იცოდით, რომ ცენტრალური ევროპის ერთ პატარა სოფელს თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში შეიძლება გადაეყაროთ?

თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ასურეთში (ყოფილ ელიზაბეტთალში) სულ ცოტა ხნის წინ მრავალფუნქციური სივრცე სადგური გაიხსნა. გერმანელი კოლონისტების ყოფილ დასახლებაში სადგურმა მიზნად დაისახა, დასავლეთევროპული გარემო შეექმნა და სტუმრებისთვის სხვადასხვა სერვისი შეეთავაზებინა. ბრენდის წარმატებული სტარტი კი სულ ახლახან თიბისის წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობით აღინიშნა.

უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში მეწარმეებისთვის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსი, ბიზნესდაჯილდოება იმართება. ამ ხნის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა 3 ათასზე მეტმა ქართულმა ბრენდმა მიიღო, ათობით გამარჯვებულისთვის კი წარმატების გზა სწორედ თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებით დაიწყო.

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე უკვე ტრადიციულ ნომინაციად იქცა გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში. ამ კატეგორიაში წარდგენილი ბრენდები ადგილობრივი ბიზნესის ეკოსისტემას ცვლიან — ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ინოვაციურ სერვისებს და მზარდი განვითარების პერსპექტივით ხელს უწყობენ რეგიონის წინსვლას.

ნომინაციაში გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში წელს სამი ფინალისტია წარდგენილი. სადგურის გარდა, ფინალში გამარჯვებისთვის აბბე ტიმეო და უდაბნო იბრძოლებენ.

სადგური

ფოტო: თიბისი

სადგურმა აქტიური საქმიანობა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო. სივრცე მოიცავს რესტორანს, კაფეს, ლუდის ბაღს, საცხობს და სასტუმრო სახლს. რადგან ასურეთი გერმანელების ყოფილი დასახლებაა, ბრენდისთვის ეს მემკვიდრეობა საქმიანობის ღერძად იქცა, ამდენად აქ სტუმრებს არა მხოლოდ დასავლეთევროპულ გარემოს, არამედ უნიკალურ, ადგილობრივ სამზარეულოსაც სთავაზობენ.

"საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ბევრი მომხმარებელი შევიძინეთ", — ჰყვება სადგურის დამფუძნებელი, გიორგი ბარათაშვილი, — "მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა, ადგილობრივია. ის უპირატესობა გვაქვს, რომ დედაქალაქთან ახლოს ვართ, ამდენად, ვისაც, უბრალოდ, გარემოს შეცვლა და სასიამოვნო დროის გატარება სურს, ხშირად გვსტუმრობს".

თბილისთან სიახლოვის გამო, სადგურმა ერთგვარი ალტერნატივაც გააჩინა — ადამიანებს საშუალება მიეცათ, ჩვეული მიმართულებების ნაცვლად უქმეებზე ასურეთისკენ გამგზავრებულიყვნენ. მით უმეტეს, რომ ქვემო ქართლი და, კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, საექსკურსიო და ტურისტული ადგილების ნაკლებობას არ უჩივის. ამის და სოფლის რეაბილიტაციის მიუხედავად, ასურეთში კომერციული ტიპის მეწარმეობა განვითარებული არ გახლდათ, ამიტომ სადგურმა პრეცედენტი შექმნა და ობიექტზეც ადგილობრივი მცხოვრებები დაასაქმა.

რაც შეეხება თიბისის ბიზნესდაჯილდოებას, გიორგის თქმით, სადგურისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საპატიოა, რომ კონკურსის ფინალში მასზე დიდ და გამოცდილ ბრენდებთან ერთად მოხვდა.

"კონკურსში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ ზუსტად ვაკმაყოფილებდით მიზანს, რაც, ჩვენი აზრით, ბიზნესდაჯილდოებას აქვს დასახული", — ამატებს იგი, — "ეს არის ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისა, რომელმაც საქმიანობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და რეგიონს განვითარებისკენ უბიძგა. მით უმეტეს, რომ ქვემო ქართლი და, განსაკუთრებით, თეთრიწყაროს რაიონი, ბევრი სხვა რეგიონივით განვითარებული ჯერჯერობით არაა. ამდენად, ნებისმიერი ასეთი წამოწყება სხვებისთვის დიდი სტიმულია".

გიორგი ამბობს, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობა ყველაზე მეტად ცნობადობის გაზრდაში ეხმარებათ, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება მომხმარებლის მატებაზე. კონკურსში გამარჯვება კი, მისი აზრით, განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ზრდაში სადგურს, როგორც ახალბედა ბიზნესს.

"სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გაჩერებას არ ვაპირებთ", — აღნიშნავს გიორგი, — "რადგან საცდელი ეტაპი გადავლახეთ, ახლა უკვე გაფართოებას ვგეგმავთ და შემდეგი სეზონებისთვის ვემზადებით. გეგმაში გვაქვს სასტუმროს გაფართოებაც და ჩვენივე წარმოების ლუდისთვის ლუდსახარშის გაკეთება".

აბბე ტიმეო

ფოტო: თიბისი

2022 წლის დასაწყისში დაფუძნებული აბბე ტიმეოს ისტორია თურმე ფრანგ აბატ ტიმეოს უკავშირდება, რომელიც საქართველოში მე-18 საუკუნეში ჩამოსულა. სწორედ მას მიეწერება სამცხე-ჯავახეთში ლოკოკინებისგან დამზადებული კერძების ტრადიციის ჩამოყალიბება. კომპანია კავკასიის რეგიონში ლოკოკინას გადამამუშავებელი პირველი საწარმოა. ის 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციით უმოკლეს ვადებში აშენდა და და საქმიანობას მშენებლობის დასრულებიდან 10 დღეში შეუდგა. ივლისის თვეში ტიმეომ უკვე ლოკოკინას ხორცის პირველი ექსპორტი განახორციელა ევროკავშირში. ქარხნის გახსნიდან მე-3 თვეში კი კომპანიამ 1 მილიონი ლარის შემოსავალს მიაღწია.

"ჩვენი კომპანია ასაქმებს 200 თანამშრომელს, ამას გარდა, ქარხნის წარმოება დამყარებულია ნედლეულზე, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ბუნებრივ გარემოში აგროვებს ხალხი", — ჰყვება აბბე ტიმეოს დამფუძნებელი, გიორგი ქადაგიძე, — "2022 წელს ჩვენმა კომპანიამ 400 ათასი კილოგრამი ლოკოკინას შეაგროვა საქართველოს ბუნებაში; ამ აქტივობაში ჩართული იყო დაახლოებით 8 ათასი ადამიანი და 40-მდე მცირე ბიზნესი, ჩამბარებელი პუნქტების სახით. ეს მცირე ბიზნესები, რომლებიც რეგიონებში ჩვენი დახმარებით იბარებდნენ ლოკოკინას, ნელ-ნელა ყალიბდებიან სტაბილურ მეწარმეებად და ჩვენს საიმედო პარტნიორებად".

გიორგის თქმით, მნიშვნელოვანია, როცა ბიზნესის გასამართად "ყოველდღიურ ომს" გიფასებენ, ამდენად, ტიმეოსთვის თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობა მეტად სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა. მით უმეტეს, როცა რეგიონში საქმიანობა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული — ერთ-ერთი მათგანი, გიორგის თქმით, მუშახელის ნაკლებობის პრობლემაა.

სამომავლოდ კი, აბბე ტიმეოს დიდი გეგმები აქვს.

"ჩვენი გუნდისთვის თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში მოხვედრა ძალიან დიდი სტიმული იყო", — ამატებს გიორგი, — "სამომავლოდ კომპანიის მიზანი ევროპულ ბაზარზე მყარად დამკვიდრება და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაა".

უდაბნო

ფოტო: თიბისი

ბრენდმა უდაბნომ, რომელიც საქმიანობას 2017 წელს შეუდგა, მიზნად კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარება დაისახა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კომპანიის დამფუძნებელი უზარმაზარ, მიტოვებულ და აუთვისებელ ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა და მისი გამოცოცხლება განიზრახა. ადგილზე ნუშის ბაღების გაშენების შემდეგ, კომპანიაში სხვა შესაძლებლობებიც დაინახეს და ორგანული აგრომეწარმეობის დაწყება გადაწყვიტეს.

"გვინდოდა, გაგვეგო როგორ შეიძლება თავად ბუნებამ გვიკარნახოს ქმედებები და წარმოების პროცესი წარმართოს", — ჰყვებიან ბრენდში, — "შესაბამისად, ყველაფერი, რაც უდაბნოში ხდება — იქნება ეს ცხოველთა ფერმები, ვენახები, ბოსტნები, თიხის საწარმო/ლაბორატორია, პერმა კულტურის აქტიური დანერგვა, სამუშაო და სამრეწველო სოფელი თუ სხვა — გარემოს მიერაა ნაკარნახევი და მასთან ორგანულ შერწყმაშია. ჩვენც ეკოსისტემის ბალანსის პრინციპს ძალიან ფრთხილად მივყვებით და ვაკვირდებით".

რეგიონული ბიზნესის განვითარებისთვის პრეცედენტის შექმნა და სხვებისთვის მაგალითის მიცემა რომ მნიშვნელოვანია, ამას კომპანიაშიც ადასტურებენ. უდაბნოს მიმდებარედ ხომ ცოტა ხანში სხვა მცირე მეწარმეებმაც გააშენეს ნუშის ბაღები და დაიწყეს განვითარება. ამასთან, თავად უდაბნოც ცდილობს, ადგილობრივებს დასაქმების შესაძლებლობები შეუქმნას და სოფლის მეურნეობის სტანდარტები გააუმჯობესოს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრენდისთვის თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობას განსაკუთრებული დატვირთვა უნდა ჰქონოდა.

"ბიზნესდაჯილდოება ალბათ ძალიან კარგი პლატფორმაა გამოცდილებების გასაზიარებლად, ახალი იდეების გენერირებისთვის და, ზოგადად, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად", — ამბობენ უდაბნოში, რომელიც განვითარებას და სიახლეების დანერგვას აგრძელებს.

აი, სამომავლოდ კი, ბრენდი მეცხოველეობის მიმართულებით განვითარებასაც აპირებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია "არა მხოლოდ გაფართოება, არამედ ტერიტორიის სწორად ათვისება და სწორად განაშენიანებაც".

"ბიომეურნეობის და პერმა კულტურის განვითარება ეკოსისტემის ხელშეწყობისა და მისი შენარჩუნების გზით ჩვენთვის უმთავრესი პროორიტეტია".

ამასთან, უდაბნო ჯგუფი სხვა პროექტებზეც მუშაობს. უკვე დაიწყო ფუნქციონირება ნუშის პირველადმა გადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც მხოლოდ კომპანიას არ ემსახურება. გარდა ამისა, განვითარების პროცესშია სამეწარმეო სოფელი პანდორაც, რომელიც რეგიონის სოციალურ და აგრონომიულ ჰაბად ჩამოყალიბდება, გააერთიანებს სხვადასხვა მიმართულების საწარმოებს და მრავალფეროვან გამოცდილებებს მოუყრის თავს.


თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2016 წლიდან იმართება და მას შემდეგ, ყოველ წელს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს ქართულ კომპანიებს. წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასეთი სიახლე ახალი ნომინაციაა — გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის — სადაც შემფასებლის როლს, სხვათა შორის, თავად მომხმარებლებიც მოირგებენ. ამ კატეგორიის გარდა, წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან საუკეთესო პროდუქტის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის, რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციებში.

ამასთან, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ — გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

რაც შეეხება პრიზებს, 2022 წლის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებულ ბრენდებს შესაძლებლობა ექნებათ, სამი შეთავაზებული ჯილდოდან მათთვის სასურველი აირჩიონ: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ნაწილი დეკემბერში გაიმართება და სწორედ მაშინ შევიტყობთ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულების ვინაობას.