ხიდაშელი და VTB ბანკი — რა გავიგეთ ბიზნესმენის გეგმებზე
დღეს, 25 ივლისს BMG-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი VTB ბანკ საქართველოს ყიდვას აპირებს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად On.ge ხიდაშელსა და ბანკს დაუკავშირდა. ვითიბის წარმომადგენელი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, ხოლო თავად ბიზნესმენი არც ადასტურებს და არც უარყოფს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ VTB, როგორც რუსული ბანკი სანქციების ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც, მისმა ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი აქტივები გაასხვისა. იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი ლიბერთიში, ხოლო ფიზიკური პირების პორტფელი ბაზისბანკში გადავიდა.
რას ამბობს ხიდაშელი
On.ge-სთან საუბარში ხიდაშელი ამბობს, რომ ვითიბის შეძენასთან დაკავშირებით "წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია". მისივე თქმით, საქართველოში დაგეგმილი აქვს 47 პროექტი, რომელთა ბოლომდე მიყვანასაც აპირებს.
"შეგატყობინებთ როგორც გავაკეთებ ან შევიძენ რამეს. საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი. რამდენი ტყუილიც არ უნდა წერონ ჩემზე, ვინც არ უნდა ეცადოს მოსახლეობის დეზინფორმირებას ან ჩემს შეჩერებას, მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს", — ამბობს ბიზნესმენი.
კარტოგრაფების საქმის მონაწილე ამტკიცებს, რომ ის არც ახლა და არც სამომავლოდ პოლიტიკაში რაიმე სახის მონაწილეობას არ აპირებს.
"მე პოლიტიკაში არ ვიღებდი, არ ვიღებ და არ ვაპირებ რაიმე სახით მივიღო მონაწილეობა. მე ვარ ქართველი და მხოლოდ ვცდილობ, რომ საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში დავეხმარო. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ. რაც შეეხება ჩემს მიმართ ტყუილებით და უსაფუძვლო დაბრალებებით ჩირქის მოცხების მცდელობებს, ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით მანდ, რომ ჩივილსაც აზრი არ აქვს. რასაც უნდა იძახიან და წერენ, ენას ძვალი არ აქვსო რომ იტყვიან.
ამ ჩემ მოწერილსაც დაამახინჯებენ, მიაბამენ რამეს და ისე გააშუქებენ, ეჭვი არ მეპარება", — ნათქვამია ხიდაშელის მიერ On.ge-თვის გამოგზავნილ წერილში.
რას ამბობენ ვითიბიში და ეროვნულ ბანკში
ვითიბის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი On.ge-სთან საუბარში ბანკის ხიდაშელისთვის მიყიდვაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ი წერს, რომ ოფიციალურად უწყებაში ყიდვის ნებართვაზე მოთხოვნა არ შესულა. ამასთან, ეროვნული ბანკის თქმით, ვითიბი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაშია, რის გამოც, "ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტთან".
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ვითიბი ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით", — ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ვინ არის დავით ხიდაშელი
დავით ხიდაშელი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია. ის ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმეა. სწორედ ხიდაშელმა ჩამოიტანა რუსეთიდან რუკები, რომელთა საფუძველზეც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა.
რუსთავი 2-სთვის 2020 წელს მიცემულ ინტერვიუში ხიდაშელი იხსენებს, თუ როგორ სთხოვა დახმარება ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა. ხიდაშელის თქმით, ის ბიზნესებს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს. ის ამბობს, რომ დაკავებულია სატელეკომუნიკაციო, მედიცინის, ბიოტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ტიპის ბიზნესებით. ხიდაშელი აღნიშნავს, რომ უკვე 25 წელია, რაც შვეიცარიაში, ჟენევაში ცხოვრობს.
"2017 წელს, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვთხოვე შეხვედრა ბიძინა ივანიშვილს — მაშინ გავიცანი ის. მოვუყევი რას ვაკეთებ, რას ვაკეთებდი საზღვარგარეთ და რა გეგმები მაქვს საქართველოში. ამის შემდეგ მასთან ხშირი შეხება არ მქონია.
2019 წლის სექტემბერში დამირეკა და ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავით-გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით. მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძია რაღაც რუკა", — ამბობს დავით ხიდაშელი.
ხიდაშელს 2014 წლამდე რუსულ კომპანია Sistema-ში მაღალი თანამდებობაც ეკავა და სამსახური მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ამ კომპანიას პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, Sistema-ს მფლობელი მისი "ამხანაგი" ვლადიმერ ევტუშენკოვია.
ევტუშენკოვი მილიარდერი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ, მას დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქციები დაუწესა. ეს რუსი ოლიგაქრი მიმდინარე წლის აპრილში გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებდა, რომელშიც საუბარი იყო ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ბიზნესმენები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობდნენ ჩანაწერში არაერთხელ იყო ნახსენები ვინმე დავიდი და ალი უზდენოვი, რომლებიც ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის შუამავლები უნდა ყოფილიყვნენ.
მოგვანებით დავით ხიდაშელმა დაადასტურა, რომ ევტუშენკოვის კომპანიის მმართველ პარტნიორს, ალი უზდენოვს ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა. სწორედ ამაზე იყო საუბარი ჩანაწერში.
მიმდინარე წელს ხიდაშელმა და მისმა ოჯახმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონებშიც მიიღეს მონაწილეობა: 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მას რაჭაში 104 712 ჰექტარი ტყე 49-წლიანი იჯარით მიიღო.გარდა ამისა, ხიდაშელის ოჯახმა თბილისის ცენტრში მდებარე რიყის დოქების შენობა 10 020 000 ლარად იყიდა.
კომენტარები