გინახავთ, როგორ გამოიყურება ჭიანჭველა ახლოდან? — ფოტოგრაფმა მისი სახე აღბეჭდა
გეგონათ, ტოლკინის ორკები ყველაზე შემაძრწუნებელი არსებები იყვნენ? თქვენ ჭიანჭველას სახე არ გინახავთ.
2022 წლის Nikon-ის პატარა სამყაროს ფოტომიკროგრაფიის კონკურსზე (Nikon Small World Photomicrography Competition) ლიეტუველმა ველური ბუნების ფოტოგრაფმა, ევგენიუს კავალიაუსკასმა, ჭიანჭველას სახის 5-ჯერ მიახლოებული ფოტო გაგზავნა. კონკურსი სპეციალურად გაიმართა, რომ წარმოეჩინა ისეთი დეტალები, რომლებიც ადამიანის მხედველობის მიღმა რჩება.
კავალიაუკასს ფოტოგრაფიაში სხვა ჯილდოებიც აქვს მოპოვებული და მისი პორტფოლიოც შეგიძლიათ, დაათვალიეროთ. ფოტოგრაფი ტყესთან ახლოს ცხოვრობს, ამიტომ, როგორც ამბობს, მისთვის ველურ ბუნებაზე დაკვირვება და ასეთი შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება სირთულეს არ წარმოადგენს.
კავალიაუკასის თქმით, ფოტოები, რომლებზეც ჭიანჭველები უბრალოდ მოძრაობენ ან სადმე მიიჩქარიან, მოსაწყენია, ამიტომ მან გადაწყვიტა, ჭიანჭველა მიკროსკოპში მოეთავსებინა და ადამიანებისთვის ის ეჩვენებინა, რაც ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება ხოლმე.
"მე ყოველთვის ვეძებ დეტალებს, ჩრდილებსა და უხილავ კუთხეებს. ფოტოგრაფიის მთავარი მიზანია, აღმოჩენა გააკეთო. მოხიბლული ვარ შემოქმედის შედევრებისა და ღმერთის დიზაინების ნახვის შესაძლებლობით", — აღნიშნა ფოტოგრაფმა.
მისი თქმით, ბუნებაში სიმახინჯე არ არსებობს: "როდესაც პირველად დავიწყე მიკროფოტოგრაფია, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ხოჭო ცოტათი ურჩხულს ჰგავდა, მაგრამ ახლა მივეჩვიე და მიკვირს, რომ ჩვენს ფეხქვეშ ამდენი საინტერესო, ლამაზი და უცნობი სასწაული დაიარება."
კომენტარები