IQ-ს ტიპის ტესტებში ხშირად უამრავი კითხვაა თავმოყრილი და ყველა მათგანზე პასუხის გაცემა საკმაო დროსაც მოითხოვს. სამაგიეროდ, არსებობს კოგნიტიური რეფლექსიის ისეთი ტესტიც, რომელიც მხოლოდ 3 კითხვას მოიცავს. ის იელის უნივერსიტეტის პროფესორმა, შეინ ფრედერიკმა, 2005 წელს შეიმუშავა.

შესაძლოა, მათემატიკური ხასიათის ეს კითხვები მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ მოტყუვდებით. მათი მიზანი თქვენი ინტუიციური და რაციონალური აზროვნების შეფასებაა. კერძოდ, იმის დადგენა, თუ რამდენად შეგიძლიათ ინტუიციით ნაკარნახევი არასწორი ვარაუდის უგულებელყოფა და საკითხის უფრო ღრმად, ანალიტიკურად, გააზრება. შესაბამისად, ეცადეთ, ყურადღებით იყოთ.

კითხვები

მაშ ასე, ტესტის სამი კითხვა ასეთია:

1. ბეისბოლის ჯოხი და ბურთი ერთად 1.10 დოლარი ღირს. ცალკე ჯოხი ბურთზე 1 დოლარით ძვირია. მაშ, რა ღირს ბურთი?

2. თუ 5 დანადგარს 5 მოწყობილობის დასამზადებლად 5 წუთი სჭირდება, რა დროში დაამზადებს 100 დანადგარი 100 მოწყობილობას?

3. ტბაში წყლის ლილიების ფოთლებით დაფარული არეალია, რომლის ზომაც ყოველდღიურად ორმაგდება. თუ კი 48 დღეა საჭირო იმისთვის, რომ მან მთლიანი ტბა დაფაროს, რამდენ ხანში დაფარავს ნახევარ ტბას?

ახლა კი დაიმახსოვრეთ ან ამოიწერეთ თქვენი პასუხები და ქვემოთ დაწერილ სწორ პასუხებს შეადარეთ.

ფოტო: Cognition Today

სწორი პასუხები

1. პირველ კითხვაზე თქვენი პასუხი 10 ცენტი იყო? თუ კი, ეს ინტუიციით იქნებოდა ნაკარნახევი. სინამდვილეში, ბურთის ღირებულება 5 ცენტია.

დავუბრუნდეთ ამოცანის პირობას. იქ გარკვევით წერია, რომ ჯოხი ბურთზე 1 დოლარით ძვირია და არა ის, რომ ჯოხი ზუსტად 1 დოლარი ღირს. შესაბამისად, გამოდის, რომ ჯოხის ღირებულება 1.05 დოლარია, ბურთისა კი — 5 ცენტი. ამ უკანასკნელის ფასი 10 ცენტი რომ ყოფილიყო, ორივე მათგანი ჯამში 1.20 დოლარი დაჯდებოდა.

(X + 1) + X = 1.10

2X + 1 = 1.10

2X = 1.10 - 1

2X = 0.10

X = 0.05

აღსანიშნავია, რომ თავად ფრედერიკის მიერ ჩატარებულ კვლევაში 3 428 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი, ვინც პირველ კითხვაზე პასუხად 10 ცენტი მიიღო, მან "ბევრად ნაკლებად მოთმინების უნარის მქონედ" დაახასიათა.

2. მეორე კითხვაზე ინტუიციით ნაკარნახევი პასუხი 100 იქნებოდა, მაგრამ ეს არასწორია. თუკი თითოეული დანადგარი 5 მოწყობილობას 5 წუთში ამზადებს, მათი რაოდენობის გაზრდის მიუხედავად ეს დრო მაინც იგივე დარჩება, ამიტომ სწორი პასუხი 5 წუთია.

5 × 5 = 25

25 ÷ 5 = 5

5 × 100 = 500

500 ÷ 100 = 5

3. თუ მესამე კითხვაზე პასუხად 24 დღე მიიღეთ, შეცდით, რადგან არეალის ზომასთან ერთად ინსტინქტურად დღეების რაოდენობაც გაანახევრეთ. თუკი ლილიებით დაფარული არეალის ზომა ყოველდღიურად ორმაგდება, ესე იგი 48 დღეზე მხოლოდ 1 დღით ადრე ის ნახევარ ტბას დაფარავდა, ანუ სწორი პასუხი 47 დღეა.

საქმე ექსპონენციურ ზრდასთან გვაქვს. მათემატიკური ფუნქცია შემდეგია: f(x)=2x, შესაბამისად პირველი დღე ასე გამოისახება 1×2=21=2, მეორე 2×2=22=4, მესამე 2×2×2=23=8 და ა.შ. ბოლო დღეს 248-ს მივიღებთ, რაც 281 474 976 720 656-ს უდრის.

თუ ეს დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ ფრედერიკის კვლევაში სამივე კითხვაზე სწორი პასუხი ჰარვარდის უნივერსიტეტში ადამიანთა მხოლოდ 20%-მა გასცა, პრინსტონის უნივერსიტეტში 26%-მა, ხოლო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში — 48%-მა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.