5 რამ, რაც დიმიტრი სამხარაძის შესახებ უნდა იცოდეთ
3 ივლისს საქართველოს პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა, დიმიტრი სამხარაძემ მმართველი პარტიის ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებს აგინა. ოფისს სპეცდანიშნულების რაზმები და ათეულობით პოლიციელი იცავდა, როდესაც სამხარაძე, რამდენიმე პირთან ერთად, აივნიდან გადმოდგა და უწყვეტი გინება დაიწყო, თან ეს გადაიღო და ფეისბუქზე ატვირთა.
დეპუტატი ამან არ დააკმაყოფილა — ეზოში გავიდა და პოლიციის კორდონს მიღმა მყოფმა მოქალაქეებს ისევ აგინა, თუმცა მანამდე გამოქვეყნებული ვიდეო წაშალა. ამის შემდეგ კი ბოდიშის მოხდის ნაცვლად, თქვა, რომ მისი გინების ადრესატს "მეტი ეკუთვნის".
ეს საქციელი მმართველ გუნდს არ დაუგმია. მეტიც, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ გამართლებაც სცადა და "ადამიანური სისუსტით" ახსნა. პარტიის თავმჯდომარემ კი, ტრადიციულად, სცადა ისრები სხვა მიმართულებით წაეღო და ოპოზიციის "უხამსობა" შეგვახსენა.
თანაგუნდელების მხარდაჭერით წახალისებულმა სამხარაძემ, მოგვიანებით რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, მათ შორის, მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის და ისე წარმოაჩინა, თითქოს ასეულობით მოქალაქე შეურაცხყოფას მათი განცხადებების გამო "იმსახურებდა".
ამდენი მოასწრო და ასე დაამახსოვრა სამხარაძემ მოქალაქეებს თავი სულ რამდენიმე საათში. როგორც წესი, ის პარლამენტში დუმს, თუმცა როდესაც საქმე ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას ეხება, ოპონენტების მიმართ ზიზღს და აგრესიას აქტიურად გამოხატავს.
დღეს მოკლედ გიამბობთ კიდევ რამდენიმე დეტალს, რაც მის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.
1. კიდევ რას პოსტავს ფეისბუქზე?
პირველი რასაც დიმიტრი სამხარაძის ფეისბუქგვერდზე შენიშნავთ პროფილზე პარტიის დამფუძნებლის ფოტოა. ბიძინა ივანიშვილის სხვა კადრებიც მრავლადაა, ისევე, როგორც დეპუტატის ფოტოები ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურით.
სამხარაძის ფეისბუქზე რამდენიმე პოსტისა და განცხადების ნახვაც საკმარისია, რომ დარწმუნდეთ — 3 ივლისს გამოვლენილი აგრესია სიახლე არ ყოფილა. მაგალითად, 2019 წლის დეკემბერში მან ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს აგინებდა.
"მიშა დედას მოგიტ**ავთ" — წერდა ის მუქარით. როცა ამ უცენზურო პოსტს გამოხმაურება მოყვა, მან კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საზოგადოებას "ემოციური ლექსიკის" გამო ბოდიშს უხდიდა, თუმცა იმავე პოსტში ისევ შეიგინა.
ამავე წელს მან მოქალაქეზე ძალადობრივი შინაარსის პოსტი დაწერა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მან ბიძინა და ბერა ივანიშვილების გაკრიტიკება გაბედა.
"ეს ბინძური მართლა ნაკერავზე უნდა გავხიო! ამის დედას უნდა შევ*ე" — წერდა დეპუტატი, თუმცა მოგვიანებით წაშალა.
არამხოლოდ თავად არის აგრესიული, არამედ ძალადობრივი რიტორიკის წახალისებას ცდილობს. მაგალითად, 2020 წლის მარტში ის ხალხს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გინებისკენ მოუწოდებდა და გოგი წულაიას და ნაციონალურ მოძრაობას დამამცირებელი ტერმინებით მოიხსენიებდა.
ქართული ოცნების დეპუტატი ხშირად ესხმის თავს სახალხო დამცველს და აქტივისტებსაც. 2021 წლის აპრილში ნიკა მელიას საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო ომბუდსმენი ქართული ოცნების კრიტიკის ობიექტი გახდა. მაშინ ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა. ამის გამო სამხარაძემ ლომჯარიას ენმ-ის "აღმასრულებელი მდივანი" უწოდა.
ის გამოესარჩლა ბერასაც მაშინ, როცა ფარული ჩანაწერები გავრცელდა და ივანიშვილმა ეთერში ჩანაწერების შინაარსი ნაწილობრივ დაადასტურა. დეპუტატმა დაწერა: "ნაცებო, როგორც 2012-ში, ისე დღესაც, ჩვენმა ძმამ დაგდოთ ბეჭებზე! გაგაპარტახათ და ფსკერზე ჩაგიყვანათ, ისე ღრმად, რომ ვერასდროს ამოხვიდეთ. ბერა, ნამდვილები ერთად ვართ".
ამავე წელს მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ჟურნალისტებისა და მედიამფლობელების არაერთი შეურაცხმყოფელი პოსტი წარწერებით: "ყ*ე", "გასიებული", "ტრაკაცუნა". გარდა ამისა, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ავრცელებდა დამამცირებელი შინაარსის მიმებსა და ფოტომანიპულაციებს, როგორსაც პროსახელისუფლებო ტროლგვერდები.
ამის ფონზე კი მის გვერდზე ხშირად ნახავთ თანაგუნდელების ფოტოებს წარწერებით: "41, 41, 41" და "#1 ჩემი პარტიის ლიდერი", "ჩვენ ვართ საქართველო 41".
2. რა ვიცით მის განათლებაზე?
დიმიტრი სამხარაძის ბიოგრაფიაში წერია, რომ დეპუტატმა 2014 წელს საზოგადოებრივი კოლეჯი ორიენტირი, ხოლო 2016 წელს რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი დაამთავრა. ის რუსეთში პერსონალის მართვის სპეციალობას დაეუფლა.
როგორც ჩანს, სამხარაძემ პირველი დიპლომი კოლეჯში 33 წლის ასაკში, 2014 წელს აიღო — ოფიციალური ბიოგრაფიით გამოდის, რომ მანამდე, 2012 წლიდან ის უდიპლომოდ მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.
TV პირველმა დეპუტატის განათლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლებელია სამხარაძის რუსული დიპლომი ყალბი იყოს. სიუჟეტში ჩანს, რომ სამხარაძეს მის განათლებასთან დაკავშირებული კითხვები აღიზიანებს და ჟურნალისტის შეურაცხყოფას ცდილობს. ის რეპორტიორს ნაც-ატივისტს უწოდებს და ეუბნება: "ფეხებზე მკიდიხარ".
3. რას ამბობს პარლამენტში?
არაფერს. ფეისბუქზე და აივნებზე ხმაურობს, მაგრამ პარლამენტში დუმს, ამიტომ ქართული ოცნების იმ დეპუტატებს შორის არის, რომლებსაც მარტივად ვერ დაიმახსოვრებ (სანამ არ გაგინებს).
On.ge მასსა და სხვა მდუმარე დეპუტატებზე 2019 წელს გიყვებოდათ. ჩვენი გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სამხარაძეს საკანონმდებლო ორგანოში 2016-2019 წლებში არცერთი განცხადება არ ჰქონდა გაკეთებული.
2019 წელს იმ დეპუტატების სიაშიც მოხვდა, რომლებიც პარლამენტში სხდომების არასაპატიო გაცდენების გამო დაჯარიმდნენ. ხუთ თვეში გაცდენებისთვის მას ჯამში 5 654 ლარის სანქცია დაედო.
TI-ის 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ნათქვამი იყო, რომ დიმიტრი სამხარაძემ და კიდევ 19-მა დეპუტატმა მე-9 მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლით საერთოდ არ ისარგებლეს.
4. რამეს აკეთებს საკანონმდებლო ორგანოში?
დიმიტრი სამხარაძე საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. სხვადასხვა დროს ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილეც იყო. ახლა კი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში "მუშაობს".
რადგან მდუმარეა და მის განცხადებებს ვერ გაგახსენებთ, განვიხილავთ რამდენიმე გახმაურებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო. მაგალითად, იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც 2019 წელს უზენაესის მოსამართლეთა არჩევის შესახებ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".
დიმიტრი სამხარაძემ 94 თანამოაზრესთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ასარჩევად ბონდო მძინარაშვილსაც დაუჭირა მხარი. მძინარაშვილი წლების განმავლობაში პრორუსულ არხს, ობიექტივს წარმოადგენდა.
დიმიტრი სამხარაძე პარტიის ლიდერებთან ერთად
ფოტო: დიმიტრი სამხარაძე / FB
5. რა ქონებას ფლობს?
2017 წლის სექტემბერში TI წერდა, რომ სამხარაძეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა და არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები ჰქონდა. კერძოდ, შპს ვატიკან ჯორჯიას დირექტორი და მეწილე იყო, რაც დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული. როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, სამხარაძემ ამავე თვეში რეესტრს მიმართა და დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
დეპუტატმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის დეკემბერში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, სამხარაძის ცოლი, დოდო მედვედსკაია ქალაქ თბილისში, ბაგებში 112 კვ.მ ბინასა და ორ ავტოფარეხს ფლობს. უძრავი ქონება 2017 წელს 72 000 დოლარად არის შეძენილი.
მედვედსკაიას სახელზეა გაფორმებული ორი ავტომობილიც: 2010 წელს 12 000 ლარად შეძენილი ML ჯიპი და 2020 წელს 15 000 ლარად ნაყიდი Fiat 500.
სამხარაძის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომ დეპუტატს ბანკში 75 000 დოლარის სესხი აქვს, რომლის მომსახურებისთვისაც 2020 წელს 8 244 დოლარი გადაიხადა.
დოკუმენტის მიხედვით, დიმიტრი სამხარაძემ 2020 წელს საქართველოს პარლამენტში მუშაობის სანაცვლოდ 51 043 ლარი მიიღო. შესაბამისად, 2020 წელს საკანონმდებლო ორგანოში მისი ოფიციალური ხელფასი 4 253 ლარი იყო.
ბონუსი: სამხარაძე ცნობილია იმითაც, რომ ქართული ოცნებაში ყოფნისას თანაგუნდელებს აქებს და ადიდებს, წასვლისას კი არ წყალობს.
- მაგალითად, დეპუტატმა რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს გაუმართლა გახარიასნაირ პრემიერში, ფერი მაშინვე იცვალა, როგორც კი გახარიამ პარტია დატოვა და მას ცრუპენტელა უწოდა.
კომენტარები