ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს მოსალოდნელზე დიდი ზომის მიკრომეტეოროიდი შეეჯახა
NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს რამდენიმე მიკრომეტეოროიდი შეეჯახა, რომელთაგანაც ერთი მოსალოდნელზე დიდი ზომის იყო. სააგენტო აღნიშნავს, რომ მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ფუნქციონირებაზე ეს გავლენას არ იქონიებს.
ასევე, იხილეთ: "ვერაფერს ვიზამთ, სარკე გატყდება" — NASA-ს თქმით, ვების ტელესკოპი კოსმოსურ ნაგავს ოდესმე აუცილებლად შეეჯახება
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სამყაროს შესასწავლად 25 დეკემბერს გაუშვეს. მას შემდეგ ის საბოლოო ორბიტაზე განლაგდა, რომლის მახლობლადაც მცირე ზომის ნამტვრევები მრავლადაა. შესაბამისად, მსგავსი შემთხვევები თავიდანვე გათვალისწინებული იყო.
"ჯეიმს ვების სარკეები კოსმოსთან პირდაპირ შემხებლობაშია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მიკრომეტეოროიდებთან შეჯახებები ტელესკოპის მუშაობას ნელ-ნელა შეაფერხებს. გაშვებიდან დღემდე, 4 მცირემასშტაბიანი შეჯახება დაფიქსირდა, რომელიც ჩვენს პროგნოზებს შეესაბამებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი შედარებით დიდი იყო", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ყველაზე შესამჩნევი შეჯახებები 23-25 მაისს, 18-ნაწილიანი ექვსკუთხა სარკის C3 სეგმენტის მიმდებარედ დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ სარკის ნიმუშზე ამგვარი მოვლენების იმიტაცია დედამიწაზეც განხორციელდა, რათა მისი გამძლეობა გამოეცადათ.
ასევე, იხილეთ: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
მოგეხსენებათ, კოსმოსში მკაცრი პირობებია: ულტრაიისფერი გამოსხივება, მზისგან მომავალი დამუხტული ნაწილაკები და სხვა. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით იქმნება ასეთი ობსერვატორიები თუ ხომალდები. სპეციალისტები მიკრომეტეოროიდთა ნაკადთან მიახლოებასაც წინასწარ განსაზღვრავენ და სათანადოდ მანევრირებენ. ამის მიუხედავად, არსებობს თავიდან აუცილებელი შეჯახებებიც, რომლებიც ჯეიმს ვებმა საკუთარ თავზე უკვე გამოცადა.
ამ მოვლენათა შეფასება მეცნიერებს დაეხმარება, მისიის უსაფრთხოება და ტელესკოპის მაქსიმალური, შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ფუნქციონირება უზრუნველყონ.
კომენტარები