ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვის დახურვაზე შუამდგომლობას სასამართლო ღია სხდომაზე განიხილავს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო. ამის შესახებ On.ge-ს ჟურნალისტი სასამართლო სხდომიდან იუწყება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდების შუამდგომლობის განხილვა იქნება ღია რადგან დაცვის მხარე ღიაობის მომხრე იყო. მოსამართლემ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბრალდების მოთხოვნა. პროკურატურას არ სურდა შუამდგომლობის შინაარსის გასაჯაროება.

წინასასამართლო სხდომის მსგავსად, პროკურატურა საქმის არსებითი განხილვის დახურვასაც ითხოვს. მოსამართლემ ბრალდების მხარეს საქმეში ნახსენები პირების არდასახელება შესთავაზა, თუმცა, პროკურატურის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შეუძლებელი იქნება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 27 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება დაასრულა.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, პროკურატურა კი საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გაავრცელეს ფარული ვიდეოჩანაწერები, რაც, საგამოძიებო უწყების ცნობით, მამალაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.