რა გავლენას ახდენს ვარჯიშის ინტენსივობა სხვადასხვა ტიპის მეხსიერებაზე? — ახალი კვლევა
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვარჯიშს ბევრი სარგებელი მოსდევს. ვარჯიში გვიცავს ისეთი ქრონიკული დაავადებებისგან, როგორებიცაა დიაბეტი და გულის ავადმყოფობა, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლია გააუმჯობესოს ფსიქიკური ჯანმრთელობაც. მაგრამ რა გავლენა აქვს მას კონკრეტულ ფუნქციებზე, როგორიცაა მეხსიერება? შეუძლია თუ არა ვარჯიშის რეჟიმს, დაგვეხმაროს, დავიმახსოვროთ, ჩავკეტეთ თუ არა კარი, სად დავდეთ გასაღები, ანდაც, სად გვქონდა პარტნიორთან პირველი პაემანი?
ეს შესაძლებელია. წლების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთ ვარჯიშსაც კი შეუძლია გააუმჯობესოს მეხსიერება, და რომ რეგულარული ვარჯიში წლების ან ათწლეულების განმავლობაში არა მხოლოდ აუმჯობესებს მეხსიერებას, არამედ ხელს უშლის მეხსიერების პრობლემების გაძლიერებას. დარტმუთის ბოლო კვლევა ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვარჯიშის ინტენსივობამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სხვადასხვა ტიპის მეხსიერების გასაძლიერებლად.
"ჩვენ ვიცით, რომ ვარჯიში მუშაობს, მაგრამ არ ვიცით, ვარჯიშის რომელი ცვლადები ხდის მას უფრო ეფექტურს. გვჯერა, რომ ინტენსივობა არის ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი", — თქვა მარკ როიგმა, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის პროფესორმა მაკგილის უნივერსიტეტში, რომელიც სწავლობს ვარჯიშის ეფექტს შემეცნებაზე.
როგორც ჩანს, ვარჯიშის სხვადასხვა ინტენსივობა გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის მეხსიერებაზე
რეგულარულ ვარჯიშსა და მეხსიერებას შორის კავშირის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ცვლილებების გაზომვაა. ამას ართულებს ფაქტი, რომ ბევრი სხვა ფაქტორი, როგორებიცაა ოფისში მჯდომარე მუშაობა ან ძილის ქრონიკული ნაკლებობა, გავლენას ახდენს მეხსიერებაზე. გარდა ამისა, არსებობს მეხსიერების სხვადასხვა ტიპები, რაც ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მუდმივად დაკარგოს გასაღებები (ცუდი სივრცითი მეხსიერება), მაგრამ ჰქონდეს შესანიშნავი უნარი, დაიმახსოვროს დაბადების დღეები (ძლიერი სემანტიკური მეხსიერება).
ამ საკითხების ერთ-ერთი გადაჭრის გზა აქტივობის თრექერებია. ბოლო ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Scientific Reports-ში, მკვლევრებმა შეძლეს, დაეთვალიერებინათ Fitbit-ის ერთი წლის მონაცემები 113 მონაწილისგან, რომლებმაც ასევე დაასრულეს მეხსიერების ტესტების სერია, რომელიც მოიცავდა მოკლე მოთხრობის დეტალების გახსენებას, სივრცით დეტალებს, უცხოური ენის ტერმინებსა და შემთხვევითი სიტყვების სიებს.
ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ მონაწილეთა აქტივობის მთელი წლის ინფორმაციას — რამდენ ვარჯიშს აკეთებდნენ, რამდენად ინტენსიურად, რამდენად ხშირად — უკავშირებს მათ მიღწევებს მეხსიერების ტესტებში.
სხვა კვლევებმა აკონტროლეს აქტივობის ნიმუშები თვითშეტყობინებების მონაცემებით, რომლებიც ხშირად ნაკლებად სანდოა, ვიდრე აქტივობის თრექერების მონაცემები, რადგან ადამიანები ნაკლებად აფასებენ იმ დროს, თუ რამდენ ხანს არიან მჯდომარე პოზაში და არასწორად ახსოვთ თავიანთი საერთო აქტივობის დონე.
ექიმმა მანინგმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ აქტიურ ადამიანებს, საერთო ჯამში, უკეთესი მეხსიერება აქვთ მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებთან შედარებით. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ტესტების ტიპები, რომლებსაც ისინი კარგად აკეთებდნენ, განსხვავებული იყო იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ინტენსიურად ვარჯიშობდნენ.
მაგალითად, მონაწილეებს, რომლებიც ეწეოდნენ მსუბუქ და ზომიერ აქტივობებს, როგორიცაა რეგულარული სეირნობა, უკეთესი "ეპიზოდური" მეხსიერება ჰქონდათ, ანუ უკეთ იმახსოვრებდნენ ყოველდღიურ დეტალებს, როგორებიცაა: მეგობრებთან შეხვედრა, კინოში წასვლა და ა.შ. ეს შედეგები თანხვედრაში მოდის უამრავ წინა კვლევასთან, რომლებმაც აჩვენა, რომ რაც უფრო აქტიურია ადამიანი, მით უკეთესია მისი ეპიზოდური მეხსიერება.
მონაწილეები, რომლებიც რეგულარულად უფრო ინტენსიურად ვარჯიშობდნენ, მაგალითად, დარბოდნენ ან აკეთებდნენ HIIT ვარჯიშის, უფრო კარგად ასრულებდნენ სივრცითი მეხსიერების ამოცანებს. სივრცითი მეხსიერება არის უნარი, დაიმახსოვროთ ფიზიკური ურთიერთობები ობიექტებს ან მდებარეობებს შორის სივრცეში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგი სივრცითი მეხსიერება გეხმარებათ, არ დაგავიწყდეთ, სად დადეთ გასაღები. ეს შედეგი ასახავს უამრავ სხვა კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ მაღალი ინტენსივობის ვარჯიში აუმჯობესებს მეხსიერებას, მაგრამ, ამავდროულად, ზემოხსენებული ახალი კვლევის შედეგი უფრო შორს მიდის და ვარაუდობს, რომ ამგვარი ვარჯიში ყველაზე ეფექტურია სივრცითი მეხსიერებისთვის.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა მეტი კვლევა ჩატარდეს ამ ასოციაციების გასამყარებლად და იმის დასადგენად, თუ რა იწვევს მათ.
"რაც უფრო მეტად შეგვიძლია დავაკავშიროთ ყოველდღიური აქტივობის ნიმუშები კოგნიტურ მუშაობასთან, მით უფრო ვუახლოვდებით ცხოვრების წესზე ფიქრს", რომელიც მოიცავს მთელი დღის განმავლობაში შესრულებულ აქტივობებსა და ძილის რეჟიმს, — თქვა მიშელ ვოსმა, კოგნიტურმა ნეირომეცნიერმა.
მენინგი და მისი კოლეგები იმედოვნებენ, რომ გააგრძელებენ კონტროლირებად ექსპერიმენტებს იმის დასადგენად, თუ რატომ შეიძლება გარკვეულმა ვარჯიშებმა გავლენა იქონიოს მეხსიერების კონკრეტულ ტიპებზე. ამიტომ, იქნებ ბოლოს და ბოლოს ისეთი ვარჯიშიც გამოიგონონ, რომელიც დაგვეხმარება იმის გახსენებაში, თუ სად დავდეთ ეს წყეული გასაღები.
კომენტარები