ნახეთ: NASA-ს ახალი ვიდეო ატმოსფეროში მოძრავ ნახშირორჟანგის ნაკადებს გვიჩვენებს
კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი დიდი ოდენობით ემისიებია, ანუ ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის შედეგად ჰაერში გაფრქვეული მავნე აირები. მათ შორისაა ნახშირორჟანგიც, რომლის ატმოსფეროში გადაადგილების ვიზუალიზაციაც NASA-ს ახალ ვიდეოშია ნაჩვენები.
მასში ვხედავთ, როგორ ზემოქმედებდა ჰაერის ცირკულაცია ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში CO2-ის მოძრაობაზე 2020 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში. მაღალი გარჩევადობის კადრები მიახლოებულია ემისიების სხვადასხვა წყაროზეც, რომლებიდანაც სათბურის აირები იფრქვევა. ასეთია, მაგალითად, ელექტროსადგურები და ტყის ის რეგიონები, რომლებშიც ხანძარი მძვინვარებდა.
მთავარი, რაც ვიდეოშია წარმოდგენილი, ისაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მომდინარეობს ემისიები, რადგან ეს დაბინძურებული ნაკადები მოძრავია და მთელს პლანეტას ედება.
ამის მიუხედავად, გლობალური მასშტაბით სხვაობა მაინც შეინიშნება. კერძოდ, აშშ-ში, სამხრეთ აზიასა და ჩინეთში ნახშირორჟანგის უმთავრესი წყარო ინდუსტრია, ტრანსპორტი და ელექტროსადგურებია. აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში სათბურის აირები მეტწილად ტყის ხანძრებისას, სამეურნეო მიწების ცეცხლით გასუფთავებისას და წიაღისეული საწვავის მოპოვებისას გამოიყოფა.
ვიდეოს მეორე ნაწილში ნაჩვენებია, როგორ "ციმციმებს" ემისიები. ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც წესი, ტყის ხანძრები დღისით უფრო მეტადაა გაჩაღებული, ღამით კი იკლებს. ასევე, მცენარეებშიც დღის სინათლეზე მიმდინარეობს ფოტოსინთეზი, რა დროსაც ნახშირორჟანგი შთაინთქმება და ჟანგბადი წარმოიქმნება.
ახალი ვიზუალიზაცია გოდარდის დედამიწაზე დაკვირვების სისტემას (GEOS) ეფუძნება, რომელიც მდიდარი მონაცემების წყალობით პლანეტის ატმოსფეროს, ოკეანეებისა და ხმელეთის მოდელირების საშუალებას იძლევა. ვიდეო სუპერკომპიუტერების დახმარებითაა შექმნილი და მას "ამინდის ანალიზის მაღალი გარჩევადობის მოდელი" ეწოდება.
კომენტარები