უზარმაზარი ხვლიკები რკინის კბილებით — გაიცანით კომოდოს ვარანი
კომოდოს ვარანი (Varanus komodoensis) დედამიწაზე ამჟამად არსებული ყველაზე დიდი ხვლიკების სახეობაა, რომელიც ინდონეზიის რამდენიმე კუნძულზეა გავრცელებული. შეგვიძლია, ეს არსებები ტირანოზავრების თანამედროვე ანალოგად მივიჩნიოთ, თუმცა გენეტიკურად მათგან განსხვავდებიან.
ისინი ძლიერი მტაცებლები არიან, რაშიც სხეულის აღნაგობა და სხვა მახასიათებლებიც უწყობთ ხელს. მაგალითად, კომოდოს ვარანების ხერხისებრი კბილების წვეტები და გვერდები, არც მეტი, არც ნაკლები, რკინას შეიცავს. ამით კარგად იხსნება, თუ როგორ ახერხებენ ისინი მსხვერპლის შუაზე გაგლეჯას იმის მიუხედავად, რომ კბილის ემალი ძუძუმწოვრებზე თხელი აქვთ.
საინტერესოა, რომ მეტალი სხვა ორგანიზმების კბილებშიც გვხვდება, მაგალითად ჯავშნიანებში, რომლებიც მას ქვებიდან წყალმცენარეებისა და ბაქტერიების შესაგროვებლად იყენებენ. რკინა რეპტილიების კბილებშიც გავრცელებულია, მაგრამ მცირე ოდენობით. კომოდოს ვარანებში ის კბილის საფარველის ყველაზე გამოსადეგ არეალებშია თავმოყრილი, მას ბასრს ხდის, მონარინჯისფრო შეფერილობას აძლევს და იშვიათი ადაპტაციის სახითაა წარმოდგენილი.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ტექნოლოგიით ვერ დგინდება, იყო თუ არა დიდი ოდენობით რკინა მტაცებელი დინოზავრების კბილებშიც. მისი ქიმიური კვალის შენახვას, სავარაუდოდ, განამარხების პროცესმა შეუშალა ხელი. სამაგიეროდ გაირკვა, რომ ტირანოზავრების მსგავს ხორცისმჭამელ დინოზავრებში კბილების სიბასრის შესანარჩუნებლად თავად მინანქრის სტრუქტურა შეიცვალა. არ გამორიცხავენ, რომ დამატებითი კვლევებით განამარხებას გადარჩენილი რკინის საფარიც აღმოაჩინონ.
მცდარი ინფორმაციაა, რომ კომოდოს ვარანების პირის ღრუში მომაკვდინებელი ბაქტერიაა, რომელიც მსხვერპლში სეფსისის განვითარებას იწვევს. ამის მიუხედავად, მათ მრავალი უპირატესობა აქვთ, როგორიცაა სისწრაფე, ზომა, ბასრი კბილები, ქერცლის ქვეშ არსებული ძვლოვანი ჯავშანი, შხამი და ა.შ.
კომოდოს ვარანები ძალიან მცირე არეალში გვხვდებიან, ამიტომ პოტენციური საკვების სიმწირეს განიცდიან. ამ მიზეზების გამო, ეს სახეობა გადაშენების ზღვარზეა.
მათ შესახებ ნაშრომი გამოცემაში Nature Ecology and Evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები