ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის 31 კითხვა ქართულ ოცნებას
ბრიუსელში ვიზიტების შემდეგ, 3 პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი, დროა და გირჩი — მეტი თავისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას 31 კითხვით მიმართავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ასოცირებული ტრიოს ორ ქვეყანას მიანიჭა, საქართველოს კი 12 პირობა და ამ პირობების შესასრულებლად 6-თვიანი ვადა მისცა.
- ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მათეული გეგმა წარადგინა და ამბობენ, რომ ამის მიხედვით მუშაობენ.
- ხსენებული 3 პარტია ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ 2022 წლის ბოლოს შეფასებას არ უნდა ველოდოთ, ის 2023 წლის ბოლოს და მაღალი ალბათობით, ნეგატიური იქნება.
პარტიების განცხადებით, ამ თემაზე მათ ბრიფინგს მოჰყვა არაადექვატური დამოკიდებულება უმრავლესობის მხრიდან და მადისკრედიტირებელი სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე.
- მათივე თქმით, დააბრალეს, თითქოს ხელს უშლიან სტატუსის მიღებას და არ დათანხმდნენ "მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" ესაუბრათ პერსპექტივებზე.
- "გამომდინარე აქედან, საჯაროდ ვსვამთ ქართული ოცნების წინაშე ყველა კითხვას იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ბრიუსელში სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში აღქმულია, როგორც შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კითხვების სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ, ჩვენ კი მოკლე შინაარს შემოგთავაზებთ.
- დეპუტატებს აინტერესებთ რატომ მოხდა 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან დაახლოებით 10 დღეში და ამ შეთანხმების მიუხედავად, რატომ გაგრძელდა უზენაეს სასამართლოში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დანიშვნა, თან ე.წ. კლანის წევრების.
- ასევე, რატომ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი და რატომ თქვეს უარი გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე? რატომ გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და რატომ ითქვა უარი ოპოზიციის შემუშავებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის განხილვაზე?
- კითხვები ეხება იმასაც, რატომ არ დაწიეს საარჩევნო ბარიერი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-მდე, რატომ არ ჩაატარეს სუსიდან გამოჟონილ ფაილებზე დამაჯერებელი გამოძიება და რატომ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ დიპლომატებს.
პრეზიდენტი: დეპუტატების კითხვების ნაწილი პრეზიდენტებსაც ეხება, როგორც მოქმედს, ასევე, ყოფილს.
- მათ აინტერესებთ, რატომ შეიტანა ოცნებამ დაჩქარებული წესით ცვლილებები ე.წ. მოსმენების კანონში, როდესაც არაერთი ევროპული სტრუქტურა აფრთხილებდათ რომ ამის გაკეთება შეუთავსებელია ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან, ასევე კითხულობენ, რატომ დაძლიეს ზურაბიშვილის ვეტო ამ კანონზე.
- და რატომ გამოუცხადეს ბოიკოტი საგანგებო სესიას, რომელიც მოწვეული იყო პრეზიდენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მისაღებად და შემდეგ, როგორ მოხდა, რომ რეზოლუციის ოცნებისეულ ვერსიაში, რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა, ნახსენებიც კი არ იყო.
- "რატომ გააშიშვლეთ და ათრიეთ იატაკზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი? რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ კადრების გასაჯაროება ბრიუსელში ვინმეს მოეწონებოდა?", — კითხულობენ ისინი.
პარტნიორები და ევროინტეგრაცია: დეპუტატები მთავრობას ეკითხებიან, რატომ ემუქრებოდნენ საჯაროდ ევროკავშირის ინსტიტუტებს ფარდის ახდით და "რომელმა იდიოტმა გადაწყვიტა, რომ ასეთი ურთიერთობა დასაშვებია ბრიუსელთან". ასევე, რატომ ლანძღავენ აშშ-ის ელჩს მათი კონტროლირებადი ანტიდასავლური ჯგუფების მიერ და არათუ არ ემიჯნებით, საჯაროდ მხარს უჭერენ მათ ამ ანტიდასავლურ შეტევებს.
- გარდა ამისა, რატომ არ მიაღებინეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსს, რომლის წევრიც თავად არიან.
- ისიც, რატომ დასჭირდა მრავალათასიანი მიტინგები და მწვავე პროტესტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ხელი მოეწერა კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღების განაცხადს და რატომ ამბობდა კობახიძე, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არაფერს ნიშნავდა და უბრალო ფორმალობა იყო.
- "რატომ თქვით უარი სასამართლო რეფორმაზე და შემდეგ ვირეშმაკობას მიჰყავით ხელი, თითქოს, ევროკავშირის 75 მილიონი ევრო არ გჭირდებოდათ? რატომ იტყუებით სკოლის მოსწავლეებივით დღემდე ამ თემაზე?" — წერენ ისინი.
ადამიანის უფლებები: დეპუტატები სვამენ კითხვას, რატომ არ დასაჯეს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და რატომ გგონიათ, რომ ბრიუსელში იდიოტები სხედან, რომლებსაც შეიძლება ტყუილები აჭამონ.
- იკითხეს ისიც, რატომ დააკავეს გვარამია კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე და საერთოდ, რატომ დააკავეს ისეთი მუხლით, რომლითაც აქამდე არასდროს არავინ დაუკავებიათ ამ ქვეყანაში.
კანდიდატის სტატუსი: დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ "პარტიის ფორმალურმა უფროსმა" განაცხადა, თითქოს სტატუსის არ მოცემა ოცნების ბრალი კი არ არის, არამედ იმის ბრალია რომ გეოგრაფიულად შორს ვართ და ომში რომ არ ვართ ჩართულიო. მათ აინტერესებთ, რა შეიცვლება ამ მხრივ მომავალ წელს და თუ არაფერი შეიცვლება — "მაშინ რატომ მოგვცემს ევროკავშირი სტატუსს მომავალ წელს კობახიძის ლოგიკით?"
- კითხვები შეეხო ევროპელი პოლიტიკოსების ლანძღვასაც, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ამ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მთავარი ლობისტები და იმას, რატომ გაიფუჭეს ურთიერთობა ბალტიის, სკანდინავიის ქვეყნებთან, როცა სწორედ ისინი იყვნენ ჩვენი ინტერესების მთავარი დამცველები.
- მათი ყურადღების ცენტრში მოხვდა ისიც, რომ მთავრობას არ აქვს უმაღლესი დონის ვიზიტები ევროპის წამყვან ქვეყნებში და ისიც აინტერესებთ, რატომ არ ჩამოდიან ამ ქვეყნების ლიდერები ჩვენთან.
- "რატომ არ ითხოვთ 12 პუნქტის შესრულების პროცესში ევროპელი ექსპერტების ჩართვას, თუ მართლა არსებობს ამ მოთხოვნების შესრულების პოლიტიკური ნება?"
უკრაინა, ომი და სანქციები: ქართულ ოცნებას ეკითხებიან, რატომ ლანძღავენ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რასაც არ უნდა წერდნენ ან იძახდნენ ისინი.
- "ხომ გასაგებია, რომ უკრაინის მორალური უპირატესობა ახლა არის ამ ქვეყნისთვისაც ყინულმჭრელი ევროპისკენ და ზოგადად დასავლეთისკენ?"
- ასევე, აქვთ კითხვა, რატომ არ დაიკავეს რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ცხადი და არაორაზროვანი პოზიცია.
- "რატომ მოიტყუეთ და დღემდე იტყუებით, თითქოს, დასავლეთი ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას? რატომ ვირეშმაკობთ თითქოს ე.წ "ხალხის ძალა" ცალკე პოლიტიკური წარმონაქმნია? რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბრიუსელში ისეთი იდიოტები არიან, ვერ ხვდებიან რას აკეთებთ ამ ყველაფრით?" , — იკითხეს მათ.
დასასრულს ისინი კითხულობენ, რატომ დაარეგისტრირეს უკრაინულიდან თარგმნილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, როცა გასაგებად აუხსნეს ბრიუსელიდან, რომ ეგ კანონი უკრაინის რეალობაზეა მორგებული და საქართველოს ჩვენს რეალობაზე მორგებული კანონი სჭირდება.
- მათი თქმით, ესაა კითხვები, რომლებიც ისმის ბრიუსელში და ამდენი კითხვის არსებობა თავისთავად უჩენს ერთ, მთავარ კითხვას ევროპელებს: "რამდენად აქვს პოლიტიკური ნება ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია".
- დეპუტაების განცხადებით, ბრიუსელში უკვე ფიქრობენ, რომ ასეთი პოლიტიკური ნება ქართულ ოცნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ძალიან მაღალი ალბათობით, არანაირი სტატუსი არ იქნება არც მომავალი წლის ბოლოს.
- "არ გვაქვს ილუზია რომ ივანიშვილის მსახურები ამ კითხვებს უპასუხებენ", — წერენ ისინი განცხადების დასასრულს.
კომენტარები