ჩინელმა მეცნიერებმა მთვარიდან ჩამოტანილ ნიმუშებში წყალს მიაგნეს
2020 წლის ნოემბერში ჩინეთმა მთვარეზე მისია Chang'e 5 გაუშვა, რომლის მიზანიც მის ზედაპირზე არსებული გრუნტის მოპოვება და დედამიწაზე ჩამოტანა იყო, უკანასკნელ 4 დეკადაში პირველად. ეს წარმატებით განხორციელდა, ხოლო ახლახან ცნობილი გახდა, რომ ამ გეოლოგიურ მასალაში მეცნიერებმა წყლის კვალს მიაგნეს.
ამის შესახებ ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდით, რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე წყალი იყო. ეს ნაერთი აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინფრაწითელმა დეტექტორმა სწორედ 2020 წელს დააფიქსირა, მანამდე კი ის 1960-იან და 1970-იან წლებში შეგროვებულ ნიმუშებშიც აღმოაჩინეს.
ამის მიუხედავად, ჩინელი სპეციალისტები ამბობენ, რომ მათ მიერ გამოკვლეული რეგოლიტი, ანუ მთვარის ზედაპირზე არსებული მტვერი და ქვები, უფრო მაღალ განედზეა მოპოვებული. მათი თქმით, შესაძლოა, ამან ჩვენი მეზობელი ციური სხეულის "წყლიანი" წარსულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.
მკვლევრები მათი მიერ შესწავლილი მასალის მახასიათებლების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მთვარის მზით განათებულ არეალებში წყლის მოლეკულებს არსებობა ჰიდრირებული მარილების სახით შეუძლია. ასეთი მინერალები შედგენილობით დედამიწაზე გავრცელებულ ევაპორიტულ მინერალ კარნალიტსა და ნოვოგრამბლენოვიტს ჰგავს, რომელიც ცხელი ბაზალტისა და წყლით მდიდარი ვულკანური აირის ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება.
აღსანიშნავია, რომ ამ მისიას წინ Chang'e-4 უძღოდა, რომლის ფარგლებშიც აპარატი მთვარის შორეულ მხარეს 2019 წელს გაგზავნეს. ისტორიული აღმოჩნდა Chang'e 6-იც, რომელმაც გასულ თვეში ნიმუშები დედამიწის თანამგზავრის სწორედ იმ ნახევარსფეროდან ჩამოიტანა, რომელსაც ვერ ვხედავთ. ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია.
პროგრამა Chang'e მთვარის ჩინური ღვთაების სახელს ატარებს. პირველი მისია ჯერ კიდევ 2007 წელს განხორციელდა, მომდევნო Chang'e 7 კი 2026 წლისთვისაა ჩანიშნული და ადგილობრივი რესურსების გამოკვლევას ისახავს მიზნად. 2028 წელს Chang'e 8 ამ მარაგების გამოყენების პოტენციალს შეისწავლის, 2030 წლისთვის კი ჩინეთს იქ უკვე ასტრონავტების გაგზავნა სურს. უნდა ითქვას, რომ NASA ამას უფრო ადრე, 2026 წელს, აპირებს.
კომენტარები