კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანია მთავარის, ფორმულას და TV პირველის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი წერდნენ, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული კომისიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 3 კრიტიკულ ტელევიზიას მმართველი პარტია #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში გამართული, 24 ივნისის აქციის კლიპის გამო უჩივის.

  • ქართული ოცნება ამ მედიებს ხშირად ესხმის თავს — არაერთი სარჩელი და სასამართლო საქმე კრიტიკული მედიების წინააღმდეგ ტოვებს აღქმას, რომ ხელისუფლება ყველა ფორმით ცდილობს მათ შეზღუდვას და მუშაობაში ხელის შეშლას.
  • ტელევიზიები კომუნიკაციების კომისიის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებას ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად აფასებენ.

კომუნიკაციების კომისია ტელევიზიებს კანონის გამიზნულად დარღვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ამას იმისთვის აკეთებენ, რათა შემდეგ კომისია რეაგირებაზე მედიის შეზღუდვაში დაადანაშაულონ.

  • კომისია მედიების კრიტიკას დაუსაბუთებელს და არგუმენტს მოკლებულს უწოდებს.
  • კომუნიკაციების კომისია ამტკიცებს, რომ მათი ყველა გადაწყვეტილება "კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია", ამიტომ, მათივე შეფასებით, "არგუმენტს მოკლებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას".
  • განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ განცხადებაში "რეკლამის კანონიერების საკითხს გამოხატვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს".

არქივიდან: ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და ის არასაარჩევნო პერიოდში იყო გაშვებული.

  • ტელევიზიების თქმით, რეკლამის მიზანი საზოგადოებისთვის 24 ივნისის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე გამოსვლისკენ მოწოდება იყო და არა რომელიმე პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირება.
  • ისინი აცხადებენ, რომ კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
  • კომუნიკაციების კომისიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ პირველი სხდომა უკვე გაიმართა, ხოლო მომდევნო 23 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.