ემბარგოს გამოცხადების შემდეგ, 2006-2012 წლებში, საქართველოში რუსული ბაზრის ხელახალი გახსნა ერთგვარ მითოლოგიურ დაპირებად განიხილებოდა, რომელსაც ეკონომიკური ბუმი უნდა მოეტანა. 2013 წელს რუსული ბაზარი გაიხსნა, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარების ნაცვლად განახევრდა.

90-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთი საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო პარტნიორად რჩებოდა. 1995-2005 წლებში საზღვარგარეთ სულ $4 მილიარდის პროდუქცია გავყიდეთ, მათ შორის რუსეთში $820 მილიონის — რაც მთლიანი ექსპორტის 20,6%-ს შეადგენდა.

რუსეთის წილი თანდათან მცირდებოდა და უკვე 2005 წელს 17,8%-ს შეადგენდა, მაშინ როცა 1995 წელს 31%-ს აჭარბებდა, თუმცა ამ მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად რუსეთი პირველ ადგილს მაინც მყარად ინარჩუნებდა.

როგორ დაიწყო ყველაფერი — ემბარგო და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება

2006 წელს თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა. იანვარში ჩრდილოეთ კავკასიაში გაზსადენზე აფეთქება მოხდა და საქართველო ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩა. ქვეყანა იძულებული გახდა დახმარება სანქცირებული ირანისთვის ეთხოვა. რუსული მხარე დღემდე არ აღიარებს, თუმცა უდიდესი ალბათობით ეს იყო დივერსია. საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ 2006 წელს რუსეთმა 1000 მ3 გაზის საფასური $60-დან $110-მდე გაზარდა. ენერგოშანტაჟის შემდეგ, ფალსიფიცირებასთან ბრძოლის მომიზეზებით, რუსეთში ჯერ ქართული ღვინის, შემდეგ კი ქართული მინერალური წყლების შეტანა აიკრძალა. ჯაშუშობაში მხილებული პირების დაკავებას კი საქართველოს 4 000-ზე მეტი მოქალაქის საბარგო თვითმფრინავებით გამოძევება მოჰყვა.

მოსკოვის გათვლა მარტივი იყო, ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტითა და გასაღების ბაზრის აკრძალვით, თბილისი სასურველი გადაწყვეტილებების მიღებაზე უნდა დაეყოლიებინა. 2006 წელს საქართველო გაზს მთლიანად რუსეთისგან ყიდულობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ალტერნატივის მოძებნა შესაძლებელი ყოფილა. 2007 წელს გაზის 33% საქართველომ უკვე აზერბაიჯანიდან მიიღო და მალევე მისი წილი 90%-მდე გაზარდა.

ეკონომიკური კოლაფსი არც ბაზრის ჩაკეტვას გამოუწვევია:

  • 2005 წელს რუსეთში ექსპორტზე $154 მილიონის პროდუქცია გავიდა;
  • 2006 წელს $75 მილიონის;
  • 2007 წელს $45 მილიონის;
  • 2008 წელს $30 მილიონის.

მაგრამ 2006 წელს მთლიანი ექსპორტი მაინც 8%-ით გაიზარდა, 2007 წელს — 32%-ით და 2008 წელს კი — 21%-ით.

ჯამური ექსპორტის ზრდის მიუხედავად, ემბარგოს დანაკარგის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. 2007 წელს ღვინის ქარხნებში თეთრი ყურძნის ჩასაბარებელი ფასი იქამდე არსებული 30-35 თეთრიდან, 18-22 თეთრამდე (დღევანდელი მსყიდველუნარიანობთ 38-46 თეთრამდე) შემცირდა, რამაც იმავე წლის ნოემბრის პოლიტიკურ კრიზისში გარკვეული წვლილი შეიტანა.

ემბარგოს შედეგები

საგარეო ვაჭრობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არა ერთადერთი. იმის გასაგებად, როგორ იმოქმედა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების მინელებამ და ისევ აღდგენამ საქართველოზე, შეგვიძლია ორი შედარებით გრძელვადიანი პერიოდი, 2006-2012 და 2013-2019 წლები შევადაროთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ პერიოდს ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, ხოლო მეორე პერიოდი კოვიდპანდემიამდეა აღებული, სტატისტიკა მაინც პირველის უპირატესობისკენ იხრება.

  • თუ 2005 წელს მთლიანი ექსპორტი მხოლოდ $865 მილიონს შეადგენდა, 2012 წელს ის 175%-ით გაიზარდა და $2,377 მილიარდს მიაღწია.
  • მომდევნო შვიდ წელიწადში კი, მაშინ როცა რუსული ბაზარი გაიხსნა, ჯამური ექსპორტი მხოლოდ 60%-ით $3,798 მილიარდამდე გაიზარდა.
  • 2006-2012 წლებში, ემბარგოს პირობებში ექსპორტი წლიურად საშუალოდ 15,6%-ით იზრდებოდა, 2013-2019 წლებში 6,9%-ით.
  • რუსული ბაზრის გარდა, 2014 წლის 27 ივნისიდან თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთანაც ამოქმედდა, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ჩინეთთან, მაგრამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მაინც ვერ მოხერხდა.

მსგავსი ვითარება მხოლოდ საგარეო ვაჭრობაში არ შეინიშნება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2011 წელს ტურისტებში რუსი ვიზიტორების წილი 8,1-ს შეადგენდა, 2012 წელს ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 52%-ით 3,115 მილიონიდან 4,741 მილიონამდე გაიზარდა. გარდა ამისა:

  • 2018 წელს რუსი ვიზიტორების წილმა 19,5%-ს მიაღწია, 2019 წელს კი ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 7,3-ით 7,203 მილიონიდან 7,726 მილიონამდე გაიზარდა.
  • თუ სფეროს შემოსავლებით დავითვლით ანალოგიურ სურათს მივიღებთ — 2012 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 48%-ით $955 მილიონიდან $1,411 მილიარდამდე გაიზარდა;
  • 2019 წელს კი მხოლოდ 1,5%-ით $3,222 მილიარდიდან $3,269 მილიარდამდე.

სხვადასხვა ფაქტორის მიუხედავად ეკონომიკურ მდგომარეობას არა სრულყოფილად, მაგრამ მაინც ყველაზე კარგად მთლიანი შიდა პროდუქტი იგივე მშპ და მისი ზრდის ტემპი განსაზღვრავს. გრძელვადიან პერიოდში, სწრაფი ეკონომიკური ზრდის დროს, მართალია სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც ყველას მდგომარეობა უმჯობესდება. წლიურად 10%-იანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, 15 წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო რეალური შემოსავალი ინფლაციის გამოქვითვის შემდეგ 300%-ით იზრდება. ამ პერიოდში შეიძლება ვიღაც 1 500%-ით გამდიდრდეს, ვიღაც მხოლოდ 60%-ით, მაგრამ ზრდა იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაინც ყველას ეხება.

  • 2006-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა 47,7%-ით გაიზარდა, 2013-2019 წლებში კი მხოლოდ 32,2%-ით.
  • პირველ შემთხვევაში საშუალო წლიური ზრდა 5,7%-ა, მეორე შემთხვევაში 4,1%.
  • რომ არა ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, 2006-2012 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 8,4% იქნებოდა.
ეკონომიკური ზრდის ტემპი სხვადასხვა პერიოდში

ეკონომიკური ზრდის ტემპი სხვადასხვა პერიოდში

რუსეთის ეკონომიკის ზომა

რუსეთი ტერიტორიითა და ბუნებრივი წიაღისეულით მსოფლიოს #1 სახელმწიფოა, მაგრამ ეკონომიკით მხოლოდ მე-11. უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის ეკონომიკა პლანეტის ეკონომიკის 1,8%-ს შეადგენდა. მას არამხოლოდ აშშ და ჩინეთი, კანადა და სამხრეთ კორეაც უსწრებდნენ.

პლანეტის ეკონომიკის 1,8% ცოტა სულაც არ არის და საქართველოს ეკონომიკის მოცულობას 95-ჯერ აჭარბებს, მაგრამ გერმანიის ეკონომიკის მოცულობას 2,4-ჯერ ჩამორჩება, ჩინეთისას — 10-ჯერ და შეერთებული შტატებისას — 13-ჯერ. თუ იმავეს პროცენტებში ვიტყვით, გამოვა, რომ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის ეკონომიკა გერმანიის ეკონომიკის 42%-ს, ჩინეთის ეკონომიკის 10%-სა და შეერთებული შტატების ეკონომიკის 7,7%-ს შეადგენდა. როდესაც 2022-ის მონაცემები დაითვლება, ეს სხვაობა კიდევ უფრო თვალში საცემი გამოჩნდება.

სახელმწიფოების ეკონომიკის ზომა

სახელმწიფოების ეკონომიკის ზომა

სიმართლეა, რომ რუსეთი ახლოა და ტრანსპორტირების ხარჯი ნაკლებია. ისიც სიმართლეა, რომ რუსეთში ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალს უკეთ იცნობენ, თუმცა ზღვარი ყველაფერს აქვს, მათ შორის რუსი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობას.

2021 წელს საქართველომ რეკორდული მოცულობის — $240 მილიონის ღვინო გაყიდა, მათ შორის $131 მილიონის რუსეთში. ქართული ღვინისთვის რუსეთი კვლავ ყველაზე დიდ ბაზრად რჩება, მაგრამ ამავე დროს ნაკლებ მომგებიანადაც. 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი (საზღვარზე გადატანა) რუსეთში $2,76-ა, საშუალო ფასი ყველა ქვეყანაში — $2,97, ჩინეთში — $3,73, გერმანიაში — $5,04, ხოლო აშშ-ში — $6.33.

2021 წელს რუსეთმა ღვინის იმპორტში მეათე ადგილი დაიკავა მან სულ $1,09 მილიარდის ღვინო იყიდა, რაც მსოფლიო ბაზრის 3,1%-ა.

  • იმავე წელს შეერთებულმა შტატებმა 440%-ით მეტის, $5,9 მილიარდის ღვინო იყიდა;
  • ბრიტანეთმა — $4,4 მილიარდის;
  • გერმანიამ — $2,9 მილიარდის;
  • კანადამ — $2 მილიარდის;
  • ჩინეთმა — $1,8 მილიარდის.

ფრანგული ან ესპანური ღვინის, თუნდაც ნაწილობრივი ჩანაცვლება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

2013 წელს, როდესაც რუსეთის ბაზარი ხელახლა გაიხსნა, ექსპორტი ჯერ $47 მილიონიდან $191 მილიონამდე გაიზარდა, შემდეგ $275 მილიონამდე, მაგრამ 2015 წელს ყოველგვარი ემბარგოს გარეშე $163 მილიონამდე შემცირდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯერჯერობით 11%-იანი ზრდა ფიქსირდება, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება გაისად და ან მაშინ, თუ სანქციებს ნავთობზე ფასების ვარდნაც დაემატება. ასევე, ყოველგვარი ემბარგოს გარეშე 1998 წელს რუსეთში ექსპორტი $69 მილიონიდან $55 მილიონამდე, 1999 წელს კი $48 მილიონამდე შემცირდა.

ექსპორტი რუსეთში

ექსპორტი რუსეთში

რუსეთი, გარდა იმისა, რომ ოკუპანტია, ასევე არასანდო და არაპროგნოზირებადი სავაჭრო პარტნიორიცაა. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით მისი, როგორც დამატებითი შესაძლებლობის განხილვა მისაღებია, მაგრამ მასზე დაყრდნობა უაღრესად სახიფათოა, იწვევს სტაგნაციას, რომელსაც პერიოდულად თან რეგრესიც ახლავს. პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაფერი თითქმის იგივენაირადაა, ოღონდ ამ შემთხვევაში რისკები კიდევ უფრო გაზრდილია.