"ჩემი ძალაუფლება არის მხოლოდ ის, რომ ხალხი მენდობა. ხალხს ჩემს მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორიც აქვს და ჩემს სიტყვას აქვს ფასი", - ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა გადაცემა ინტერVIEW-ს ჟურნალისტის, სალომე ასათიანის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვლინდება და რა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ცხოვრებას ივანიშვილის, როგორც ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლება .

ყოფილმა პრემიერმა განმარტა, რომ ვინც მის პიროვნებას იცნობს, სიტყვა საფრთხე მის მიმართ არ გამოყენებს:

"ისეთი ვარ, როგორიც ვარ. მთავარი ის არის, რომ მთელ ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ხაზს, თუ რუსთავი 2-ს არ მოუსმენთ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამე გამეკეთებინოს. მე მგონია, რომ მთელი ცხოვრება არათუ კანონს ვემორჩილებოდი, არამედ სინდისით ვცხოვრობდი. ამ მხრივ, ვერ წარმომიდგენია, რომ სიტყვა საფრთხე ვიხმაროთ, როდესაც ამ ქვეყნის შვილები ვართ. მე გამაჩნია რაღაც ჩემი წარსული, რაღაც შემიქმნია ჩემი ცხოვრებით და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად მოვახმარე ჩემს ხალხს და ჩემს ცხოვრებას".

ივანიშვილმა განმარტა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ერთი გუნდისა და ერთი კაცის მიერ იმართებოდა ქვეყანა, ე.წ. ელიტარულ კორუფციას აღნიშნული პირები ინაწილებდნენ, რომლებიც ბიზნესზე ძალადობდნენ, ძალადობდნენ მოქალაქეებზე და იჭერდნენ მათ:

"გაუსაძლისი მდგომარეობის პირობებში, რომ ვნახე, რომ შეუძლებელი იყო რომელიმე პარტიის მხარდაჭერით შეცვლილიყო სიტუაცია, გადავწყვიტე და მოვედი იქ, სადაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, რომ ჩემი ცხოვრების წესით მე პოლიტიკაში მოვიდოდი".