სასამართლოს პრობლემა, კორუფცია, უთანასწორობა — რა წერია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშში საქართველოზე
ეს საქართველოზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რიგით მეხუთე პერიოდული ანგარიშია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანგარიში კრიტიკულია და სხვადასხვა სფეროს მოიცავს.
- საუბარი საქართველოში კორუფციის მაღალ მაჩვენებელზე, საზოგადოების მიმართ უთანასწორობასა და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემის არარსებობაზე.
სახალხო დამცველი: კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს საჯარო და კერძო აქტორების მიერ ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების დაბალი მაჩვენებლის გამო.
- ის მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულება როგორც საჯარო, ისე კერძო აქტორების მიერ.
- ასევე, განაგრძოს აპარატის უზრუნველყოფა საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსებით მისი მანდატის ეფექტურად და დამოუკიდებლად განსახორციელებლად.
კორუფცია: კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს, 2015 წელს ანტიკორუფციის საბჭოს შექმნის მიუხედავად, კორუფციისა და მოსყიდვის შემთხვევების გამო.
- ანგარიშში ნათქვამია, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული საქმეების ეფექტიანი გამოძიება.
- ამის მიზეზად სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობაა დასახელებული.
გენდერული თანასწორობა: კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ როლზე ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობაა.
- ის მოუწოდებს სახელმწიფოს, გააძლიეროს ძალისხმევა ქალთა სრული და თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ცხოვრება, მათ შორის აღმასრულებელ, სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოებში.
დისკრიმინაცია და ძალადობა ლგბტ თემის მიმართ: კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის, შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების გამო.
- განსაკუთრებით ხაზგასმულია შეშფოთება ძალადობრივი თავდასხმების გამო ლგბტ პირების მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ და მოყვანილია 5 ივლისის მაგალითი.
- კომიტეტი შეშფოთებულია პოლიტიკოსების, სხვა საჯარო ოფიციალური პირებისა და რელიგიური ფიგურების ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკის დაუსჯელობით.
- ის მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ლგბტ ადამიანების დაცვა დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და ძალადობისგან, ასევე, ასეთი დარღვევები ოპერატიულად და ეფექტურად გამოიძიოს.
ქალთა მიმართ ძალადობა: კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე, განსაკუთრებით სექსუალურ ძალადობებზე მსხვერპლის მხრიდან საჩივარზე თავის შეკავების გამო.
- ასევე, შეშფოთებულია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს თავშესაფრებში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ მსხვერპლის სტატუსს.
- კომიტეტი ამ შემთხვევაშიც მოუწოდებს სახელმწიფოს, დანაშაულების დაუყონებლივ გამოძიებისკენ და საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისკენ.
სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები: კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს, სექსუალური საკითხების ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის დაბალი დონის გამო.
- ის, ასევე, შეშფოთებით აღნიშნავს სქესის შერჩევითი აბორტის გაგრძელების პრაქტიკას.
- მოუწოდებს სახელმწიფოს, გააძლიეროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდება, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები, სიღარიბეში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის.
წამების, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა: კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს სიცოცხლის უფლების, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვის დარღვევებზე.
- ხაზგასმულია სამართალდამცველთა და მთავრობის მიერ გამოძიების პროცესის არაეფექტიანი წარმოება იმ ოპერაციის დროს, როდესაც სამართალდამცველებმა თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
დევნილები: კომიტეტი შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების დაახლოებით 52% ელოდება განსახლებას, ხოლო ბევრი ცხოვრობს მუნიციპალურ შენობებში, სკოლებსა და ბანაკებში, რომლებიც არ არის შესაფერისი გრძელვადიანი ცხოვრებისთის.
- ის მწუხარებას გამოთქვამს ამ პირებს შორის სიღარიბის მაღალი დონის, ყოველთვიური შემწეობის არასაკმარისი ოდენობისა და სოციალური სერვისების არაადეკვატური წვდომის გამო.
დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო: კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის გაუმჭვირვალობის, უმაღლეს სასამართლოში უფლებამოსილების კონცენტრაციის, მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის უფლებამოსილების გამო.
- ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმაღლესი სასამართლო არის ორგანო, რომელიც ნიშნავს და ათავისუფლებს დამოუკიდებელ ინსპექტორს, რამაც შეიძლება ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას ძირი გამოუთხაროს.
- აღნიშნულია პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და სასამართლო პროცესები, რაც კომიტეტისთვის ასევე შეშფოთების მიზეზი ხდება.
- მსგავს საქმეებს შორის ნახსენებია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას და დავითგარეჯის საქმეები, ასევე, მიხეილ სააკაშვილის დაკავება.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა: კომიტეტი შეშფოთებულია იმ ბრალდებებზე, რომ ოპერატიული ტექნიკური სააგენტო, რომელიც ელექტრონულ დაზვერვას აწარმოებს, არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებელი.
- გამოთქმულია შეშფოთება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებისა და ხანგრძლივობის გაფართოების შესაძლებლობაზე, რაც პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად მაინც არსებობს, რამაც შესაძლოა სერიოზულად დაარღვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
- კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს, სრულად გამოიძიოს ამ უფლების დარღვევის ისეთი შემთხვევები, როგორიცაა 2021 წლის სექტემბერში სასულიერო პირებზე, პოლიტიკოსებზე, უცხოელ დიპლომატებზე, ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე გავრცელებული ფაილები.
რელიგიური უმცირესობები: კომიტეტი შეშფოთებულია რელიგიური უმცირესობების მიმართ სტრუქტურული დისკრიმინაციის გამო.
- კომიტეტის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ რელიგიურ უმცირესობებს არაპროპორციულად მცირე დაფინანსება ეძლევა მათი სალოცავი ადგილების რეაბილიტაციისთვის.
გამოხატვის თავისუფლება: კომიტეტი შეშფოთებულია მედიის პოლარიზაციის, ჟურნალისტებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და მთავრობის კრიტიკოსებზე თავდასხმების, დაშინებების, მუქარებისა და შევიწროებების გამო.
- მოუწოდებს მთავრობას, 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის ეფექტიანი, დამოუკიდებელი და დაუყოვნებელი გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ.
მშვიდობიანი შეკრების უფლება: კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევებთან დაკავშირებით.
- ანგარიშში ხაზგასმულია 2019 წლის ივნისისა და ნოემბრის დარბევები, 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები.
- ნათქვამია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო 5-6 ივლისს უმცირესობების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების ადეკვატური დაცვით უზრუნველყოფა, მოძალადეთა, მათ შორის ორგანიზატორთა დროული დასჯა.
კომენტარები