21 ივლისი მსოფლიოში ყველაზე ცხელი დღე იყო, რომელიც აქამდე დაფიქსირებულა
ევროკავშირის კლიმატის ცვლილების კვლევის სამსახურის (C3S) პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 ივლისი მსოფლიოში ყველაზე ცხელი დღე იყო.
ზედაპირული ჰაერის გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ამ დღეს 17.09°C-ს მიაღწია, ასეთი ნიშნული კი პირველად დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც 1940-იანი წლებიდან მონაცემების შეგროვება დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეკორდი წინა უმაღლეს მაჩვენებელს — 2023 წლის 6 ივლისის 17.08°C-ს — 0.01°C-ით აღემატება.
"21 ივლისს C3S-მა დღიური გლობალური ტემპერატურის ახალი რეკორდი დააფიქსირა. კლიმატური დათბობის გამო ახლა ნამდვილად უცნობ ტერიტორიაზე ვართ და მომდევნო თვეებსა თუ წლებში ახალ რეკორდებს უნდა ველოდოთ", — აცხადებს C3S-ის დირექტორი, კარლო ბუტემპო.
მართალია, ეს გასული წლის რეკორდულ ნიშნულს მხოლოდ მცირედით აჭარბებს, თუმცა ამას წინ 13 თვის განმავლობაში გლობალური ტემპერატურის უპრეცედენტო მატება უძღოდა. საქმე ისაა, რომ 2023 წლის ივლისის შემდეგ ყოველი მომდევნო თვე სხვა წლების იმავე თვეებთან შედარებით უფრო ცხელი იყო, ამიტომ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულის პერიოდში 21 ივლისის უმაღლესი ტემპერატურული მაჩვენებელი გასაკვირი არაა.
კლიმატის ცვლილება ექსტრემალურ ამინდთან დაკავშირებულ უფრო ხანგრძლივ, ძლიერ და ხშირ მოვლენებს იწვევს, როგორიც თბური ტალღებია. ისინი ჩრდილოეთ ამერიკას, მექსიკას, ინდოეთსა და ტაილანდს წელს უკვე დაატყდა თავს, ხოლო აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩინეთსა და ბრაზილიაში დატბორვებმა იმატა. ამავდროულად, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცხე ტყის ხანძრებს იწვევს.
ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ატმოსფეროში სათბურის აირების დიდი რაოდენობით დაგროვებაა, რაც ადამიანის სამრეწველო საქმიანობას უკავშირდება. მსოფლიო ენერგიის სუფთა წყაროებზე გადასვლას ცდილობს, მაგრამ ემისიები სათანადოდ მაინც ვერ მცირდება. შედეგად, გლობალური დათბობა მწვავდება და შესაძლებელია, 2024 წელი ყველაზე ცხელიც აღმოჩნდეს.
კომენტარები