კაცების სიმელოტის პოტენციური წამალი ჩვენსავე სხეულშია — ახალი აღმოჩენა
ანდროგენეტიკური ალოპეცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით კაცების დაახლოებით 50%-ს აღენიშნება. ის თავის ზედა ან წინა ნაწილის გამელოტებით გამოიხატება, მაგრამ თმის ასეთი ცვენის პოტენციური სამკურნალო წამალი ჩვენსავე ორგანიზმშია.
ესაა დეზოქსირიბოზას ტიპის შაქარი 2dDR, რომლის სამკურნალო თვისებაც შეფილდის უნივერსიტეტსა და პაკისტანის COMSATS-ის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გამოავლინეს. ის ცხოველებსა და ადამიანებში მრავალ ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს და ახალი კვლევით დადგინდა, რომ თაგვებში ბეწვის ხელახლა ამოსვლის სტიმულირება შეუძლია.
სპეციალისტები ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ შაქარს ჭრილობების შეხორცების პოტენციალის კუთხით იკვლევდნენ, რასაც ის ახალი სისხლძარღვების ფორმირების ხელშეწყობის გზით ახერხებს. გუნდმა შენიშნა, რომ ნაიარევების მიმდებარედ ბეწვი ჩვეულებრივზე სწრაფად იზრდებოდა. ამ საკითხის შესასწავლად მათ მღრღნელებში ტესტოსტერონთან დაკავშირებული თმის ცვენის ექსპერიმენტირება გადაწყვიტეს, რომელიც კაცებში გავრცელებულ ანდროგენეტიკურ ალოპეციას ჰგავს.
მეცნიერებმა ზემოხსენებული პრობლემის მქონე თაგვებს ზურგიდან ბეწვი მოაშორეს, შემდეგ კი იქ დეზოქსირიბოზას ბაზაზე შექმნილ გელს ყოველდღიურად უსვამდნენ. რამდენიმე კვირაში სხეულის ამ ნაწილში სქელი და გრძელი ბეწვის აქტიურად გაზრდა დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ დეზოქსირიბოზა ისეთივე ეფექტიანია, როგორც მინოქსიდილი, რომელიც ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალოდ გამოიყენება. თუმცა, მისგან განსხვავებით, ეს შაქარი ორგანიზმში ბუნებრივად ისედაც გვხვდება. უნდა ითქვას, რომ ორივე მათგანმა თაგვებში ბეწვის 80-90%-ის ხელახლა გაზრდას შეუწყო ხელი, გელების გაერთიანებასას კი დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ანდროგენეტიკური ალოპეციისთვის FDA-ს მიერ ლიცენზირებული მხოლოდ ორი პრეპარატი არსებობს. შესაბამისად ახალი, თანაც ბუნებრივი, საშუალების აღმოჩენა მნიშვნელოვანია. დეზოქსირიბოზას ფოლიკულებისთვის სისხლის მიწოდების გაძლიერებით თმის ზრდის პროვოცირება შეუძლია, ამიტომ იმედის მომცემია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Pharmacology გამოქვეყნდა.
კომენტარები