რომელია აქამდე აღმოჩენილი ყველაზე დიდი ეგზოპლანეტა?
მზის სისტემაში უდიდესი პლანეტა იუპიტერია, თუმცა ასტრონომებს ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს მიღმა უფრო გიგანტური ციური სხეულებიც აღმოუჩენიათ. წლების განმავლობაში ზომის რეკორდს სხვადასხვა ეგზოპლანეტა ამყარებდა, რადგან მათ შესახებ მეტს ვიგებდით და ახალ, უფრო მოზრდილ, ობიექტებსაც ვაფიქსირებდით.
მაინც რომელია ყველა დიდი ეგზოპლანეტა? ესაა კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა მარტივი არაა, რადგან რამდენიმე პოტენციური კანდიდატი არსებობს.
რა არის პლანეტა?
მსგავსი გაურკვევლობა თავად პლანეტის განმარტებას უკავშირდება, რომლის გამოც, მაგალითად, ზედმეტად მცირე ზომის პლუტონი ამ კატეგორიაში აღარ მოიაზრება. მეორე მხარეს მასის ზედა ზღვარია, რომლის მიღმაც ობიექტის შიგნით უკვე ბირთვული რეაქციები იწყება, რაც ვარსკვლავებს ახასიათებს.
შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო ციური სხეულები ამ ორ უკიდურეს წერტილს შორის უნდა იყოს მოქცეული, ვარსკვლავის გარშემო უნდა მოძრაობდეს, ჰიდროსტატიკური ეკვილიბრიუმისთვის ჰქონდეს მიღწეული, ანუ თითქმის სფერული იყოს, და თავის რეგიონში დინამიკის მხრივ დომინანტობდეს (ეს უკანასკნელი კრიტერიუმი უფრო მომცრო ობიექტებს ეხება).
მასის ზედა ზღვარს ბირთვული სინთეზის რეაქციების შესაძლებლობა განაპირობებს. გარდამავალ ობიექტებს, რომლებიც არც ვარსკვლავებია და არც პლანეტები, ყავისფერი ჯუჯები ეწოდება. მათ ბირთვში დეიტერიუმის სინთეზი მიმდინარეობს და არა წყალბადის, როგორც მნათობებში, ამიტომ მათ მიერ მზის მსგავსი სინათლე არ გამოიყოფა. შესაბამისად, ძნელია, ისინი ჩვეულებრივი ეგზოპლანეტებისგან გავმიჯნოთ.
ეგზოპლანეტების მასის ყველაზე მაღალი ნიშნული 13 იუპიტერის მასაა. მათ კატეგორიზებაში შედგენილობაც გარკვეულ როლს ასრულებს, კერძოდ წყალბადისა და უფრო მძიმე ელემენტების თანაფარდობა. ამ ტიპის ციურ სხეულებში არ ერთიანდება ე.წ. მოხეტიალე პლანეტებიც, რომლებიც საკმაოდ დიდი ზომისაა და გალაქტიკაში ეულად, ვარსკვლავის გარეშე, მოძრაობს.
უდიდესი ციური სხეულები
იქიდან გამომდინარე, რომ ეგზოპლანეტების ზუსტი მასისა და რადიუსის დადგენა რთულია, რამდენიმე ობიექტი ამ მახასიათებლებით ერთმანეთს ემთხვევა და ყავისფერი ჯუჯებისგან ბოლომდე ვერც იმიჯნება. ასეთია, მაგალითად, GQ Lupi b, რომლის რადიუსიც, სხვადასხვა გამოთვლით, იუპიტერისას 1.8-იდან ან 4.6-მდე აღემატება, ანუ კონკრეტული მაჩვენებელი, რომელზეც ყველა თანხმდება, ჯერჯერობით არ მოგვეპოვება.
ამის მიზეზი მისი 2000°C-იანი ტემპერატურაა. თუ ის პლანეტაა, ეს მხურვალება ახალგაზრდა ასაკით აიხსნება, სხვა შემთხვევაში კი სიღრმეში მიმდინარე ბირთვული პროცესებით. ამასთან, GQ Lupi b საკუთარი ვარსკვლავისგან იმდენადაა დაშორებული, რომ მათ გრავიტაციულ ურთიერთქმედებაზე დაკვირვების გზით მასის გამოთვლა ძნელდება.
ზომისა და მასის განსაზღვრის პრობლემა იჩენს თავს HD 100546 b-ის შემთხვევაშიც, რადგან ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული მაჩვენებლები არსებობს. ნაკლები შეუთანხმებლობაა PDS 70 b-ზე, რომლის რადიუსიც, ერთი ვარაუდით, იუპიტერისას 2.72-ჯერ აღემატება, მეორე მოსაზრებით კი — 1.3-ზე მეტჯერ. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ის მოცულობით ყველაზე დიდი ეგზოპლანეტა იყოს, თუკი პოტენციურ ყავისფერ ჯუჯებს გამოვრიცხავთ. რაც შეეხება მის მასას, ის იუპიტერზე 2-8-ჯერ მასიურია.
PDS 70 b-თან ძალიან მიახლოებული ზომა აქვს PDS 70b-საც, თუმცა შესაძლებელია, რომ ის ყავისფერი ჯუჯა იყოს. სამაგიეროდ, ეს ეჭვები გაქარწყლებულია HAT-P-67 b-ის შემთხვევაში, რომელიც, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ობიექტისგან განსხვავებით, ჩვენი პერსპექტივიდან საკუთარი ვარსკვლავის დისკოს წინ გადაადგილდება. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ მისი ზომა შედარებით ზუსტად გამოეთვალათ და შედეგად 2.085 იუპიტერის რადიუსი მიიღეს.
ამ სიდიდის მიუხედავად, ის ყველაზე მასიური არაა, რადგან ამ მახასიათებლით სატურნს უფრო ჰგავს, ვიდრე იუპიტერს. შესაბამისად, დაბალი სიმკვრივე აქვს. საინტერესოა, რომ ჩვენთვის კიდევ რამდენიმე ეგზოპლანეტაა ცნობილი, რომელთა სავარაუდო რადიუსიც HAT-P-67 b-ის მსგავსია, მაგრამ მათში უზუსტობა მეტია. საბოლოოდ, ეს ეგზოპლანეტა უპირატესობას ინარჩუნებს, სანამ კონკურენტების შესახებ მეტს არ გავიგებთ.
კომენტარები