ხატე საქართველოსთვის: ქართული ღვინით დახატული საქართველო და კალიფორნიის მზე მცხეთაში
"ქართული ღვინო საღებავად ისეთივე იდეალურია, როგორც დასალევად" - მეუბნება იაპონელი მხატვარი და ვინ იცის, მერამდენე გაკვირვებულ ტურისტთან ერთად იღებს ფოტოს. მის სახეს აგერ უკვე მესამე საათია ღიმილი არ მოსცილებია, მოთმინებით პასუხობს ტურისტების ყველა შეკითხვას და ათას მადლობას უხდის ყურადღებისთვის.
მცხეთას უცნაური, ნიჭიერი და მხიარული მხატვრების კოლექტივი სტუმრობს. ისინი საერთაშორისო არტ-ფესტივალის, ხატე საქართველოსთვის, ფარგლებში გვესტუმრნენ.
დილის ცხრა საათზე უკვე მცხეთაში ვარ. სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსული, ვამჩნევ, რომ ქალაქს ჯერ კიდევ ღრმა ძილით სძინავს. უცხოელი მხატვრები თერთმეტ საათზე შეუდგებიან საქმეს, იქამდე კი ორი საათია.
ყოფილხართ მცხეთაში მაშინ, როდესაც მთელ ქალაქში მხოლოდ ეზოებში დამწყვდეული ძაღლების ყეფა ისმის? - ასეთ დროს აქ მეც პირველად აღმოვჩნდი. გადავწყვიტე, საქართველოს ყოფილ სატახტო ქალაქში ფეხით გავისეირნო და მთელი მისი ბრწყინვალებით დავტკბე. ქუჩას ნელი ნაბიჯებით მივუყვები. დრო უხვად მაქვს, ამიტომ ყოველ კუთხეს ყურადღებით ვაკვირდები. ქუჩებში, აქა-იქ, რამდენიმე მეეზოვე მხვდება, საკუთარ ქალაქს გულმოდგინედ ალაგებენ და მცხეთისკენ მომავალი ტურისტებისთვის ქუჩებს ასუფთავებენ.
ვიწრო ქუჩებს მივუყვები და სრულიად გაუაზრებლად სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე ვუხვევ. აქაურობა ასეთი ცარიელი არასდროს მინახავს. ახლა ვხვდები, რომ ამ უძველეს ნაგებობას, ისეთი ბრუტალური გამოხედვა, როგორსაც კონსტანტინე გამსახურდია აღწერს, სწორედ მაშინ აქვს, როცა ირგვლივ სიცარიელეა.
მცხეთაში სეირნობისას დრო მალე გადის. უკვე თერთმეტის ნახევარია და დროა იმ სასტუმროს მივაშურო, სადაც ოცდახუთმა ხელოვანმა ეს-ესაა გაიღვიძა, ქალაქის სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და საუზმისთვის ემზადება. სასტუმროსთან ქართველი მხატვარი და უცხოელი სტუმრების მასპინძელი, გიორგი ტაბლიაშვილი მხვდება.
მთავარი ისტორია კი, აქედან იწყება.
ხატე საქართველოსთვის - საერთაშორისო არტ-ფესტივალი
გიორგი ტაბლიაშვილი სტუმრებთან ერთად საუზმობას მთავაზობს და სასტუმროს სასადილოში მიმიძღვის. სასადილოში უცხოელი მხატვრები მაგიდებს უსხედან და რაღაც საკითხებს ენერგიულად განიხილავენ. ძირითადად, საქართველოს შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთს. სტუმრები თავის მასპინძელს ოვაციებით ხვდებიან და დილა მშვიდობისაო, სათითაოდ ეუბნებიან. აქ არიან ამერიკელი, რუსი, რუმინელი, კანადელი, თურქი, სერბი, გერმანელი, სირიელი, ლიტველი და ფრანგი არტისტები. სულ, ჯამში, თორმეტი ქვეყნიდან ჩამოსული ოცდახუთი მხატვარი.
ჩემმა მასპინძელმა სტუმრებს ჩემი თავი გააცნო. სტუმრები მეგობრულად მიღიმიან და სათითაოდ მეცნობიან. ერთ-ერთმა მათგანმა ზედმეტსახელი მყისიერად შემირჩია და "ახალგაზრდა რეპორტიორი" შემარქვა.
მე და გიორგი ცალკე მაგიდასთან ვსხდებით და უცხოელი არტისტების ჩამოსვლის მიზეზებზე ვსაუბრობთ.
"უკვე ხუთი წელია საერთაშორისო არტ-ფესტივალს ვატარებთ, რომელსაც ხატე საქართველოსთვის ჰქვია. სხვადასხვა ქვეყნიდან ნიჭიერი და წარმატებული მხატვრები ჩამოდიან და საქართველოსთვის ხატავენ. თემაში შეზღუდულები არ არიან, რასაც უნდათ იმას დახატავენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავიანთ ნამუშევრებს ყოველთვის საქართველოს უკავშირებენ", მეუბნება გიორგი.
"ფესტივალი ერთკვირიანია", აგრძელებს ის. "ხუთი დღის განმავლობაში სტუმრები მცხეთაში ცხოვრობენ და ამ დროის მანძილზე ქმნიან საკუთარ ნახატებს. ბოლო ორი დღე კი გამოფენისთვის არის განკუთვნილი. ნამუშევრები 26 მაისს სვეტიცხოველთან, პარკში გამოიფინება. მეორე დღეს კი, 27 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამ ნახატების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია", - ამბობს მასპინძელი.
საუზმის დრო ამოიწურა და ნელ-ნელა სვეტიცხოვლისკენ ვიძრებით. გზა და გზა ვამჩნევ, რომ ქალაქში ადამიანები გამოჩნდნენ, ქუჩები უწინდებურად ცარიელი აღარ არის. ტურისტების პირველი ჯგუფიც გამოჩნდა.
სასტუმროდან სვეტიცხოვლისკენ ფეხით მივდივართ. ფესტივალის ორგანიზატორი ორ უცხოელ მხატვართან ერთად მიმიძღვის წინ. ჩვენი თანამგზავრები ამერიკელი და რუმინელი არტისტები არიან, რომლებიც საქართველოში პირველად იმყოფებიან. საკუთარ ნახატზე მუშაობა ორივეს დაწყებული აქვს და ფიქრობენ, რომ გამოფენისთვის მის დასრულებას მოასწრებენ. დამპირდნენ, სახელოსნოში ესკიზებს გაჩვენებთო.
აი ისიც, წელში გამართული სვეტიცხოველი და მასთან მდებარე მცირე სამხატვრო სახელოსნო. გიორგიმ სახელოსნოს კარს აღებს და შესვლის ნებას გვრთავს. აქ სხვადასხვა მხატვრის დაწყებული ნამუშევრების ესკიზებია შენახული და თითოეული მათგანი საკუთარ პატრონს ელის. პირველები სწორედ ჩვენ მივედით.
ამბავი მხატვრებზე
საქართველოსა და კალიფორნიის მზე
ამერიკელი მხატვარი, ჯენა შარლი წარმოშობით ლოს-ანჯელესიდანაა. საქართველოში პირველად იმყოფება და ამბობს, რომ ქვეყანამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მისი აზრით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა. ჯენა მეორე დღეა, რაც მცხეთაში ცხოვრობს. ის ამერიკიდან ფესტივალ ხატე საქართველოსთვის ფარგლებში ჩამოვიდა და როგორც ამბობს, ბედნიერია ამ გადაწყვეტილებით.
სახელოსნოში როგორც კი შევედით, ჯენამ თავისი ნახატი მაჩვენა. უამრავ ფერში გადაწყვეტილი მინიმალისტური ნახატის პირველი ესკიზი, რომელიც ამერიკელმა მხატვარმა ფესტივალის პირველივე დღეს შექმნა. ჯენას ვთხოვ, ამიხსნას რისი თქმა სურს თავისი ნამუშევრით.
"მე კალიფორნიიდან ვარ, სადაც უმეტესად ყოველთვის მზიანი ამინდია. ძალიან მიყვარს მზის ჩასვლის ყურება. აქ რომ ჩამოვედი, დავფიქრდი, რომ როდესაც ამერიკაში ვარ, მზის ჩასვლისას საქართველოში თენდება და მზის ამოსვლა იწყება. როდესაც საქართველოში ვარ, პირიქით, დაღამებისას ამერიკაში თენდება. ჩემი ნახატით სწორედ ამის თქმა მსურს. მინდა გადმოვცე ორი რეალობა, რომელიც ერთდროულად ხდება. ჩემი ნახატი კალიფორნიის და ამავდროულად, საქართველოს მზეა", მეუბნება ჯენა.
მას ჯერ მხოლოდ ესკიზი აქვს მომზადებული. ნახატის დასრულების შემდეგ, ის ქარგვით სამუშაოსაც შეასრულებს, რათა ნამუშევარს სრულყოფილი სახე მისცეს.
ემოციები თბილისური ეზოდან
ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარი რუსი ელენა ვიგოცკაიაა. ენერგიული, მხიარული და კომუნიკაბელური ელენა თბილისში მოგზაურობისას განცდილ ემოციებს ხატავს. როგორც თვითონ ამბობს, თბილისის ქუჩებში ხეტიალის დროს მან ერთი თბილისური ეზო აღმოაჩინა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალს და ამ პატარა ეზოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა.
ელენა ძალიან ემოციურად იხსენებს იმ წუთებს და სურს, რომ თავისი სათქმელი კარგად გადაიტანოს ტილოზე, რომელსაც ის ქმნის. მისი ნახატი ჯერ მხოლოდ საწყის პროცესშია, თუმცა გამოფენისთვის ყველაფერს მოასწრებს.
ქართულ ფოლკლორზე შეყვარებული კანადელი სტუმარი
კანადელი მხატვარი კირილ ფესენკო ქართული ფოლკლორზეა შეყვარებული. მიყვება, რომ საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივი სწორედ ქართული ფოლკლორული ინსტრუმენტები იყო. მისი ოცნებაა, შეისწავლოს მუსიკა, რომელიც, მისი აზრით, გენეტიკურია და მისი სწავლა ინტერნეტით ან მსგავსი საშუალებებით შეუძლებელია. მისი ნახატი ნამდვილ ისტორიას გვიყვება, რომელიც თავად გადახდა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მან მოძებნა ადამიანი, რომელიც აკორდეონზე დაკვრას ასწავლიდა. კირილი მას დიდი ხნის განმავლობაში უღებდა ვიდეოს - დანგრეულ, გაჩანაგებული სარეპეტიციო ოთახში. მისი აზრით, საოცარია, რომ ადამიანები მუსიკის სიყვარულს ასეთ პირობებშიც ინარჩუნებენ. სწორედ ამას გადმოსცემს ის თავის ნახატში.
თვითნასწავლი ქართველი მხატვარი
ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული მონაწილე ქართველი მზია სვიანაძეა. ის სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ ხატვა არასდროს უსწავლია - არც უნივერსიტეტში, არც აკადემიაში და არც მასწავლებელთან. თვითნასწავლი მხატვარი მცხეთაში ცხოვრობს. მსგავსი ტიპის ფესტივალში მონაწილეობას პირველად იღებს და იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
მზია დიდი მონდომებით მუშაობს საკუთარ ნახატზე, რომელზეც ერთი ქალის გულის მოსაგებად ორი მამაკაცის პაექრობაა გამოსახული.
სვეტიცხოვლის წინ სხვა მრავალი საინტერესო მხატვარია შეკრებილი, რომლებიც მთელი ემოციით არიან ჩართულნი ხატვის პროცესში.
დღის მთავარი ვარსკვლავი - იაპონელი ედგარ ლიზარაზუ
მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოველთან ფესტივალის ფარგლებში უამრავი ნიჭიერი ხელოვანია შეკრებილი, ერთი ადამიანი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ეხვევა. ეს იაპონელი ედგარ ლიზარაზუა.
მისი, როგორც მხატვრის, უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ედგარი სახატავად საღებავების ან ზეთის ნაცვლად, უბრალო წითელ ღვინოს იყენებს. უკვე წლებია, იაპონელი არტისტი ყველა ნახატს ღვინით ქმნის. მისი შემხედვარე, ღვინო ჩვეულებრივი საღებავი გეგონებათ, მაგრამ თუ თვითონაც ცდით, კოვზი ნაცარში ჩაგივარდებათ.
სწორედ ამ ნიშნით, მცხეთაში სვეტიცხოველზე მეტ ყურადღებას ტურისტების მხრიდან ედგარ ლიზარაზუ იპყრობს. მრავალი საათის განმავლობაში, არ ჩაუვლია არც ერთ ადამიანს, ვინც ედგართან არ მივიდა, მის ნამუშევარს და ავტორს ფოტო არ გადაუღო.
როგორც ჩანს, თავად ედგარიც ძალიან აღფრთოვანებულია საქართველოთი. ის ამბობს, რომ მსოფლიოს გარშემო ბევრს მოგზაურობს, მაგრამ საქართველო თავისი უნიკალურობით ყველასგან გამორჩეულია. ჩვენთან საუბარში, გულახდილად აღნიშნა, რომ აქ სიამოვნებით გადმოცხოვრდებოდა.
ედგარის დამოკიდებულება ღვინის მიმართ განსაკუთრებულია.
"ღვინო ჩვენი არსებობის მთავარი მოვლენაა. მას მრავალი განზომილება აქვს. ის გვეხმარება ადამიანებს ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოებაში. ქართული ღვინო კი განსაკუთრებულია. როგორი გემრიელი დასალევიცაა, ისეთივე კარგია ხატვისთვის", მეუბნება ედგარი.
იაპონელ მხატვარს მოსვნება არც საღამოს ჰქონია. მასთან განუწყვეტლივ მიდიოდნენ ბავშვები და ფოტოების გადაღებას სთხოვდნენ. ედგარმა მათ სამახსოვროდ პატარა ფურცლებზე თავიანთი სახელები ღვინით დაუწერა და თავისი ავტოგრაფებიც უხვად გასცა.
ბავშვებმა სთხოვეს მათთვის ღვინით ხატვაც ესწავლებინა. ედგარმა ბავშვებს გული არ დასწყვიტა, ფურცლები მისცა და მათთვის უცხო ენაზე გულმოდგინედ უხსნიდა ხატვის ტექნიკას.
ედგარმა On.ge-საც გაუკეთა პატარა საჩუქარი და საფერავის დახმარებით ჩვენი საიტის სახელი ლამაზად მოხატა.
დილის მცხეთა ნამდვილად საოცარი სანახავია, მაგრამ მხიარული, ნიჭიერი და ფერადი მხატვრების ფონზე, ეს უძველესი ქალაქი უფრო გენიალურად გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ დასრულებული ნამუშევრების ნახვა 26 მაისს მცხეთაში, ხოლო 27 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იქნება შესაძლებელი. არტ-ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი ბანკი და ქალაქ მცხეთის მერია.
კომენტარები