2015 წელს საქართველოს სამ უნივერსიტეტში — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული სასწავლებლის — სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალები გაიხსნა. ამან ქართველ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანაში მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საბუნებისმეტყველო-საინჟინრო მიმართულებით ესწავლათ.

საქართველოს ბანკმა კი სან დიეგოს უნივერსიტეტში 10 ნიჭიერ ახალგაზრდას სწავლა სრულად დაუფინანსა. სტუდენტები უნივერსიტეტში ისეთ მიმართულებებზე სწავლობდნენ, როგორებიცაა: კომპიუტერული ინჟინერია; ელექტრული ინჟინერია; სამოქალაქო ინჟინერია; სამშენებლო ინჟინერია; ქიმია; ბიოქიმია და კომპიუტერული მეცნიერებები.

სწავლა უკვე ათივე სტუდენტმა დაასრულა და საერთაშორისო აკრედიტაციის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. აღსანიშნავია, რომ წელს სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიდან 54%-მა სწავლა წარჩინებით დაასრულა.

ამ სტატიაში სან დიეგოს უნივერსიტეტის სამი სტუდენტის წარმატების ისტორიას გაგიზიარებთ, რომლებმაც სწორედ საქართველოს ბანკის დაფინანსებით შეძლეს მათთვის საინტერესო პროფესიების ამერიკულ უნივერსიტეტში შესწავლა.

თენგიზ აბრამიშვილი — ელექტრული ინჟინერი

ფოტო: სდსუ საქართველო

თენგიზ აბრამიშვილს ინჟინერიის სწავლა ფიზიკის სიყვარულმა გადააწყვეტინა. როგორც გვიამბობს, ინჟინრები ფიზიკის მაგიურ ძალებს რეალურ დანიშნულებას უძებნიან და ამის საშუალებით ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებენ. სან დიეგოს უნივერსიტეტს რაც შეეხება, აქ ჩაბარება მისთვის იყო შესაძლებლობა, ამერიკული განათლება მიეღო და სასურველი მიმართულება შეესწავლა.

მიუხედავად პანდემიისა და დისტანციური სწავლებისა, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს მაინც კარგად იხსენებს, რადგან აქ მისთვის საყვარელ სფეროში მაღალი ხარისხის განათლების მიღება შეძლო.

"ლექტორების ენთუზიაზმი საკუთარი საგნების მიმართ ყოველდღიურად მაძლევდა მოტივაციას, სწავლა გამეგრძელებინა იმის მიუხედავად, თუ რამდენად დიდ შრომას მოითხოვდა ეს.

თენგიზ აბრამიშვილი

"მიუხედავად ჩემი ამბიციისა, მესწავლა სან დიეგოს უნივერსიტეტში, ამას ფინანსური დახმარების გარეშე ვერ შევძლებდი. სწორედ დაფინანსების იმედით გადავწყვიტე აქ ჩაბარება. საბედნიეროდ, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით საქართველოს ბანკის სრული დაფინანსება მოვიპოვე", — გვიყვება თენგიზი.

თენგიზი ამჟამად საქართველოს რკინიგზაში შიდა მენეჯმენტის სისტემის დეველოპერია. გარდა ამისა, მაგისტრატურაზე აახენის უნივერსიტეტში ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას. ბოლოს კი, იმასაც აღნიშნავს, რომ მომავალში, დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, საქართველოში გეგმავს დაბრუნებას. "ჩემი მოტივაცია, სწავლის გარდა, ისიც იყო, რომ ჩემი ქვეყნის განვითარებაში შემეტანა წვლილი", — დასძენს იგი.

ამირან ჯანაშვილი — სამოქალაქო ინჟინერი

წელს სან დიეგოს უნივერსიტეტი ამირან ჯანაშვილმაც დაამთავრა, რომელიც სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების სტუდენტი იყო. თენგიზის მსგავსად, თავდაპირველად ისიც საქართველოში ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობამ მოხიბლა.

ეს ოთხი წელი ჩემთვის მრავალმხრივ საინტერესო და შედეგიანი იყო. ამ დროის განმავლობაში საგრძნობლად გამიფართოვდა თვალსაწიერი. ახლა უფრო ნათლად ვხედავ როგორც ჩემი განვითარების შესაძლებლობებს, ასევე ამ სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.

ამირან ჯანაშვილი

როგორც ამირანი გვიყვება, მისთვის, როგორც აბიტურიენტისთვის, გადაწყვეტილების მიღების საქმეში საქართველოს ბანკის დაფინანსებამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, რის გარეშეც სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლას ვერ შეძლებდა.

ამჟამად ამირანი სტრუქტურული ინჟინრის პროფესიით მუშაობს, მომავალში კი, სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ჯერ საზღვარგარეთ გეგმავს სწავლის გაგრძელებას, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნება და სამშენებლო სფეროში საკუთარი წვლილის შეტანა სურს.

ანა თორია — კომპიუტერული ინჟინერი

ფოტო: სდსუ საქართველო

საქართველოს ბანკმა სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლა ანა თორიასაც დაუფინანსა, რომელიც კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტი იყო. ანა პირველივე კურსის მეორე სემესტრში ფიზიკის შესავალი კურსის ასისტენტ სტუდენტი გახდა, რაც მისთვის როგორც დიდი პასუხისმგებლობა, ასევე პირველი აკადემიური სამუშაო გამოცდილება იყო.

"ამ გამოცდილებამ უნივერსიტეტში ჩემი შემდგომი საქმიანობა განაპირობა. 2019-2020 წლებში ვიცე დეკანმა მათემატიკის დამხმარე საათები ჩამაბარა და კიდევ ბევრი საპასუხისმგებლო საქმე დამემატა", — გვიყვება ანა.

2020-2021 წლებში აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სახის სტუდენტურ აქტივობაში. ამავე წელს ასოცირებული სტუდენტების საბჭოში თავისი მიმართულების წარმომადგენლად აირჩიეს, მიმდინარე სასწავლო წელს კი საბჭოს პრეზიდენტიც გახდა.

ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტური საბჭოს პირველი ქალი პრეზიდენტი ვარ. მაქვს პასუხისმგებლობა, გავამართლო თითოეული სტუდენტის ნდობა. მაკისრია ისეთი მოვალეობები, რომლებიც მოითხოვს როგორც ლიდერულ, ასევე მენეჯერულ უნარებს.

ანა თორია

აქტიური სტუდენტური ცხოვრების გარდა, ანა უნივერსიტეტის გარეთაც მუშაობდა. 2021 წელს ერთ-ერთ საგანმანათლებლო პლატფორმაზე ფრილანს მასწავლებელი იყო, სადაც მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტებს ფიზიკის, მათემატიკისა და ინჟინერიის მიმართულებით დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა.

თითქმის ნახევარი წელია, ანა საქართველოს ბანკში დამწყები პროგრამისტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობს. როგორც გვიამბობს, ბანკმა მისცა შესაძლებლობა, განვითარებულიყო როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად.


"მოხარული ვართ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებაში ჩვენც მიგვიძღვის მოკრძალებული წვლილი. დარწმუნებული ვართ, ისინი ამ ცოდნას საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებასა და ტექნოლოგიების განვითარებას მოახმარენ", —განაცხადეს საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში 160 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც მზად არიან, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში ინიცირებული პროექტების განხორციელებაში ჩაერთონ.

"კურსდამთავრებულები აღჭურვილნი არიან ყველა საჭირო უნარითა და ცოდნით, რაც მათ დაეხმარება, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გაუმკლავდნენ გლობალურ პრობლემებს", — განაცხადა ჰალილ გუვენიმ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დეკანმა.


საქართველოს ბანკი წლებია, ახალგაზრდების ხარისხიანი სწავლისა და მათი მომავლისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. სწორედ ამ მიზნით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტების დაფინანსების პარალელურად, ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორიცაა: ფულბრაიტის, ჩივნინგის, Miami Ad School Europe-ის სასტიპენდიო პროგრამები.