სიმბოლოები, რომლებსაც ზელენსკი გულით ატარებს
ომის დაწყების შემდეგ ზელენსკი ყოველ საღამოს წერს ვიდეოს და მიმართავს ხალხს, ერთვება საერთაშორისო მაღალი დონის შეხვედრებზე, სიტყვით გამოდის კონგრესსა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში. ვირტუალურად ესწრება არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ კულტურულ ღონისძიებებს. გადის კიევიდან და მიდის ფრონტის ხაზთან იმაზე უფრო ახლოს, ვიდრე ვინმე ივარაუდებდა. ამ დროს არ აცვია ოფიციალურად. სამოსი უბრალო, თუმცა თვალშისაცემია.
ხაკისფერი ან შავი მაისურით, წარწერებით და სხვა დეტალებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველას ახსენებს, რა ხდება უკრაინაში.
ჯერ კიდევ 21 მარტს NY Times წერდა, რომ პრეზიდენტის ჩაცმულობა უკრაინელი ხალხის სიმტკიცისა და პატრიოტიზმის სიმბოლო გახდა.
მაისური ზელენსკის, როგორც ჩვეულებრივი ბიჭის წარმოშობის შეხსენებაა. კავშირი მასსა და ქუჩაში მებრძოლ მოქალაქე-ჯარისკაცებს შორის. ნიშანი იმისა, რომ იზიარებს მათ გაჭირვებას
ერთობის დემონსტრირებად აფასებს პრეზიდენტის ჩაცმულობას უკრაინული მედიაც და ხაზს უსვამს, რომ მის გარდერობში ყველა ნივთი იაფი, მაგრამ სიმბოლურია. ზელენსკის გულზე ან მხარზე ხშირად ნახავთ ქვეყნის დროშას, გერბს, შეიარაღებული ძალების ან სხვადასხვა დანაყოფის სიმბოლოს.
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ამავდროულად, ის არ ატარებს სამხედროების ფორმას. ექსპერტის შეფასებით, ამით მოქალაქეებს უგზავნის სიგნალს, რომ არ ითვისებს სამხედროების დიდებას. უბრალოებას ხაზს უსვამს ისიც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც ხშირად იმავე სამოსს ატარებენ, რასაც თავად ზელენსკი.
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
Le Monde წერს: "ზელენსკის სტილი იმის ნიშანია, რომ მისი საბრძოლო აღჭურვილობა იქცა პოლიტიკურ განაცხადად".
მართლაც ასეა, პრეზიდენტი ხშირად იყენებს სამოსს სხვადასხვა გზავნილის გასაკეთებლად. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში მას უკრაინის დასახმარებლად შექმნილი ფონდის U24-ის სიმბოლოიანი მაისური ეცვა წარწერით: "თავისუფლების ძალა".
ყველაზე ხშირად ზელენსკის მაისურზე გვხვდება ლურჯ-ყვითელი დეტალები — პრეზიდენტი დიდ დატვირთვას ანიჭებს უკრაინის დროშას.
უკრაინის ეროვნული დროშა — ორი ფერის კომბინაცია, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, გვიყვარს და არასდროს შევცვლით მას. არასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯი და ყვითელი დროშა.
ხშირად ნახავთ მაისურში, რომელზეც გამოსახულია ჯვარი. ეს სიმბოლო რამდენჯერმე ზელენსკის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს და ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს პრეზიდენტი ნაცისტურ ჯვარს ატარებს, თუმცა სინამდვილეში ის შეიარაღებული ძალების ემბლემაა, რომლის ცენტრში უკრაინის გერბია გამოსახული. გერბი — ესაა ოქროს სამპაკი ცისფერ ფარზე, ისიც ჭარბობს ზელენსკის სამოსზე.
უკრაინული მედიები აღნიშნავენ, რომ მას აცვია 5.11, Hallyard, Combat-ისა და M-Tac-ის ბრენდის მაისურები. მათზე გაკეთებულ პრინტს კი ყოველთვის აქვს გარკვეული დატვირთვა.
მაგალითად, 4 მაისს, როდესაც მსოფლიო ვარსკვლავური ომების დღეს აღნიშნავს, ზელენსკიმ ჩაიცვა მაისური ფილმის სიმბოლოთი — საბრძოლო თვითმფრინავი, რომლითაც სიკვდილის ვარსკლავი გაანადგურეს. ის მოქცეული იყო უკრაინის გერბის სილუეტში.
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
Unian აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით პოპულარულია შავი ან მწვანე მაისური უკრაინის ოქროს გერბის პრინტით კისერთან ახლოს. როგორც გამოცემა წერს, მას უკრაინელი დიზაინერები ქმნიან ლუცკიდან — კატერინა კოვალჩუკის გუნდი. დიზაინერმა მაისური პრეზიდენტისთვის თავად გაგგზავნა, თუმცა არ ელოდა, რომ ჩაიცვამდა.
"მან ის მეასე დღეს ჩაიცვა. შემდეგ ჩემს მაისურში სხვა პოლიტიკოსიც გამოჩნდა. მაშინ უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ვტიროდი. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ჩემი ტანსაცმელი ზელენსკის ტანზე გამოჩნდა ამ ომის და დიდი დანაკარგის ფასად", — ამბობს კოვალჩუკი.
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კიდევ ერთი წარწერა UA30, რომელიც მაისურზე გვხვდება — ესაა კიბერცენტრი, რომელიც უკრაინაში 2021 წელს შეიქმნა. როგორ პრეზიდენტმა მაშინ თქვა, ის დაიცავს უკრაინას კიბერ საფრთხეებისგან.
"UA30 კიბერ ცენტრი არის მაგალითი იმისა, რომ უკრაინა იცვლება არა მხოლოდ სიტყვებით. ეს არის პირველი ასეთი ცენტრი უკრაინაში და ეს შესანიშნავი დასაწყისია. ჩვენ გავაგრძელებთ", — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
წარწერები მაისურებზე არამხოლოდ სიმბოლურია, არამედ უკრაინის სიმამაცის, მიზნების და სიმართლისთვის ბრძოლის ხაზგასმაა. მაგალითად:
ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას
დამზადებულია თავისუფლების დედაქალაქში
"უკრაინა ან სიკვდილი" — მხარზე ამ წარწერით ჩავიდა ზელენსკი გათავისუფლებულ იზიუმში, ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს. იზიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც კონტრშეტევის შედეგად ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ზელენსკი იქ დროშის აღმართვის ცერემონიას დაესწრო, მოსახლეობას შეხვდა, მსოფლიოს კი კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დანებებას არ აპირებს.
სიმბოლურია ქვეყნის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას სამოსიც. ომის დაწყების შემდეგ, პირველი საჯარო გამოჩენისას მას თეთრი ბოტასები ეცვა. თუმცა მაშინვე მიიქცია ყურადღება, რადგან ფეხსაცმელის უკანა მხარეს ერთი ყვითელი, მეორე კი ლურჯი იყო. გარდა ამისა, ხშირად ატარებს აქსესუარებს ეროვნული დროშის ფერებში.
განსაკუთრებულ დატვირთვას კი, როგორც პირველი ლედი და პრეზიდენტი, ასევე, მთელი ქვეყანა ეროვნულ სამოსს, ვიშივანკას ანიჭებს. ომის დროს ზელენსკიმ და ოლენამ ვიშივანკა მოირგეს, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით საერთო ფოტოს გადაღება ვერ შეძლეს.
"ვიღაც იღებს ვიშივანკას, სასწაულებრივად გადარჩენილი დანგრეული სახლის კარადიდან, ვიღაცამ სახლთან ერთად დაკარგა. ვიღაც ეძებს სხვა ქვეყანაში, სადაც ის ომმა მიიყვანა. ვიღაც ატარებს მას მშობლიურ ქალაქში, სადაც ძლივს ბომბები აღარ ცვივა. ვიღაც კი იცვამს ოკუპაციაში და რისკავს საკუთარ სიცოცხლეს. ვიღაც პირველად ჩაიცვამს, რადგან ახლა იგრძნო ამის საჭიროება.
უკრაინელები ამ დღეს მრავალი წელია აღნიშნავენ, მაგრამ ომმა მას ახალი მტკივნეული მნიშვნელობა შესძინა. ალბათ, პირველად ვგრძნობთ ასე მძაფრად ცნობილი გამონათქვამის მნიშვნელობას — "ერის კოდში ნაქარგი". პირველად გახდა ასეთი პირადი და მტკივნეული", — ასე ახსნა ვიშივანკას მნიშვნელობა და მიულოცა ეროვნული დღესასწაული ქვეყანას პირველმა ლედიმ.
ფოტო: ოლენა ზელენსკა / Twitter
ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Twitter
კომენტარები