ოპოზიციონერი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც დეპოლარიზაციისა, დეოლიგარქიზაციის პრობლემის მოგვარებისა და ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების გზებზე საუბრობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციასაც მოიცავს.

  • რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლებას 6-თვიანი ვადა აქვს.

დეტალები: როგორც ისინი აცხადებენ, პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად ძალისხმევა არცერთმა პარტიამ არ უნდა დაიშუროს და ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა იყოს გაჯერებული.

  • ამბობენ, რომ დროა, ქართულ პოლიტიკაში უმიზნო დაპირისპირებისა და ოპონენტებისგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა დასრულდეს.

გარდა ამისა, დეპუტატები წერენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულებისთვის ქვეყანაში პლურალისტური პოლიტიკური გარემო უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც გადაწყვეტილებები არა ერთპიროვნულად, არამედ დისკუსიის საფუძველზე იქნება მიღებული.

  • "მსგავსი პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ევროკავშირისკენ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას".

რა მიაჩნიათ გამოსავლად: ამ მიზნის მისაღწევად დეპუტატები სამ ნაბიჯს ასახელებენ. პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასა და საარჩევნო ბარიერის დაწევას საუბრობენ.

  • წერენ, რომ ეს პირდაპირ ეხმიანება დეპოლარიზაციისკენ ევროკავშირის მოწოდებას.

სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა: ესაა შემდეგი ნაბიჯი, რასაც დეპუტატები უსვამენ ხაზს. ამბობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლარიზაციას შეამცირებს და ქართულ პოლიტიკურ ველს გააჯანსაღებს.

  • "მმართველ პოლიტიკურ ძალას კი გამოაცლის მტრის ხატს რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული".
  • თუმცა, აქვე დასძენენ, რომ მნიშვნელოვანია "მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები ქვეყნისთვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა არ გახდეს".

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება: ეს არის მესამე ნაბიჯი, რომელიც დეპუტატებს პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისა და პოლარიზაციის შემცირების გზად ესახებათ.

  • "ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის".
  • მათი განცხადებით, ივანიშვილის დაბრუნება აუცილებელია, რადგან ქვეყანა "სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს" დაუბრუნდეს.
  • "პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია".