სუპერორგანიზმად მიიჩნევს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჭიანჭველების კოოპერაცია ჩინელებსაც კი აკვირვებთ, მკვლევრები იშვიათად ამახვილებენ ყურადღებას ამ მწერების ჭუპრობის სტადიაზე, რომლის დროსაც ისინი გადიან მეტამორფოზს ლარვიდან ზრდასრულ ჭიანჭველებამდე.
"ისინი არ მოძრაობენ, არ ჭამენ, არ აკეთებენ რაიმე აშკარას", — ამბობს დენიელ კრონაუერი ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტიდან, რომელიც არის მირმეკოლოგი (მეცნიერი, რომელიც შეისწავლის ჭიანჭველებს).
Nature-ში ამ კვირაში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში, კრონაუერი და მისი კოლეგები აცხადებენ, რომ ხშირად შეუმჩნეველი ჭუპრები გადამწყვეტ სამსახურს უწევენ კოლონიას: მათი განვითარებადი სხეული ქმნის რძის მსგავს ნივთიერებას, რომელიც მნიშვნელოვან საკვებ ღირებულებას წარმოადგენს დანარჩენი ჭიანჭველებისთვის. და ეს ხდება არა მხოლოდ ერთ სახეობაში, არამედ, სულ მცირე, ერთ სახეობაში მაინც ჭიანჭველების ხუთი ძირითადი ქვეოჯახიდან.
ასევე იხილეთ: გინახავთ, როგორ გამოიყურება ჭიანჭველა ახლოდან? — ფოტოგრაფმა მისი სახე აღბეჭდა
კრონაუერის თქმით, ასეთი ფართომასშტაბიანი აღმოჩენის საფუძველზე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ რძის მსგავსი გამონადენი შეიძლება, გავრცელებული იყოს ჭიანჭველების ბევრ სახეობაში, და რომ ის, შესაძლოა, ყველა ჭიანჭველას ევოლუციის დასაწყისში წარმოიშვა.
"გაოცებული ვიყავი, რადგან ეს ადრე არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჭიანჭველებს სამი ათეული წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. ამ საკითხით ნამდვილად დაინტერესებული ვარ და რაც შეიძლება მალე დავიწყებ საკუთარ დაკვირვებას", — ამბობს სიუზან ფოიცკი (რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში) გერმანიის მაინცის უნივერსიტეტიდან.
"რძეში" დახრჩობა
ეს უცნაური სითხე აღმოაჩინა ორლი შნირმა, პოსტდოქტორმა, რომელსაც ჭიანჭველებზე კრონაუერის ლაბორატორიაში შესვლამდე არ უმუშავია. მან სწრაფადვე შეამჩნია ქცევები, რომლებიც, როგორც ჩანს, არ იყო ახსნილი არსებული სამეცნიერო ლიტერატურის ფარგლებში.
"ხალხი ასი წლის განმავლობაში იკვლევდა ჭიანჭველებს", — იხსენებს კრონაუერი საკუთარ ფიქრებს, "მაშ, რაზე საუბრობს [ორლი შნირი]?"
მიუხედავად ეჭვებისა, კრონაუერი დათანხმდა შნირის შემოთავაზებულ უცნაურ ექსპერიმენტს. იმის ნაცვლად, რომ გაეგო კოლონიაში ერთობლივი აქტივობის არსი — როდესაც სხვები ჭუპრებსა და ლარვებს გამუდმებით ასუფთავებენ, გადააადგილებენ ან ერთად ათავსებენ — მან გადაწყვიტა, რომ ჭუპრებს იზოლირებულად დაჰკვირვებოდა. დრო დასჭირდა იმის გარკვევას, თუ როგორ შეიძლებოდა მათთვის სიცოცხლის შენარჩუნება, მაგრამ, საბოლოოდ, მან გამოძებნა შესაბამისი ტემპერატურა და ტენიანობა. შემდეგ კი მართლაც უცნაური რამ მოხდა: ჭუპრებმა დაიწყეს ძალიან ბევრი სითხის წარმოქმნა; იმდენად ბევრის, რომ მასში იხრჩობოდნენ.
წარმოადგენდა თუ არა ეს უჩვეულო ფენომენს ჭუპრების კოლონიისგან იზოლირების გამო? თუ იყო იგი ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც აქამდე არასდროს შეუნიშნავთ? ამის გასარკვევად, შნირმა ჩაუშვა ლურჯი საკვები საღებავი ხვრელში, საიდანაც სითხე მოდიოდა და მოლურჯო ჭუპრები დააბრუნა კოლონიაში.
მან მალევე შეამჩნია ზრდასრული ჭიანჭველები, რომლებიც აშორებდნენ სითხეს ჭუპრებს და ყლაპავდნენ მას, რაც გამოვლინდა მათ ნაწლავებში გავრცელებულ ლურჯ ფერში. ისინი ასევე ხშირად ათავსებდნენ ჭუპრებზე ახალგაზრდა ლარვებს, რომლებიც ასევე იკვებებოდნენ სითხით (ისინიც გალურჯდნენ).
ერთგვარი სოციალური წებო
ამ აღმოჩენამ მირმეკოლოგთა მსოფლიო საზოგადოებაში გაოცება გამოიწვია. სითხის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მეტამორფოზის შემდეგ წარმოქმნილი სხვა ნარჩენების გარდა, ის შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას, ასევე მრავალ ნახშირწყალსა და ზოგიერთ ვიტამინს. ჭუპრები მწერების სხვა სახეობებში მიდრეკილნი არიან ამ მკვებავი სითხეების ხელახლა შეწოვისა და გადამუშავებისკენ.
კრონაუერისა და შნირის ვარაუდით, ჭიანჭველების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს შორის საკვები ნივთიერებების გაზიარება შეიძლება, იყოს იმ ინტენსიური სოციალური ცხოვრების წესის საფუძველი, რომელიც ამ მწერებმა მილიონობით წლის განმავლობაში განივითარეს.
"ეს აიძულებს ჭიანჭველებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დამოკიდებულნი იყვნენ ერთმანეთზე", — ამბობს კრონაუერი. "ეს ერთგვარი სოციალური წებოა, რომელიც მათ აერთიანებს."
წარმოადგენს ჭუპრების მიერ გამომუშავებული სითხე ჭიანჭველების მუდმივად მზარდი, გაზიარებული ეკონომიკის საფუძველს? სამომავლო კვლევები, სავარაუდოდ, უფრო მეტ აღმოჩენას მოგვცემს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ შესწავლილი და ჯერ კიდევ ძალიან იდუმალი მწერების ჯგუფის შესახებ.
კომენტარები