ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები გააკრიტიკა
4 აგვისტოს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისია გააკრიტიკა — ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წინა დღით მთიან ყარაბაღში შეტაკებებს ორი სამხედრო ემხვერპლა.
მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ "ძალიან საჭიროა სამშვიდობო მისიის დეტალების კორექტირება".
"ეს თავიდანვე საჭირო იყო", — თქვა მან და 2020 წლის ნოემბერში მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისა და სამშვიდობოების განლაგების შემდეგ მომხდარი არაერთი აფეთქების შემთხვევა გაიხსენა.
"2020 წლის 11 დეკემბერს აზერბაიჯანის მიერ სოფლების, ხცაბერდისა და ჰინ თაღერის აღება, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოების თანდასწრებითა და თანხმობით სომეხი სამხედროების დატყვევება, 2022 წლის 24 მარტს სოფელ ფარუხის აღება [...] კონტაქტის ხაზთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უწყვეტი დარღვევა, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინების შემთხვევები [...] ეს ყველაფერი მიუღებელია", — თქვა მან.
მისი თქმით, მისიას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ აზერბაიჯანს მათი მანდატი ოფიციალურად არ დაუმტკიცებია, რაც მას არსებითად რუსეთისა და სომხეთის მიერ ხელმოწერილ ორმხრივ მანდატად აქცევს.
ფაშინიანის შეთავაზებაა, რომ სამშვიდობოებს საერთაშორისო აღიარება მიენიჭოთ, რათა "ისინი უფრო ფართო საერთაშორისო მანდატით აღიჭურვონ".
ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა მთიან ყარაბაღში მომხდარი შეტაკებების შემდეგ, რა დროსაც სომხურმა მხარემ 2 ადამიანი დაკარგა, დაიჭრა — 19, ამასთან, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სომხეთის პოზიციებზე იერიშისთვის აზერბაიჯანმა შეიარაღებული დრონები გამოიყენა.
აზერბაიჯანმა თქვა, რომ მას შემდეგ რაც არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა მათი ჯარისკაცი მოკლეს, "შურისძიების" ოპერაციას ატარებდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა.
რუსული სახელმწიფო მედიის, Sputnik Armenia-ს ცნობით, შეტაკებების შემდეგ კონტაქტის ხაზთან ეთნიკურად სომეხ სამხედროებთან ერთად რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სიტუაციით "შეშფოთებულია" და ორივე მხარეს "თავშეკავების შენარჩუნებისკენ" მოუწოდებს. მსგავსი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა და ეუთოს პოლონეთის თავმჯდომარეობამ.
სომეხი სამხედროები და ლაჩინის დერეფანი
ფაშინინმა, ასევე, უარყო, რომ მთიან ყარაბაღი სომხეთის რესპუბლიკის ჯარები იმყოფებოდნენ. სომხეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, არმენ გრიგორიანმა მანამდე განაცხადა, რომ წვევამდელები სომხეთიდან, რომლებიც კვლავ მთიან ყარაბაღში არიან, მხოლოდ სექტემბერში დაბრუნდებოდნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რეგიონში სამხედროების შენარჩუნებით არღვევს.
ფაშინიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია საჭირო არ იქნება "თუ რუსი სამშვიდობოები და აზერბაიჯანი კონტაქტის ხაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ".
შეტაკებების შემდეგ, ყურადღება ლაჩინის დერეფნის ალტერნატიულ დერეფანზე გამახვილდა, რომელიც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს ერთმანეთთან აკავშირებს. 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ახალ მარშრუტს, რომელიც ლაჩინს გვერდს აუვლის, 3 წლის განმავლობაში უნდა დაეწყო ფუნქციონირება.
სომხურ და აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს ლაჩინზე კონტროლის გადაცემის გარდაუვალი ვადა მისცა, ერევანი აცხადებს, რომ ახალი გზა 2023 წლის გაზაფხულამდე არ დასრულდება.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ გზა ვერ გაიხსნება მანამ, სანამ მარშრუტზე არ შეთანხმდებიან სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.
"ამ დროისთვის, სამმხრივ ფორმატში დამტკიცებული გეგმა არ არსებობს, ჩვენ უკვე შევთავაზეთ და კვლავ ვთავაზობთ ამის გაკეთებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ახალი გზის მშენებლობას, არამედ მშენებლობის გეგმას და სამშვიდობოების გადაჯგუფებას, რაც ძალიან რთული პროცესია".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები