ჯირალდელების ოჯახში 5 წლის წინ ენზო დაიბადა. მისმა უჩვეულო გარეგნობამ მშობლები ახალშობილის დანახვისთანავე გააოცა. ორივე მათგანმა მაშინვე დადო პირობა, რომ თავიანთი შვილის თავისებურების დაფარვას არასდროს შეეცდებოდნენ და, ამის ნაცვლად, ყოველთვის ხაზს გაუსვამდნენ მის უნიკალურობას.

ენზოს დედის, კაროლინას თქმით, ექიმების შეწუხებული სახეების დანახვისთანავე მიხვდა, რომ მის თავს რაღაც სხვა ამბავი ხდებოდა. მოგვიანებით, ოჯახს შეატყობინეს, რომ პატარას სახეზე უვნებელი თანდაყოლილი მელანოციტური ნევუსი ჰქონდა. კანის ეს თავისებურება სხეულზე მუქი შეფერილობით გამოირჩევა. ამ ამბის გაგებისთანავე, ენზოს მშობლებმა საკუთარი თავის შემზადება დაიწყეს ყველა იმ პრობლემისთვის, რომელსაც საზოგადოებაში შეიძლება შეხვედროდნენ ბავშვის გაზრდისას.

ფოტო: carolgiraldelli / Instagram

ფოტო: carolgiraldelli / Instagram

"ადვილი ალბათ არაა, მაგრამ მე და ჩემი ქმარი ამას ჩვეულებრივად ვიღებთ", — ამბობს კაროლინა, — "მას ყოველთვის ვაჩვენებთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის.

"რაღაც დროის განმავლობაში მიჭირდა იმის დანახვა, როგორ აყოლებდნენ ჩემს შვილს თვალს შეცოდებით, შიშით და ზოგჯერ ზიზღითაც კი".

სწორედ ამიტომ, კაროლინამ გადაწყვიტა, პროფესიონალ ვიზაჟისტთან მისულიყო და შვილის გასამხნევებლად ზუსტად მისი თანდაყოლილი ხალის მსგავსი ნიშანი დაეხატა სახეზე.

ფოტო: carolgiraldelli / Instagram

ფოტო: carolgiraldelli / Instagram

"სახლში რომ მივედი, ენზო უზომოდ გახარებული დამხვდა, იმის მიუხედავად, რომ ბოლომდე ვერ იგებდა ამ ყველაფერს", — იხსენებს ქალი.

შვილის გახარების გარდა, კაროლინამ ამგვარად ის ყველაფერიც გამოსცადა საკუთარ თავზე, რისი გამოვლაც ენზოს უხდებოდა.

"რამდენიმე ადამიანმა შემომხედა სხვადასხვა გამომეტყველებით, თუმცა, მე ძალიან მშვიდად შევხვდი ამას და მსოფლიოში ყველაზე ამაყ დედად ვიგრძენი თავი", — ჰყვება იგი.

კაროლინა შვილს ყოველდღე ეუბნება, რამდენად ლამაზია იგი და ახსენებს, რომ მისი უნიკალური თავისებურების გამო სხვა ბავშვებზე ნაკლებად არ უყვართ მშობლებს. ქალის თქმით, უზომოდ მადლიერია, რომ იგი სწორედ ენზოს დედაა.

ახლა უკვე 5 წლის ენზო კი, რომელიც ასეთ მოსიყვარულე გარემოში იზრდება, სულაც არაა გასაკვირი, სულ რომ იღიმის.

ფოტო: carolgiraldelli / Instagram

ფოტო: carolgiraldelli / Instagram