საკუთარ სახლში დატყვევებულები: როგორ გაურბიან სომეხი ქალები ფსიქოლოგიურ ძალადობას
სახლში გამოკეტვა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა — ზოგიერთი სომეხი ქალისათვის ქორწინება ნამდვილი კოშმარია, თუმცა, როცა მეგობრებისა და ოჯახისგან სრულიად იზოლირებული ხარ, მოძალადისაგან თავის დაღწევა მარტივი არაა.
ანი სულ რაღაც 18 წლის იყო, როცა გათხოვდა. "ოჯახური ცხოვრება ძალიან ლამაზად წარმომედგინა: რომანტიკული საღამოები ჭიქა ღვინით, მოგზაურობა...", — ამბობს ანი.
ყველაფერი კარგად დაიწყო: ანი არარატის პროვინციის პატარა სოფლიდან რეგიონის დიდ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ცხოვრება, რომლის იმედიც ჰქონდა, თითქოს ფორმას იძენდა.
"ჩემი ქმარი ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო და ბევრი რამის შესაძლებლობა გვქონდა. მეგონა, სამოთხეში აღმოვჩნდი", — ამბობს ანი.
თუმცა ანის ზღაპრული ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ყველაფერი ორი წლის შემდეგ შეიცვალა, როცა ანი დაორსულდა.
ქმარმა, რომელიც ანიზე ათი წლით უფროსი იყო, გამოაცხადა, რომ "ჯანმრთელი შვილისათვის" მის ცოლს სახლი არ უნდა დაეტოვებინა, რათა მთელი ორსულობის განმავლობაში "დასვენებული ყოფილიყო".
"სახლში სულ ახალ-ახალი გემრიელი საკვები მოჰქონდა და ყოველდღე საჩუქრებს მჩუქნიდა", — ამბობს ანი. სანამ სხვები მის ცხოვრებას შენატროდნენ, ანი თავს გამომწყვდეულად გრძნობდა.
"რეალურად პატიმარივით ვცხოვრობდი და სახლის დატოვების უფლება მხოლოდ ქმართან ერთად მქონდა".
ეს ანისთვის სრული სიახლე არ ყოფილა: ქმარი მას ქორწინების პირველივე დღიდან აკონტროლებდა და მისი ან დედამისის თანხლების გარეშე სახლის დატოვებას უკრძალავდა.
ანის მშობლები თავდაპირველად ღელავდნენ, რომ შვილი მათ უფრო და უფრო იშვიათად სტუმრობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ახალ რეალობას შეეგუვნენ. ფიქრობდნენ, რომ მათი შვილი ბედნიერი იყო.
ანის იმედი ჰქონდა, რომ მოოქროვილ ციხეში მისი ცხოვრება მხოლოდ ორსულობის მანძილზე გასტანდა.
"ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დროებითი იყო და ბავშვის დაბადების შემდეგ სახლის ოთხი კედლის იქითაც ვნახავდი სამყაროს, მაგრამ როცა შვილი შეგვეძინა, პატიმრობის ახალი ფაზა დაიწყო: მოლოდინი ჰქონდათ, რომ ბავშვის აღზრდაზე სახლიდან გასვლის გარეშე უნდა მეზრუნა".
ამ მოსაზრებას იზიარებდნენ ქმრის მშობლებიც: მათ ანის უთხრეს, რომ ქალმა ბავშვის აღზრდას უნდა მიუძღვნას თავი, კაცის საქმე კი ფულის შოვნაა.
ბავშვის დაბადების შემდეგ შეზღუდვები მხოლოდ გამკაცრდა: ანის ნებართვის გარეშე აივანზე გასვლაც აეკრძალა. სწორედ ამ აივნით დაიწყო მისი ქორწინების დასასრული.
"სანამ ბავშვი ეტლით აივანზე გამყავდა, ტელეფონი ოთახში დამრჩა. ჩემმა ქმარმა ზუსტად იმ მომენტში დარეკა".
ანიმ ქმარს ზუსტად ერთი წუთის შემდეგ გადაურეკა და აუხსნა, რატომ ვერ უპასუხა მაშინვე, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.
"უკონტროლოდ დაიწყო ყვირილი. ღალატში და გარყვნილებაში მადანაშაულებდა. ზუსტად ნახევარ საათში სახლში გაჩნდა და ცემა დამიწყო. ისე მცემა, რომ გონება დავკარგე. როცა გამოვფხიზლდი, მეგონა, რომ სხვა ადამიანი ვიყავი, თითქოს რაღაც სუპერძალა გამიჩნდა. მივხვდი, რომ მისთვის მხოლოდ თოჯინა ვიყავი, რომელსაც ყუთის დატოვების უფლება არ ჰქონდა".
შემდეგ თვეს მშობლებთან ვიზიტის დროს ანიმ დახმარება დედას სთხოვდა. ეშინოდა, რომ მშობლები ვერ გაუგებდნენ და უბიძგებდნენ, ძალადობაში ცხოვრება გაეგრძელებინა.
"ვცდებოდი და ამ აზრების გამო ახლაც დანაშაულის შეგრძნება აქვს. მეორე დღეს მშობლები ჩვენთან მოვიდნენ და დიდხანს ესაუბრნენ ჩემს ქმარს. გავშორდით. ახლა ცდილობს, შემომირიგოს, მაგრამ მე ის მძულს".
ძალადობის მოდელი
ანის მსგავსი ისტორია ბევრს აქვს. სომხეთში ქალების მიმართ ძალადობის შესახებ ჩატარებული ეროვნული კვლევით, ქალების 32%-ს პარტნიორისაგან ფსიქოლოგიური, 6,6%-ს — სექსუალური, ხოლო 14,8%-ს ფიზიკური ძალადობა გამოუცდია.
2 872 გამოკითხული ქალიდან 50%-ს საკუთარი შემოსავალი არ ჰქონდა, რაც მათ ძალადობის გაზრდილი რისკის ქვეშ აყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ, კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობა ზოგადად უფრო რეგიონებშია გავრცელებული, კონკრეტულად ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო ქალაქებში გამოიკვეთა. ფსიქოლოგიური ძალადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 15-24 წლის ქალებში იყო.
მარინე ეგიზარიანი ადგილობრივ ორგანიზაციაში, რომელიც ოჯახში ძალადობაგამოვლილ ქალებს ეხმარება, ფსიქოლოგად მუშაობს. მისი თქმით, ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება სხვა ტიპის ძალადობაში გადაიზარდოს, რადგან "ის ყველა სახის ძალადობის შემადგენელი კომპონენტია".
მარინე გვეუბნება, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში მოძალადის მთავარი მიზანი მსხვერპლზე კონტროლის მოპოვება და დომინაციაა.
"ხშირად ეს ქალები დაქორწინებამდე ბევრად დამოუკიდებლები და თავისუფლები არიან. კაცები, რომლებსაც საკუთარ თავთან გადაუწყვეტელი პრობლემები აქვთ, ასეთ ქალებთან შეხვედრისას მათ "განეიტრალებას" ცდილობენ".
მარინე ფსიქოლოგიური ძალადობის ტიპურ ტრაექტორიას აღწერს:.
"ხშირად ოჯახის წევრები არწმუნებენ ქალს, რომ ის უღირსი და მახინჯია და მამაკაცის გარეშე გადარჩენას ვერ შეძლებს. ისინი ნელ-ნელა უქვეითებენ ქალს თვითშეფასებას, სანამ სახლში გამოკეტილი ქალი თავად არ დაიჯერებს, რომ რასაც ეუბნებიან, სიმართლეა და თუ კაცს დაშორდება, სრულიად მარტო დარჩება".
ეგიზარიანი ამატებს, რომ კაცი, როგორც წესი, ცოლს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტს აწყვეტინებს, რათა მისთვის რთული იყოს სხვა პერსპექტივის დანახვა და მოძალადესთან დაპირისპირება.
"ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ქალები დიდხანს ვერ ბედავენ განქორწინებას, რადგან ფიქრობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ“.
საბოლოოდ, ცხოვრების ეს წესი ნაცნობი ხდება და "ციხე კომფორტის ზონად იქცევა".
ცხოვრება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ
სწორედ ეს შეემთხვა 30 წლის გაიანეს (სახელი შეცვლილია) შირაქის პროვინციიდან, რომელმაც გამოკეტილმა ხუთი წელი გაატარა და მხოლოდ მაშინ შეძლო თავის დაღწევა, როცა მისი და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.
მას სამი შვილი ჰყავს: ერთი, სამი და ოთხი წლის. განათლებით მასწავლებელია, თუმცა გაკვეთილი არასდროს ჩაუტარებია.
"პედაგოგიურ კოლეჯში ვსწავლობდი. სწავლის პარალელურად დღეში რამდენიმე საათი წიგნის მაღაზიაში ვმუშაობდი. სამსახური დიდად არ მომწონდა, მაგრამ ვმუშაობდი, რომ სწავლის ფული გადამეხადა. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ როგორც კი კოლეჯს დავამთავრებდი, ამ სამსახურს თავს დავანებებდი".
მოგვიანებით გაიანე ამ პერიოდს და საკუთარი თავის წარსულ ვერსიას შურით იხსენებდა.
"კოლეჯის დამთავრებისთანავე გავთხოვდი. როცა თაფლობის თვე დასრულდა და დიპლომი ავიღე, ქმარს ვუთხარი, რომ ჩემს რეზიუმეს რამდენიმე საბავშვო ბაღში გადავაგზავნიდი, რათა სამსახური მეპოვა. საშინელი რეაქცია ჰქონდა".
გაიანეს ქმარი განრისხდა: მოკვლით დაემუქრა, თუ კიდევ იფიქრებდა მუშაობის დაწყებაზე. გაიანეს დედამთილმა კი ღიმილით დაამატა, რომ კამათს აზრიც არ ჰქონდა: გაიანეს მაინც არავინ აიყვანდა სამსახურში.
"ჩემს დედამთილს პირველივე დღიდან არ მოვწონდი. სულ ხაზს უსვამდა, რომ სამსახურის საპოვნელად საჭირო განათლება არ მქონდა", — ამბობს გაიანე.
შეზღუდვები ამით არ დასრულებულა. გაიანეს თანმხლების გარეშე (ქმრის ან ქმრის დედის) სახლის დატოვება აეკრძალა. კარის გაღებაც კი არ შეიძლებოდა.
"უმეტესად მარტო ვიყავი სახლში. ჩემს დედამთილს მეტი უფლება ჰქონდა და მუშაობდა, ქმარიც სულ სამსახურში იყო. იმისთვის, რომ ვეკონტროლებინე, მუდმივად ვიდეოქოლით მირეკავდა".
სომხური ტრადიციის თანახმად, ბავშვის გაჩენის შემდეგ ახალბედა დედა რამდენიმე დღით მშობლების სახლში მიდის.
"როცა პირველი შვილი შემეძინა, მშობლებმა მთხოვეს, რამდენიმე დღით მათთან გადავსულიყავი – ისინი სოფლიდან არიან და მსგავს ტრადიციებს ინარჩუნებენ. დედამთილი ყოყმანით დათანხმდა, თუმცა ქალაქიდან სოფლამდე გზაში უწყვეტ ვიდეოქოლზე ვიყავი. მშობლების სახლში ორი დღე გავატარე. ამ ხნის განმავლობაში ქმარი გამუდმებით მირეკავდა და ისიც კი იცოდა, როდის შევდიოდი ტუალეტში".
თვალთვალი გაიანეს მთელ ქორწინებას გასდევდა თან.
"ერთად ხუთი წელი ვიცხოვრეთ. თუ სახლში არ იყო, მუდმივად ტელეფონით ვსაუბრობდით. სპეციალურად ამისთვის განკუთვნილი მობილური მუდმივად ჩართული ედო სამსახურის მაგიდაზე. საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო, ამიტომაც ამის საშუალება ჰქონდა".
"საქმე ისაა, რომ სახლს ფიზიკურად ვერ დავტოვებდი. რომც მომენდომებინა, ვერ შევძლებდი, რადგან გასაღები არ მქონდა. ქმარი ან დედამისი სახლის დატოვებისას გარედან მკეტავდნენ".
ხუთი წლის შემდეგ გაიანე ტყვეობასა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრებას შეეგუა. ასე გაგრძელებას რომ ვეღარ შეძლებდა, მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიერა, რაც მისი და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.
"ჩემს მესამე შვილს ვაბანავებდი, როცა ერთ-ერთმა უფროსმა ბავშვმა ჩუმად გაიღვიძა, ასანთი გაკრა და ფარდას ცეცხლი მოუკიდა. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა. ოთახს ცეცხლი მოედო, შენობიდან კვამლი გამოდიოდა და მე სახლს ვერ ვტოვებდი, რადგან გასაღები არ მქონდა".
მისი თქმით, მეზობლები და მეხანძრეები დროულად რომ არ მოსულიყვნენ, ახლა ცოცხალი არ იქნებოდა.
ამ ინციდენტის შემდეგ გაიანემ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ ბავშვები მას მიაკუთვნა.
რა გველის
ეგიზარიანის თქმით, ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, ქალებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ საკითხზე და თავიანთ უფლებებზე.
"ერთი ქალი იმიტომ ვერ შორდებოდა ქმარს, რომ ის დაემუქრა, გაშორების შემთხვევაში ბავშვს წაგართმევო", — იხსენებს ის, — "ეს, იმის მიუხედავად, რომ მათი ქორწინება ოფიციალურად არ იყო გაფორმებული და კაცს შვილი აღიარებულიც კი არ ჰყავდა".
"რა თქმა უნდა, ყველა საბუთით ბავშვი ასეთ დროს დედასთან დარჩებოდა, თუმცა, იმ მდგომარეობაში ქალი ამას ვერ ხვდებოდა".
თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. ანისა და გაიანეს მსგავსად, სხვა ქალებიც აცნობიერებენ, რომ მათი უფლებები ილახება. ამ კუთხით გაუმჯობესება შეიმჩნევა. თუკი უფროსი ასაკის ქალები იშვიათად საუბრობენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, 20-25 წლის ქალები უფრო ხშირად იღებენ ხმას.
მათთვის, ვინც გაიანეს მსგავსად აღწევს თავს ციხეს, შვება შეიძლება თავბრუდამხვევი იყოს.
"როცა თავისუფლების პირველ დღეს სახლიდან გამოვედი, მეუცნაურა, რომ ვიდეოქოლზე არ ვიყავი", — იხსენებს გაიანე, — "გარეთ მზე ანათებდა. ნაყინი ვიყიდე და გავისეირნე. უბრალოდ გარეთ ვიყავი, ვინმესთვის თქმის გარეშე. მეგონა, რომ კინოში აღმოვჩნდი".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა.
კომენტარები