შესაძლოა, მერკურის ზედაპირის ქვეშ ალმასების 14-კილომეტრიანი შრე იმალებოდეს
ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, რომ მერკურის სიღრმეში ალმასებისგან შემდგარი სქელი შრე იყოს, რომელიც 14 კილომეტრზე მეტ მანძილზე ვრცელდება.
მერკური მზესთან ყველაზე ახლოსაა და მაგნიტური ველი გააჩნია, რომელიც დედამიწისაზე სუსტია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი პატარა და გეოლოგიურად პასიური ციური სხეულისთვის მსგავსი მახასიათებელი მოულოდნელია. ასევე, მის ზედაპირზე მუქი არეალებია, რომლებიც, NASA-ს მისია Messenger-ის მონაცემებით, გრაფიტს შეიცავს.
მეცნიერთა ყურადღება სწორედ ნახშირბადის ამ კრისტალური ფორმის სიუხვემ მიიპყრო, რადგან ის მიანიშნებს, რომ პლანეტის სიღრმეში რაღაც საინტერესო ხდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, მიიჩნევა, რომ ის სხვა მყარი ციური სხეულების მსგავსად ჩამოყალიბდა, კერძოდ ცხელი მაგმის ოკეანის გაგრილების შედეგად, რომელიც ნახშირბადითა და სილიკატით მდიდარი უნდა ყოფილიყო. იქ თავდაპირველად ლითონები გაერთიანდა და ცენტრალური ბირთვი წარმოქმნა, შემდეგ კრისტალიზებულმა მაგმამ შუა მანტიისა და გარე ქერქის ფორმირებას შეუწყო ხელი.
წლების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ გრაფიტის გაჩენა მანტიის მაღალ ტემპერატურასა და წნევას უკავშირდებოდა. ვინაიდან პირველი მეორეზე მსუბუქია, მას ზედაპირისკენ უნდა გადაენაცვლა, მაგრამ 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მერკურის მანტია შესაძლოა, 50 კილომეტრით უფრო ღრმა იყოს, ვიდრე გვეგონა.
ეს ბირთვისა და მანტიის მიჯნაზე უფრო მეტად გაზრდილ ტემპერატურასა და წნევას ნიშნავს, ასეთ პირობებში კი ნახშირბადის ალმასად გადაქცევაა მოსალოდნელი.
ამ საკითხის გამოსაკვლევად ბელგიელმა და ჩინელმა სპეციალისტებმა რკინა, ნახშირბადი, რკინის სულფიდი და სილიციუმის დიოქსიდი ერთმანეთს შეურიეს, რათა მერკურის ადრეული მაგმის ოკეანეში მიმდინარე ქიმიური პროცესები გაეანალიზებინათ. შემდეგ ის 7 გიგაპასკალი წნევისა და 1 970°C ტემპერატურის პირობებში მოათავსეს. ასევე, ზუსტი გამოთვლებისთვის გამოიყენეს კომპიუტერული მოდელებიც.
ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ამგვარ გარემოში ოლივინის მსგავსი მინერალები უნდა წარმოქმნილიყო, რაც წინა კვლევებსაც შეესაბამება. აღმოაჩინეს ისიც, რომ გოგირდის დამატებით ზემოხსენებული ნაზავი მხოლოდ ბევრად მაღალ ტემპერატურაზე გამაგრდა, ეს ელემენტი კი მერკურის სიღრმეში უნდა გვხვდებოდეს. სიმულაციების თანახმად, შესაძლოა, ასეთ პირობებში ალმასები მაშინ გაჩენილიყო, როცა შიდა ბირთვი გამყარდა, შემდეგ კი მანტიის მიჯნამდე ააღწია და საშუალოდ 15.5 კილომეტრი სისქის მქონე შრედ ჩამოყალიბდა. მისი სავარაუდო სიღრმე 485 კილომეტრია, ანუ ზედაპირიდან ძალიან ქვემოთაა.
შესაძლებელია, მერკურის მაგნიტურ ველზე სწორედ ალმასების ეს ფენა იყოს პასუხისმგებელი, რაც მათ მიერ ბირთვსა და მანტიას შორის სითბოს გადატანას უნდა უკავშირდებოდეს. ეს ტემპერატურულ ცვლილებას გამოიწვევდა და თხევად რკინას აამოქმედებდა, რაც მაგნიტური ველის ფორმირებისთვის ხელსაყრელია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები