გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2022-ის ფინალისტები ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ფოტო: თიბისი
ბიზნესდაჯილდოება თიბისის ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც საზოგადოებას სხვადასხვა კომპანიის წარმატების ისტორიებს აცნობს. ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება, წელს უკვე მეშვიდედ ტარდება. ბიზნესდაჯილდოება 2022-ის ნომინაციები უკვე ცნობილია და მათ შორის ერთ-ერთი სოციალური პასუხისმგებლობაა.
ბიზნესდაჯილდოება 2022-ის სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში ჟიურიმ 3 ფინალისტი უკვე დაასახელა. ესენი არიან: სამკერვალო საწარმო ლიდერი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და საქართველოს ეტლების საწარმო. სტატიაში სწორედ ამ ფინალისტების ისტორიებისა და საქმიანობის შესახებ გიამბობთ.
საქართველოს ეტლების საწარმო
ფოტო: თიბისი
თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური საჭიროებები გვაქვს, თუმცა ის პროდუქცია, რომელსაც სხვადასხვა კომპანია გვთავაზობს, ხშირად ამ ფაქტორს არ ითვალისწინებს. ეტლების საწარმოს დამფუძნებელმა, გიორგი ძნელაძემ კი, როცა შშმ პირებზე მორგებული ეტლების შექმნა გადაწყვიტა, სწორედ ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ეტლების საწარმოს ეტლები ადგილზე იწარმოება, რაც იმას გულისხმობს, რომ მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და თითოეული დეტალი სწორედ მასზეა მორგებული. "ეს ყველაფერი შემდგომში ეტლით მოსარგებლის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებასა და სოციალიზაციას უწყობს ხელს", — ამბობს გიორგი ძნელაძე.
ეტლების საწარმოს შექმნის იდეა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჩნდა, თუმცა გიორგის თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინ ეს იდეა ვერ განხორციელდა. 2009 წელს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში, უფრო ზუსტად კი ამიერკავკასიაში, ერთადერთი ეტლების საწარმო დაარსდა. გარდა იმისა, რომ საქართველოს ეტლების საწარმო შშმ პირებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ეტლებს სთავაზობს, საწარმოში თავად შშმ პირები არიან დასაქმებულები.
"ჩვენი საწარმო არის სოციალური, თანამშრომელთა ნახევარზე მეტი თავად შშმ პირები არიან, რომლებიც წარმოების პროცესში მონაწილეობენ. რაც შეეხება პროდუქციას, ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ჩვენ ვართ მწარმოებლები, სხვებს უკვე მზა სტანდარტული ეტლები ჩამოაქვთ და ყიდიან. ასეთ დროს, ბუნებრივია, ეტლი მომხმარებელს ვერ მოერგება. ჩვენი საწარმო კი სწორედ სოციალური პასუხისმგებლობისა და ეტლით მოსარგებლეთა ინტერესების გამო შეიქმნა. მანამდე შშმ პირებს მზა სტანდარტული ეტლებს გადასცემდნენ. ეს კი სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ეტლით მოსარგებლეებს, რადგან არასწორად ჯდომისას შეიძლება დაზიანდეს ხერხემალი, კიდურები ან გაჩნდეს ნაწოლი, რაც რთული სამკურნალოა", — ამბობს გიორგი ძნელაძე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ეტლების საწარმო სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ნამდვილად გამორჩეული კომპანიაა. საწარმომ ბიზნესდაჯილდოება 2022-ში მიიღო მონაწილეობა და ფინალისტებს შორისაც მოხვდა.
"ბიზნესდაჯილდოება 2022-ში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ, რათა საზოგადოებაში ჩვენი საწარმოს ცნობადობა გაგვეზარდა და ჩვენ შესახებ მეტ ადამიანს გაეგო. ფინალში ყოფნა ჩვენთვის უკვე მიღწევაა და გვინდა, ჩვენი არჩევისათვის დაჯილდოების ჟიურის წევრებს დიდი მადლობა გადავუხადოთ. ვთვლით, რომ აღნიშნული დაჯილდოების ფინალისტობა და საუკეთესო შემთხვევაში — გამარჯვება ჩვენი საწარმოს შემდგომ განვითარებაში დაგვეხმარება", — განაცხადა გიორგი ძნელაძემ
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საქართველოს ეტლების საწარმო ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად ცდილობს, რომ ამ პროცესს მხარი აუბას, წარმოებული პროდუქცია კი დახვეწოს და გააუმჯობესოს. საწარმოს სურს, რომ წარმოების პროცესში ახალი ტექნოლოგიები დანერგოს და პროდუქცია გაამრავალფეროვნოს, რათა მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ფოტო: თიბი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი და ინოვაციური უნივერსიტეტია, რომელიც მაღალრეიტინგული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გარდა, ფართო საზოგადოებას არაერთ მოკლე და გრძელვადიან პროგრამას სთავაზობს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ, არაერთ პროექტს, აქტივობასა თუ პროგრამას ახორციელებს.
ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში BTU-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს უნივერსიტეტში კოდინგის სკოლა დაარსდა. ინიციატივის შემდეგ უნივერსიტეტს 1000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, რომელთა გადამზადებამ 2021 წლიდან ფართო მასშტაბები მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით.
პროექტი "500 ქალი ტექნოლოგიებში" ყველასთვის კარგად ცნობილი ინიციატივაა, რომელსაც BTU სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. კოდინგის სკოლა ბავშვებისთვის — კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ციფრული წიგნიერების, რობოტიქსის, Apple Swift-ის მიმართულებით ხდება ბენეფიციარების გადამზადება. აქვე უნდა აღვნიშნო, უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები სტარტაპების, ქალების აქსელერაციის პროგრამების და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, რომლითაც 3000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ბოლო წლების განმავლობაში", — განაცხადა BTU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ანი ჭელიშვილმა.
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებს სარგებელი მოაქვს როგორც თითოეული სტუდენტისთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მშობლები, მასწავლებლები, ლექტორები, სტარტაპები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ქალები — ეს BTU-ს ბენეფიციარების არასრული სიაა, რომლებიც უნივერსიტეტის, პარტნიორი კომპანიების და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შეთავაზებულ სერვისებს სრული დაფინანსებით იღებენ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების მიზნითა და USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან BTU მასშტაბურ სოციალურ პროექტს იწყებს. კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის უნივერსიტეტის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 8 ქალაქში (თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, წალენჯიხა, ოზურგეთი, ტყიბული, ამბროლაური) 7 სხვადასხვა ტექ მიმართულებაში 16-იდან 40 წლამდე ასაკის ქალებს მათი შემდგომი დასაქმების მიზნით გადაამზადებენ.
ანის თქმით, პროექტი პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო კავშირში განხორციელდება და სწავლა-სწავლების კომპონენტების გარდა, ინდივიდუალურ მენტორშიფის, კარიერული ბუთქემფის და pitch yourself ღონისძიებებს გააერთიანებს. გარდა ამისა, სამიზნე ქალაქების სკოლებში ქალებისთვის კოდინგის სკოლის ლაბორატორიები გაიხსნება, რომლებიც ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომის არმქონე ბენეფიციარებს მოემსახურება. პროექტის მიმდინარეობას თან სდევს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ტექნოლოგიების მიმართულებით.
ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2023 წელს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გამოსცემს ჟურნალს, სახელად საქართველოს ქალი, რომელიც ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრულ-ლიტერატურული გამოცემა იყო და რომლის პირველი ნომერიც 1923 წლის სექტემბერში დაიბეჭდა. როგორც ანი აღნიშნავს, BTU დაარსების დღიდან ზრუნავს ქალთა ტექნოლოგიების მიმართულებით გაძლიერებაზე და გამოცემის აღდგენაც სწორედ ამ ინიციატივის ნაწილია.
სამკერვალო საწარმო ლიდერი
ფოტო: თიბისი
სოციალური სამკერვალო საწარმო ლიდერი ქალაქ გორში 2016 წელს შეიქმნა. როგორც ლიდერის დამფუძნებელი ნინო გიორგაძე აღნიშნავს, საწარმოს შექმნის იდეამდე შემდეგ საკითხებზე ფიქრმა მიიყვანა: სად იგრძნობდნენ ქალები უკეთესად თავს — რა სამუშაოს შესრულების დროს, რას გააკეთებდნენ დიდი სიამოვნებით და რა იქნებოდა მათთვის სასიამოვნო და სასარგებლო. ამ ყველაფერზე პასუხად კი სოციალური საწარმო ლიდერი შეიქმნა, რომლის საშუალებითაც რეგიონში მცხოვრებმა 400-მდე ქალმა ახალი პროფესია შეიძინა და დასაქმდა.
სამკერვალო საწარმო ლიდერი გარდა იმისა, რომ ქალებს ახალი პროფესიის დაუფლებაში ეხმარება, მოწყვლად ჯგუფებს მეტ ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს აძლევს. საწარმოში დასაქმებულები არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალები. ისინი ჭრა-კერვას სწავლობენ და ამასთანავე, საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზეც ყოველდღიურად ზრუნავენ.
"ჩვენს კომპანიას მიაჩნია, რომ სოციალური პრობლემების მოგვარებაში კერძო სექტორს მნიშვნელოვანი როლი აქვს და ამ რწმენით გავაერთიანეთ ქალები, რომელთა ისტორიებიც ერთმანეთს ამხნევებს, მოტივაციას მატებს და საბოლოოდ, მათ გაძლიერებაში ეხმარება. ამასთანავე, ლიდერი ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც ტექსტილის ნარჩენის გადამუშავება დაიწყო და ნარჩენების მართვის სტრატეგია შეიმუშავა. დღეს კი ტექსტილის ნარჩენს 35 სამკერვალო საწარმოდან ვიღებთ, მას ახალ პროდუქტად ვაქცევთ და მის რეალიზაციას ვახდენთ", — განაცხადა ნინო გიორგაძემ.
ასე რომ, ქალთა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება ლიდერის ერთადერთი მიზანი არ არის. საწარმო ასევე ტექსტილის ნარჩენების შემცირებაზე მისი გადამუშავებით ზრუნავს. ნინოს თქმით, საწარმომ 2022 წელს 10 ტონა ტექსტილი ახალ პროდუქტად აქცია და მისი რეალიზაცია მოახდინა. მართალია, თავდაპირველად ლიდერი ცდილობდა, რომ ტექსტილის ნარჩენები თავად არ ჰქონოდა, თუმცა მოგვიანებით სხვა საწარმოებიდან ტექსტილის ნარჩენების შეძენა და მისი გადამუშავება დაიწყო.
"ლიდერს აქვს ორი მთავარი სოციალური მიმართულება: შიდა ქართლში მაცხოვრებელი სხვადასხვა სოციალური საჭიროებების მქონე ქალების გაძლიერება, სწავლება დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით და ტექსტილის ნარჩენის შემცირება. 2022 წელს 10 ტონა ნარჩენი გადავამუშავეთ. რაც შეეხება ქალების გაძლიერებას, 2016 წლიდან დღემდე 316 ქალი გადავამზადეთ, ვასწავლეთ ახალი პროფესია, ჭრა-კერვა-მოდელირება და დღეის მდგომარეობით, მათგან 186 დასაქმებულია, როგორც ჩვენს საწარმოში, ასევე სხვა საწარმოებში. დიდმა ნაწილმა ამ პროფესიით საკუთარი ბიზნესი დაიწყო და თვითდასაქმებულია", — ამბობს ნინო გიორგაძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამკერვალო საწარმო ლიდერი თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტია გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში. საწარმოს დამფუძნებლის თქმით, მათი მხრიდან დაჯილდოებაში მონაწილეობა მიზნად ისახავს, ფართო მასებს თავიანთი საქმიანობა გააცნონ და უთხრან, რომ სოციალური პრობლემების მოგვარებაში კერძო სექტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. "ამ ყველაფერს კი განსაკუთრებული საწარმოო მასშტაბები არ სჭირდება. ყველას შეუძლია, მათ გარშემო არსებულ პრობლემებზე მუშაობა და გადაწყვეტის გზებზე ფიქრი დღესვე დაიწყოს", — ამბობს ნინო გიორგაძე.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2016 წლიდან იმართება და ქართულ კომპანიებს ყოველწლიურად სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ახალი ნომინაციაა, რომელშიც ბიზნესი გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის დაჯილდოვდება. გარდა ახალი ნომინაციისა, ბიზნესდაჯილდოება 2022-ზე გამარჯვებულები საუკეთესო პროდუქტის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის, რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციებში გამოვლინდებიან.
წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებულ ბრენდებს შესაძლებლობა ექნებათ, სამი შეთავაზებული ჯილდოდან მათთვის სასურველი აირჩიონ. ესენია: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა. ბიზნესდაჯილდოება 2022-ის დასკვნითი ნაწილი დეკემბერში გაიმართება და გამარჯვებულებიც სწორედ მაშინ გამოვლინდებიან.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები